ლადო ბედუკაძე მუშაობას სასჯელაღსრულების სამინისტროში იწყებს?

ლადო ბედუკაძე მუშაობას სასჯელაღსრულების სამინისტროში იწყებს?

"ვერსიის" კონფიდენციალური წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, "ციხეების კადრების" ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე, შესაძლოა, სასჯელაღსრულების სამინისტროში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნოს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, ბედუკაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" რიტორიკული შეკითხვა "დაასტატუსა": "როგორ ფიქრობთ, პოლიტიკა უფრო ბინძურია თუ ციხე?"

"ფრენდებმა" ბედუკაძეს, რომელიც სასამართლომ 2-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რამდენიმე რჩევა მისცეს: "არ მიჰქარო, პოლიტიკა ციხეზე უარესი ბინძური "პონტია", "ოცნების" გენდირექტორად კი შენ არავინ დაგნიშნავს"; "ციხე ჯოჯოხეთია, პოლიტიკა კი, ბინძური"...

რეალურია თუ არა "ვერსიის" წყაროს ინფორმაცია? - ვიდრე ამას გავარკვევთ, შეგახსენებთ, რომ ბედუკაძემ პოლიტიკაში ჩართვის არაპირდაპირი სურვილი ბრიუსელიდან საქართველოში დაბრუნებისთანავე გამოთქვა და ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა:

"საქართველოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ყველა დაგვარწმუნა, რომ ამქვეყნად მოულოდნელი და განსაცვიფრებელი არაფერია. რამდენადაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ მაქვს და მარწმუნებენ, რომ პოლიტიკა ციხეზე ბინძურია, ვცდილობ, შევხვდე პარტიის ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, თავისუფალ, საღად და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს, გავესაუბრო მათ და თუ ჩემი მოსაზრებები მათსას დაემთხვა, ნურაფერს გაიკვირვებთ".

რომელი პარტიის ლიდერებს ხვდება და რატომ სტუმრობს ხოლმე ბედუკაძე "გლდანის ციხეს"? - ამის გასარკვევად "ვერსია" "ციხეების კადრების" ავტორს დაუკავშირდა.

"პოლიტიკური პარტიის ლიდერებს ნამდვილად ვხვდები, თუმცა არასოდეს მითქვამს, რომ ისინი "ოცნების" წარმომადგენლები არიან. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ ეს ლიდერები სააკაშვილი და მერაბიშვილი არ არიან და არც იქნებიან. მათ, შეიძლება, ციხეში შევხვდე... იმედი მაქვს, 22 თებერვალს ჩემ წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოძიება დასრულდება და ამის შემდეგ ჩემს მომავალ გეგმებზე საუბარს უფრო თამამად შევძლებ", - განაცხადა ბედუკაძემ.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას, ამ თემაზე დასმულ შეკითხვას ბედუკაძემ ღიმილით უპასუხა:

"საინტერესოა, ვინ ავრცელებს მსგავს ჭორებს? საერთოდ, თავისუფალი ადამიანი ვარ და იმას გავაკეთებ, რასაც ამ ეტაპზე საჭიროდ ჩავთვლი და რაც მთავარია, ქვეყანას წაადგება. პოლიტიკა, სასჯელაღსრულება... აქვს ამას მნიშვნელობა?!"

"ვერსიის" კონფიდენციალური წყაროს ცნობით, "გლდანის ციხეში" ბედუკაძის ვიზიტებს ერთადერთი მიზანი აქვს - ციხის სკანდალური კადრების კიდევ ერთ ავტორზე, პატიმარ ფარულავაზე ზეწოლა.

რატომ ცდილობს ბედუკაძე ფარულავაზე ზეწოლას? - წყაროს ვერსიით, გარკვეული ძალები ფარულავაზე ბედუკაძის საშუალებით ზეწოლას იმ მიზნით ანხორციელებენ, რომ ამ უკანასკნელმა თქვას, "ციხის კადრებში" "ოცნებამ" ირმა ინაშვილს ფული გადაუხადაო...

"მაინტერესებს დღეს რა სტატუსით უნდა შევიდე გლდანის ციხეში? აბსურდი და სრული სისულელეა, თითქოს ბორის ფარულავაზე ზეწოლას ვახორციელებ. იქნებ, ვინმემ გამაგებინოს, ეს როგორ უნდა მოვახერხო?", - ამბობს ბედუკაძე.

იმის გასარკვევად, მართლა იწყებს თუ არა "ციხის ვიდეოების" ავტორი სოზარ სუბარის უწყებაში მუშაობას, "ვერსია" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი კორძაიასაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა:

"ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ, რადგან კვირაა (მასალა 11 თებერვალს მომზადდა - რ.შ.) და ვერავის ვკითხავ".

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