ირმა ინაშვილი ლადო ბედუკაძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ირმა ინაშვილი ლადო ბედუკაძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოების მხრიდან ჟურნალისტ ირმა ინაშვილის მისამართით ინტერესი გაორმაგდა. დაპირისპირება მასა და ლადო ბედუკაძეს შორის მედიაომში გადაიზარდა, თუმცა, ირმას თქმით, მალე ყველაფერი სასამართლომდე მივა და ამ დავას წერტილი საბოლოოდ დაესმება. ჟურნალისტთან საუბარი მიმდინარე მოვლენებით დავიწყეთ, თუმცა ვერ ავცდით პატიმრების წამების თემას, რომელიც ამნისტიის შემდგომ თავიდან გახდა აქტუალური, რადგან ციხიდან გამოსული პატიმრები წამების ახალ მეთოდებსა და ფაქტებზე ალაპარაკდნენ...

- ირმა, ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. რა შეიცვალა მედიაში ამ ხნის განმავლობაში?

- ფაქტია, რომ ძველი რეჟიმის მიერ კონტროლირებადი მედია ახლა სხვა ფორმით მუშაობს, ცდილობენ ბალანსი დაიჭირონ, მაგრამ მაინც შეიმჩნევა პროპაგანდისტული ელემენტები წინა ხელისუფლების დასაცავად. ჩვენი ტელევიზიის მაგალითზე ამ ცვლილებებს ვერ ვგრძნობ. როგორც ექვსი თვის წინ ვმუშაობდით, ახლაც ისე ვმუშაობთ. იყო წნეხი, მაგრამ ამას ვუძლებდით. წნეხი დღესაც არის, ახალ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ, მაგრამ არიან შავი პიარით დაკავებული ჯგუფები, რომლებიც "ობიექტივს" და მე მერჩიან. ამ ჯგუფების მხრიდან იმხელა წნეხი იგრძნობოდა სამი თვის განმავლობაში, რომ იძულებული გავხდი, ღია წერილი დამეწერა და საზოგადოებისთვის მეთქვა, რომ უმძიმესი ვითარებაა. როგორც ძველ ხელისუფლებაში, ახალშიც ყოფილან ასეთი ჯგუფები, რაზეც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ჩემთან ინტერვიუშიც განაცხადა. რა თქმა უნდა, ჩემთან და კონკრეტულად "ობიექტივთან" მიმართებით სწორედ ეს ორი ჯგუფი მონაწილეობდა. ამ კუთხით წნეხი არ მოხსნილა. გამაოგნებელია, როდესაც იგებ, რომ "ქართული ოცნების" შიგნითაც ხდება ასეთები. პრემიერმა არ დაასახელა იმ ადამიანების სახელები და გვარები, თუმცა ისიც თქვა, რომ იცის მათი საქმიანობის შესახებ - "შავ პიარს" რომ ეწევიან. რატომ უნდოდათ ირმა ინაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა სექტემბრის შემდეგ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გასაგებია, მაგრამ ახალი ხელისუფლების წიაღში არსებულ რაღაც ჯგუფებს რა უნდათ, ეს აუხსნელია.

- მიზეზი მართლა გაუგებარია...

- ამბობენ, რომ ციხის კადრების გავრცელებამ გაამარჯვებინა ამ ხელისუფლებას, თუმცა ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ციხის კადრების გავრცელებით დასავლეთმა და ევროპამ ნახა, რომ სააკაშვილის რეჟიმი სულაც არ ყოფილა ისეთი, როგორადაც გვაჩვენებდნენ. დარწმუნდნენ, რომ საქმე ჰქონდათ დიქტატორულ რეჟიმთან. მეორე მხრივ, ამ კადრების გავრცელების შემდეგ სააკაშვილმა დასავლეთის ზეწოლით ვეღარ გაბედა არჩევნების 70%-იანი გაყალბება, რაც დაგეგმილი ჰქონდა და ყველამ იცოდა. ციხის კადრები რომც არ ყოფილიყო, იმდენად მაღალი რეიტინგი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", მაინც გაიმარჯვებდა, თუმცა "ოცნებაში" შემავალ ზოგიერთ პარტიას ხმას საერთოდ არ მივცემდი. მსოფლმხედველობრივი წინააღმდეგობები არსებობს მე და ამ პარტიებს შორის. ახლა, როცა პარლამენტში სხედან და იქიდან გვმოძღვრავენ, ნუ დაავიწყდებათ, რომ მთავარი გამწევი ძალა ივანიშვილი იყო და სწორედ მას მისცა ხალხმა ხმა.

- ციხის კადრებიდან რამდენიმეზე დავა დღემდე გრძელდება. ამბობენ, რომ ცოცხების სცენა დადგმული იყო და რეალურად სული­ერად დაავადებულ პატიმარს ეხუმრებოდნენ...

- სულიერად დაავადებული პატიმრის მიმართ ასეთი მოპყრობა წამება არ არის? წამებაა ისიც, რასაც მე მიკეთებდნენ სამი თვის განმავლობაში, მორალურ ტკივილს მაყენებდნენ. სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ კადრები დადგმულია. მაშინ რა ვუყოთ იმ უამრავ ინფორმაციას, საჩივარს, რომელიც წლების განმავლობაში იწერებოდა. ხალხი პირდაპირ წერდა, რომ ზოგი გააუპატიურეს, ზოგს შარვალი ჩახადეს, გაუპატიურების იმიტაცია შექმნეს და ფოტოებს უღებდნენ. სულ რომ არ ყოფილიყო ეს კადრები, ფაქტები ხომ არსებობდა და საზოგადოებამ ეს ისედაც იცოდა. ამ კადრების გაუფასურება წინა ხელისუფლებას აძლევს ხელს და მის ინტერესში შედის აჩვენოს, თითქოს არაფერი ხდებოდა.

- ინტერნეტში ყოფილი პატიმრის, ფისო ჯოჯუას ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც ამბობდა, რომ ბაჩო ახალაია არაჩვეულებრივი უფროსი იყო და კარცერთან ქალბატონების რიგი იდგა დასასვენებლად...

- 2011 წელს რუსთაველის ძეგლთან დავასახელე ციხის 29 ჯალათის გვარი და მათი საქმეების შესახებ საჯაროდ მოვყევი. მათ ირგვლივ ყოველთვის სხვადასხვა ინფორმაცია იყრიდა თავს. დღესაც ბევრი პატიმარი მეუბნება, რომ ესა თუ ის ჯალათი ეხმარებოდა, ჩაის აწვდიდა, ან სიგარეტს აწევინებდა, მაგრამ არიან პატიმრები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეს ჯალათები აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. ჩნდება კითხვა, ციხის თანამშრომელი, რომელმაც დუბინკით პატიმარი გააუპატიურა, შემდეგ გამოვიდა და თუნდაც ოც პატიმარს ჩაი დაალევინა, ვინ არის, რა ჰქვია მას? სხვათა შორის, მერკანტილური ინტერესიც მოქმედებდა. მათ საქმიანობას რომ გავეცანი, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური პატიმრების ნაწილს კარგად ექცეოდნენ. ასევე ერიდებოდნენ ბიზნესმენებთან დაპირისპირებას და უპატრონო, საწყალ ადამიანებს აწამებდნენ. "ობიექტივში" სისტემატურად გვირეკავდნენ ქალთა დაწესებულებებიდან, სადაც გაუსაძლისი ვითარება იყო. აქამდე არ მითქვამს, პირველად გეუბნებით, ერთმა წყარომ მაცნობა, რომ ათობით პატიმარი ქალი იყო გაუპატიურებული და იქვე, საყოფაცხოვრებო დაუმუშავებელი ნივთებით უკეთებდნენ აბორტებს. ეს არის უდიდესი ტრაგედია, სისხლის სამართლის დანაშაული, უნდა დაიკითხოს ყველა პატიმარი ქალი და დამნაშავეები დაისაჯონ. როცა იმაზე ვლაპარაკობთ, რა გაკეთდა ამ ასი დღის განმავლობაში, რას მივაღწიეთ, მე გეტყვით, რასაც ვერ მივაღწიეთ - ვერც ერთი დამნაშავე ვერ დასაჯა ახალმა ხელისუფლებამ. სამართლიანობის აღდგენა 200 პოლიტპატიმრის გათავისუფლება არ არის. უნდა დასჯილიყვნენ და დაისაჯონ რეჟიმის შემოქმედნი, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ახალაიები, სანოძე.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, სად არის ხათუნა კალმახელიძე?

- როგორც ამბობენ, ხათუნა კალმახელიძე უშუალოდ წამების პროცესში არ მონაწილეობდა. მე სხვა ინფორმაცია მაქვს, სხვა მოწმეები მყავს და პროკურატურას ამ მოწმეების დაკითხვას ვთავაზობ. ისინი ადასტურებენ, რომ ქალბატონი კალმახელიძე უშუალოდ ესწრებოდა პატიმრების წამებისა და ცემის ფაქტებს. დაიკითხონ ეს მოწმეები, მზად ვარ, პროკურატურაშიც მივიყვანო. მერე ნურავინ იტყვის, რომ არ არსებობს სათანადო ჩვენებები ან მასალა კონკრეტული პირების დასასჯელად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ციხის კადრებია საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს და ეს ვერტიკალი ძალიან მაღლა, პირდაპირ სააკაშვილთან მიდის, რომლის კაბინეტშიც, ჩვენი მოწმეების ჩვენებით, პირდაპირ იყრიდა თავს ვიდეომასალები. ამიტომ თუ დასჯა უნდათ, დასჯიან, თუ არადა, უკვე ძალიან სასაცილო სახეს იღებს მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა, დაჯარიმება და გირაოთი გათავისუფლება. მაშინ მე ვსვამ შეკითხვას, საერთოდ არ ვიცნობ ლევან მამალაძეს და მასთან შეხება არ მქონია, მაგრამ თუ ვანო მერაბიშვილი დადის თბილისის ქუჩებში თავისუფლად, რატომ არ არის საქართველოში დაბრუნებული ლევან მამალაძე და რატომ არ მოხვდა ის პოლიტდევნილების სიაში. სამართლიანობა იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ჩემი ინფორმაციით, ხათუნა კალმახელიძე ევროპაშია.

