მწვავე რესპირატორული ინფექციების ეპიდემიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში, ვაქცინაცია რისკ-ჯგუფებისთვის უფასო იქნება.
აღნიშნული განცხადება დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, წინა წლებთან შედარებით, მწვავე რესპირატორული ინფექციების მაღალი მაჩვენებელი არ არის; თუმცა სამწუხაროდ, წელს სამი ადამიანი გარდაიცვალა გრიპის გართულებული ფორმით.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, სახელმწიფო არ აფინანსებს მწვავე რესპირატორული ინფექციის პრევენციისთვის ვაქცინაციას. მისივე თქმით, თუკი მწვავე რესპირატორული ინფექციის უპიდემიოლოგიური საშიშროება შეიქმნება, შესაბამისად სახელმწიფო უზრუნველყოფს რისკ-ჯგუფების (ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და ორსულები) უფასო ვაქცინაციას.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაცია ძვირი არ ჯდება და თუკი მოქალაქე მოინდომებს აღნიშნული აცრის ჩატარებას, სასურველია ეს მოახდინოს შემოდგომის სეზონის დაწყებისთანავე, რათა როდესაც იზრდება მწვავე რესპირატორული დაავადების (გრიპი) მაჩვენებლების მატება, მოქალაქე დაცული იყოს ვირუსის გართულებისგან.