გიგლა ბარამიძე: "იმ მერისა რა ვთქვი, თანამოქალაქეებს თავს რომ გაალახვინებს"

გიგლა ბარამიძე: "იმ მერისა რა ვთქვი, თანამოქალაქეებს თავს რომ გაალახვინებს"

პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში გიგლა ბარამიძე 9-წლიანი იძულებითი განშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ვიდრე გვიამბობდეს, სად და როგორ გაატარა ეს პერიოდი, მანამდე მის მოკლე ბიოგრაფიას გაგაცნობთ: დაიბადა აკადემიკოსების ოჯახში. არის ფილოლოგი-აღმოსავლეთმცოდნე, არმენოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იყო უნივერსიტეტის ასპირანტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში. დევნილობის პერიოდშიც კი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს და ატარებდა სემინარებს ადრეულ და შუა საუკუნეების აღმოსავლურ ქრისტიანულ კულტურაზე. იყო აღმოსავლურ საკითხებში პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი, დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში კი - პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში. 1995 წელს სწორედ მან გახსნა სომხეთის საელჩო საქართველოში. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის სექტემბერში, ქვეყანა იძულებით დატოვა.

- სააკაშვილის გუნდს ეროვნული პოზიციებიდან გამომდინარე არასოდეს უფიქრია. ყოველთვის დაინტერესებული იყვნენ, სამხრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები სათავისოდ გამოეყენებინათ. სამცხე-ჯავახეთში ჩემი 7-წლიანი რწმუნებულობის პერიოდში, სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარებაში სააკაშვილის გუნდი გვიშლიდა ხელს. იქ მართლაც დასამყარებელი იყო წესრიგი, რადგან მოქმედებდნენ პატარ-პატარა ბანდფორმირებები, რომლებიც თბილისიდანაც კი არავის უშვებდნენ გაუჩხრეკავად. როდესაც წესრიგის დამყარება დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ეს კრიმინალური ელემენტები პოლიტიკურ ლოზუნგებს იყვნენ ამოფარებული და პირდაპირ კავშირი ჰქონდათ "მოქალაქეთა კავშირის" გარკვეულ ფრთასთან, შემდეგ კი - ნაცმოძრაობის ლიდერებთან. როგორც კი მათ დავუპირისპირდი, კლანჭები გამოაჩინეს. ნაციონალებს არ მოსწონდათ ამ რეგიონში ქართველი მესაზღვრეების ყოფნა, აგრეთვე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ამ ძალების წარმომადგენლები სააკაშვილის მეგობრები იყვნენ. ეს ადამიანები ახლაც ნაცმოძრაობის რიგებში ირიცხებიან - არაქელიანიდან დაწყებული, პოღოსიანით დამთავრებული. ძალიან მალე შევახსენებ სააკაშვილს თანაგუნდელების სახელებსა და გვარებს, რომლებიც ავტომატგადაკიდებული დარბოდნენ სამცხე-ჯავახეთის ტყეებში. ამ ყველაფრის განეიტრალება ჩვენ მოგვიხდა. ამიტომაც არ მოსწონდათ ახალციხეში თამარის ძეგლის, გრიგოლ ხანძთელის თუ შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმა, მართლმადიდებლობის მხარდაჭერა... თუმცა იმხანად ნაცმოძრაობამ ამ მხარეში დასაყრდენი ვერ პოვა. იმიტომაც დამიპირისპირდნენ, რადგან სურდათ, საქართველოში ჩამოეყალიბებინათ ახალი, უეროვნებო ადამიანების ტიპი, ბრძანებები უსიტყვოდ რომ შეესრულებინათ. ვინც არ ნებდებოდა, მათი მტერი ხდებოდა. სწორედ ამის გამო დამეტაკნენ, თორემ არასდროს მქონია არც ფული და არც ბიზნესი. 2004 წელს გამიხსენეს 2000 წელს მეგობართან შელაპარაკება და ამის გამო მოისურვეს ჩემი გასამართლება. სურდათ, ჩემი ციხეში ჩაგდება, საიდანაც ცოცხალს არ გამომიშვებდნენ. არადა, ეგენი რომ სწავლობდნენ ორგანიზაციულ-ოპერატიულ მუშაობას, მე უკვე დავიწყებული მქონდა და ამათ ცხვარივით ვერ ჩავბარდებოდი. გარდა ამისა, მამაჩემი, აკადემიკოსი რევაზ ბარამიძე, საქართველოში პირველი იყო, ვინც კრიტიკული წერილებით დაუპირისპირდა სოროსის განათლების რეფორმას, ამბობდა, რომ ეს რეფორმა საქართველოში განათლებას და მეცნიერებას დაღუპავდა და ასეც მოხდა...

