პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი პრესკონფერენცია დებატებში გადაიზარდა

პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი პრესკონფერენცია დებატებში გადაიზარდა

პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები დებატებში გადაიზარდა . პირველად მიხეილ სააკაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის მცირე შეკამათება მას შემდეგ მოხდა, რაც მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პირველ პირს მიუთითა, რომ ეს მათი დღევანდელი პრესკონფერენციის თემა არ იყო.

"დღეს მოვისმინე განმარტება, რომ თურმე სახელმწიფო დაცვის სამსახურს უნდა განეხორციელებინა ქუჩაში წესრიგის დაცვა. მსოფლიოს ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სამსახური ქუჩაში ამყარებს წესრიგს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა, მას პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვა შეაწყვეტინა და შემდეგი შეკითხვით მიმართა: "ბატონო პრეზიდენტო, ამისთვის შევიკრიბეთ აქ?!". უსუფაშვილის აღნიშნული რეპლიკის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილმა მას ბოდიში მოუხადა.

რაც შეეხება კიდევ ერთ შეკამათებას, დავით უსუფაშვილმა მიხეილ სააკაშვილს საუბრიდან "გადახვევის" შესახებ ამჯერად მას შემდეგ მიუთითა, რაც ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხებოდა, პრეზიდენტმა უმცირესობის წევრი დეპუტატებისთვის ხელების გადაგრეხვის პოლიტიკაზე დაიწყო საუბარი.

"მიდის დეპუტატებისთვის პირდაპირ ხელების გადაგრეხვა. მაგალითად, ავიღოთ ფოთის ყოფილი მერი, დეპუტატი ლემონჯავა. ახლად დანიშნულმა პროკურორმა მის წინააღმდეგ საქმე აღძრა იმიტომ, რომ 3 წლის წინ ვიღაცისთვის "გარაჟი" დაუნგრევია. რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ?!", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ჟურნალისტის შეკითხვისთვის გაეცა პასუხი.

მიხეილ სააკაშვილმა უსუფაშვილის რეპლიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის ფაქტების კონსტატაციას ახდენდა და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას მთავრობა უმცირესობის მიმართ ნამდვილად ახორციელებდა. აღნიშნულის შემდეგ დავით უსუფაშვილმა ქვეყნის პირველ პირს მიმართა, რომ ასეთი საუბრით მათი განცხადებები ტელედებატების ფორმას იღებს. "თუ გნებავთ, ტელედებატებშიც ვართ, დღისით-მზისით ხდება დეპუტატების ხელების გადაგრეხვა", - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

"დახურულ კარს მიღმა ნაკლებს ვკამათობთ" - სააკაშვილის და უსუფაშვილის კოჰაბიტაციური დებატები

"ბატონო მიხეილ, ამისთვის შევიკრიბეთ აქ?" - რატომ შეაწყვეტინა პრეზიდენტს საუბარი უსუფაშვილმა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა