დავით სერგეენკო - H1N1 ტიპის ვირუსის პანდემიის საფრთხე არ არსებობს

დავით სერგეენკო - H1N1 ტიპის ვირუსის პანდემიის საფრთხე არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სისტემატურად ავრცელებდა ინფორმაციას ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღევანდელ ბრიფინგზე "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, "ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, პრესაში ინფორმაციის გავრცელებამდე რატომ არ გაკეთდა ოფიციალური განცხადება H1N1-ის ვირუსის შემთხვევების შესახებ, რომელთაგან სამი ლეტალური შედეგით დასრულდა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სისტემატიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შემოდგომის, ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში შესაძლებელია მწვავე რესპირატორული ვირუსების გავრცელება და გაციების შემთხვევაში, ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესება.

სერგეენკომ ისიც აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მოსახლეობის გაფრთხილების ხუთი დონე გააჩნია და შესაბამისად, არსებობს რეგულაციები - როგორ უნდა მოხდეს კონკრეტულ შემთხვევებში პანდემიების ლიკვიდაცია, თუ პრევენციული ღონისძიებების გატარება.

მისივე თქმით, საქართველოში H1N1 ტიპის ვირუსის პანდემიის საშიშროება არ არის. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით H1N1 და მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელების მაჩვენებლები არ გაზრდილა. სერგეენკოს ცნობით, შარშან 53 პაციენტი გარდაიცვალა მწვავე რესპირატორული ვირუსის შედეგად, ხოლო წელს - 3.

"მე ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. ეს დიდი ტრაგედიაა, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, თუ გაიზრდება ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა, შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განმარტებით, მოქალაქეებმა სისტემატიურად უნდა დაიბანონ ხელი და სველი თმებით ქუჩაში არ გავიდნენ.

ჟურნალისტებმა მინისტრს კომენტარი მისი წინამორბედის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვის შესახებაც სთხოვეს. დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ თუ ჩნდება კითხვები, ამ კითხვებზე შესაბამისმა უწყებებმა პასუხიც უნდა მიიღოს.

"დაკითხვაში დრამატიზმს ვერ ვხედავ და როცა ჩნდება კითხვები, მათ უნდა გაეცეს პასუხი. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის დამნაშავე და აუცილებლად არსებობს კორუფცია. მეც 2012 წელს არაერთხელ მოვხვდი დაკითხვაზე და საათობით მიწევდა შესაბამის უწყებებში ყოფნა, თუმცა მე ეს ტრაგიკულად არ აღმიქვია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"