- ლადო ბედუკაძე საქართველოში დაბრუნდა, ხომ არ შეხვდით?

- პროკურატურის განცხადებით, 22 თებერვლისთვის ციხის კადრების გამოძიება დასრულდება. სასამართლო პროცესის დამთავრებისთანავე მე პროკურატურაში ახალ საჩივარს შევიტან იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც სამი თვეა ცილს მწამებენ. ხან ორი მილიონის აღებას მაბრალებენ, ხან რუსეთის აგენტობას, ხან ვანოსი და ბოლოს თურქეთის აგენტადაც გამომაცხადეს. მოვითხოვ, ყველა ეს ადამიანი დაისაჯოს. მათ გვარებს, მიმოწერას, დოკუმენტურ მასალას მივაწვდი და იმოქმედონ კანონის ფარგლებში. ისინი მე მაწამებდნენ... ვცდილობ, ამ პერიოდში თავი შევიკავო შეფასებებისგან, მაგრამ თუ იქნება ამის საჭიროება, ბედუკაძეს შუამდგომლობას გავუწევ, რომ გაითვალისწინონ მისი კეთილი წვლილი ამ საქმეში, მაგრამ არ მგონია, ამ ხელისუფლებასთან პრობლემები შეექმნას. მე, როგორც ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი, ვალდებული ვარ დავიცვა ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, მაგრამ როგორც პიროვნება ირმა ინაშვილი არასოდეს ვაპატიებ ბედუკაძეს იმ ცილისწამებას, ტყუილს და შეურაცხყოფას, რასაც ის კონკრეტული ჯგუფების საშუალებით მთელი ამ სამი თვის განმავლობაში აწარმოებდა ჩემ წინააღმდეგ. პირდაპირ ვთავაზობ, ვურჩევ, მოვითხოვ, მოიხადოს ბოდიში ირმა ინაშვილისა და "ობიექტივის" წინაშე. თქვას, რომ ის შეიყვანეს შეცდომაში, აღიაროს, რომ გაუგებრობაში მოხვდა და ბოდიში მოიხადოს. პირდაპირ ვეუბნები, ბოდიში გაქვს მოსახდელი და მოიხადე!

- ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ იმდენად მძიმედ განვითარდა თქვენ გარშემო მოვლენები, რომ დღეს იმავე გზას გაივლიდით?

- დიახ, მაგრამ რაღაცებს შევცვლიდი. როდესაც ბელგიაში ლადო ბედუკაძეს შევხვდი, მას აბსოლუტური თავისუფლება მივეცი და ასეც უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ჟურნალისტი, მე არ მქონდა მისი დაპატიმრების უფლება, არ შემეძლო ერთ ოთახში ჩამეკეტა და გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალება არ მიმეცა. მე ჩართული ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობაში. ვცდილობდი მათგან მხარდამჭერი განცხადებები მომეპოვებინა, ამით ვიყავი დაკავებული და სწორედ იმ პერიოდში ბედუკაძე მოექცა ცუდი ადამიანების გავლენის ქვეშ, იმ მომენტში დაითრიეს რაღაც ჯგუფებმა და ჩემთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. მთელი სამი თვის განმავლობაში უზნეოდ და არასწორად მართეს. ამიტომაც ვამბობ, რომ მას ბოდიში აქვს მოსახდელი. მაშინ ვერ ვუშვებდი, რომ არსებობდნენ ჩემ წინააღმდეგ მომუშავე ჯგუფები. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქვეყნისთვის კეთილ საქმეს ვაკეთებდი, თუმცა ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა ჩემი ცხოვრება ამის შემდეგ და ბევრ ადამიანს გაუჩნდებოდა შურისძიების სურვილი. ვიცოდი, რომ თავისუფლად ვერ ვიცხოვრებდი და ასეც მოხდა.

- ნობელის პრემიაზე წარგადგინეს...

- არ მიმაჩნია, რომ ეს სწორია. დიდ რისკს და საფრთხეს ვხედავ. არ ვარ ნობელის პრემიის ღირსი. არ გამიკეთებია ისეთი არაფერი, რომ ამ პრემიას ვიმსახურებდე. მე ის გავაკეთე, რასაც ნებისმიერი თქვენგანი გააკეთება, ეს კადრები რომ ხელში ჩავარდნოდა, თუმცა ისეთი ჟურნალისტებიც არსებობენ, რომლებიც ამ მასალას "კუდში" წაიღებდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არც გმირი ვარ და არც ნობელის პრემიას ვიმსახურებ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