2004 წლის 27 სექტემბერს, როცა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სააკაშვილის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული მეგობრები მოვინახულე და შინ ცუდ გუნებაზე დავბრუნდი, ამერიკიდან დამირეკა მეგობარმა, და მითხრა, 20 წუთი გაქვს დრო, "სპეცნაზი" მოდის შენს ასაყვანადო. დიდად არ გამკვირვებია, შემჩნეული მქონდა, მანქანებით რომ დამყვებოდნენ, მაგრამ მაინც შოკი მივიღე. სამოსი გამოვიცვალე, აივნიდან გადავძვერი და მამიდასთან მივედი, 2 დღის შემდეგ კი საქართველო დავტოვე. შინიდან გასვლისთანავე ჩემს ბინაში "სპეცნაზი" შევარდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კამერებით, გადაჩხრიკეს იქაურობა და, რა თქმა უნდა, ვერაფერი ნახეს, გარდა იარაღის კოლექციისა, რომელიც კანონიერად მქონდა შეძენილი. 2004 წლის ბოლოს კი გაქურდეს ჩემი სახლი და ყველაფერი გაიტანეს. მერაბიშვილის ნაქებმა პოლიციამ ეს საქმე რატომ არ გამოიძია? იმიტომ, რომ მოეწონათ ჩემი იარაღის კოლექცია და თვითონვე წაიღეს. ჩემი წასვლიდან ერთი თვის თავზე დადგეს სპექტაკლი, ვითომ იმ დღეს მომადგნენ პირველად ტელეკამერებით და შინ არ დავხვდი. მე კი ამ სპექტაკლს სხვა ქვეყანაში ვუყურე. ვერ წარმოიდგინეს, რომ ასე მალე დავტოვებდი საქართველოს და მერე გამოაცხადეს ძებნა... მოკლედ, თვალის ახვევის მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში გადავდიოდი, მქონდა რთული დღეები, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს ეჩვევი და ხდები მგელი, გადაულახავი პრობლემა აღარ არსებობს. იმხანად არაერთ პოლიტიკოსს შევხვდი, სატელეფონო კონტაქტი მქონდა ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილთანაც. მახსოვს, როგორი გულნატკენი იყო ერთ ადამიანზე, რომელმაც უღალატა...

- ვის გულისხმობთ?

- რა მიხვედრა უნდა? ლაპარაკია წარსულში ჟურნალისტზე, ახლა რომ პოლიტიკოსობს... მითხრა, ბევრმა მიღალატა, მაგრამ მხოლოდ მასზე მწყდება გული, რადგან ლახვარი ჩამცაო...

პარიზსა და ბერლინში ჩამოვაყალიბეთ ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო კავშირი. ევროპელებს ვუამბობდით, რა ხდებოდა საქართველოში. ამ პერიოდში მომიხდა შეხვედრა ემზარ კვიციანსა და ლევან მამალაძესთან. მამალაძე ძლივს ვიცანი, სათვალით, გრძელი თმით, ბაკენბარდებითა და ბულანჟეთი გამომეცხადა (იღიმის). მას 2008 წელს ჩეხეთში შევხვდი. იმედია, ამ ადამიანების დევნილობის საკითხს დადებითად გადაწყვეტენ, რადგან ნაცმოძრაობამ მათ ვერაფერი დაუმტკიცა და მხოლოდ ბინძური პიარი აუგორა. კვიციანი ჩამოვა საქართველოში და დაწვრილებით მოჰყვება, როგორ გაიყიდა კოდორი თავის იარაღიანად. სააკაშვილს კოდორივით სურდა სამცხე-ჯავახეთის გაყიდვა, მაგრამ არ გამოუვიდა. აღმაშფოთებელია მის მიერ დამკვიდრებული ტერმინი - "ჯავახური სეპარატიზმი". 9 წლის განმავლობაში რომ დარბოდა და ქეიფობდა ჯავახეთში, მაშინ არ იყო სეპარატიზმი?! ჯავახეთში სეპარატიზმი კი არ არის, სააკაშვილის სამეგობრო ბოგინობს, რომლებიც პოლიტიკურ მოტივებს თავიანთი ბიზნესინტერესებისთვის იყენებენ. იქ რა ხდება, ჩემზე უკეთ არავინ იცის. სააკაშვილს ჯავახეთში სიტუაციის აწეწვა სურს, მერე რომ თქვას, ჩემს დროს სიწყნარე იყო და რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, სიტუაცია აირიაო. ამიტომაც აიჩემა გაჭირვებული ჩახალიანი და გმირი გახადა. ჩახალიანი ვინც არის, ზეპირად ვიცი და ტყუილად ნუ აწმენდს ხელს. სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები უნდა დასპირტონ და ზოომუზეუმში დადონ, ექსკურსიაზე მიყვანილ ბავშვებს რომ აჩვენონ, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი! სააკაშვილი თეა წულუკიანის წინაშე უნდა დაემხოს და სთხოვოს, იზოლირებული საკანი გამოუყოს. გორის კადრებიდან თუ ვიმსჯელებთ, სააკაშვილს დამხობა და ჩამხობა არ უჭირს, მაგრამ ისეთი კურდღელია, დილეგში შესული არ იქნება, დაჯდება, ყველაფერს დაწერს და ბევრს ჩაითრევს. ამიტომაც არ აძლევს ხელს ზოგიერთ ევროპელ ლიდერს სააკაშვილის დაპატიმრება, რადგან იციან, რომ მაშინვე ალაპარაკდება "ატკატებზე", მრავალკარატიან ბრილიანტებზე, რომლებითაც მათ ცოლებს ასაჩუქრებდა. ცდილობს სააკაშვილი, თავი კანონზე მაღლა დააყენოს, მაგრამ ავიწყდება, რომ ამგვარი საქციელის გამო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ლიდერს პასუხი მოეთხოვათ და ვერც ის გადაურჩება პასუხისგებას. არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში მძიმე მუხლი, სააკაშვილის ქმედებას რომ არ მიესადაგოს. რატომ დახოცა ამდენი ხალხი, რატომ დაბომბა, რატომ მოიტაცა, რატომ გააუპატიურა?..

- საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარს როგორ შეაფასებთ?

- ეს პროვოკაცია იყო. პოლიტიკური ბანდის მიერ დაქირავებული პროვოკატორი უგულავა ათახთახებული რომ მივიდა გამწარებულ და გაუბედურებულ ხალხთან, რა ეგონა? იმ მერისა რა ვთქვი, თავის მოქალაქეებს თავს რომ გაალახვინებს და გაათათხვინებს. ან რა უფლება აქვს უგულავას, მერი იყოს? ნაცმოძრაობის პირველი პირები პროკურატურამ უნდა დაიბაროს და დაუსვას კითხვები. ოღონდ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს სასამართლოს რეფორმა. სააკაშვილს სურდა ქართველი ხალის ბრბოდ გადაქცევა, ივანიშვილი კი მოქმედებს ხალხის მოსაზრებების გათვალისწინებით და ამას ხელშეწყობა სჭირდება. შევახსენებ ჩვენს მეგობარ ელჩებს: ახლა რომ ლაპარაკობენ ბევრს, რაღაც არ მახსოვს, ხმა ამოეღოთ, როცა უამრავი ბიჭი ჩახოცეს. ან სად იყვნენ მაშინ, 26 მაისს სისხლის გუბეები რომ დააყენა ამ მუცლით მეზღაპრემ? რა, იმ დროს დემოკრატიის პრინციპები არ ირღვეოდა?!

- ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის გახსნის ინიციატორი თქვენ ბრძანდებით...

- ეს იყო ჩემი დიდი ხნის ოცნება, რომელიც 1991 წელს ავიხდინე. ეს არის თამარის პირველი ძეგლი, თეთრი, სპეტაკი, რომელიც ეკლარის ქვისგან გამოთალეს ახალგაზრდა არქიტექტორებმა და მოქანდაკეებმა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ერთადერთი ძეგლია, რომელზეც ერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან. ეს მამულიშვილური საქმე მხოლოდ შემოწირულობებით გაკეთდა. ვიდრე სააკაშვილი ბათუმში კვერცხებზე ფოსტლებს დადებდა, ჩვენ სამცხე-ჯავახეთში გრიგოლ ხანძთელის ძეგლი და შოთა რუსთაველის ბიუსტი დავდგით.

- რას აპირებთ სამომავლოდ?

- სამშობლოსთან 9-წლიანი განშორების შემდეგ ცოტა გონს უნდა მოვიდე, მერე კი ვნახოთ...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა