რატომ დუმდა ვაზაგაშვილთან ერთად მოკლული ხუბულოვის ოჯახი

რატომ დუმდა ვაზაგაშვილთან ერთად მოკლული ხუბულოვის ოჯახი

9 თებერვალს, ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღეზე, თბილისში, იუსტიციის სახლთან 2004-2012 წლების პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ პატივი მიაგო 2006 წლის 2 მაისს კორტებთან დაღუპული ბიჭების ხსოვნას. მემორიალისთვის საჭირო თანხები იუსტიციის სამინისტრომ გაიღო. წლებია ვაზაგაშვილები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ახლა დარწმუნებულები არიან, რომ მათი ამდენწლიანი ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის, პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა ამ ხმაურიან საქმეს საბოლოოდ გამოიძიებს და დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან. პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს კორტებთან მომხდარი სისხლიანი სპეცოპერაციის საქმის ხელახალი გამოძიება და როგორც ირკვევა, რამდენიმე პირმა განსხვავებული ჩვენება უკვე მისცა. იური ვაზაგაშვილისთვის გამოძიების გარკვეული დეტალი ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ლაპარაკობს.

შეგახსენებთ: 2006 წლის 2 მაისს, დედაქალაქის ცენტრში სროლა კარგა ხანს ისმოდა, შემთხვევის ადგილზე ორი ახალგაზრდა -ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი, სპეცრაზმელების ტყვიით იყვნენ ლიკვიდირებულნი, მათ სხეულზე უამრავი ჭრილობა აღენიშნებოდათ, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა მანქანაში მყოფი მათი მეგობარი -ბუბა ფუთურიძე. დაჭრილი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. ფუთურიძეს ნაწლავი გამოყრილი ჰქონდა, სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. კარგა ხანს რეანიმაციურ განყოფილებაში უგონოდ იწვა და დღემდე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს გამოაცხადა, რომ ძალოვნებმა სპეცოპერაცია კარგად ორგანიზებული ყაჩაღური ჯგუფის წინააღმდეგ განახორციელეს. რომ ეს ჯგუფი, თბილისის ცენტრში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახზე თავდასხმას აპირებდა, მაგრამ ამ ჯგუფის ლიკვიდაცია მოხდა არა შემთხვევის ადგილზე, არამედ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მანქანებით გაჭედილ ხალხმრავალ ქუჩაზე.

ძალოვანთა მტკიცებით, მანქანას, რომელშიც ალექსანდრე ხუბულოვი, ზურაბ ვაზაგაშვილი და ბუბა ფუთურიძე ისხდნენ, თავდაპირველად საბურავები დაუცხრილეს, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შუქნიშნის ბოძს შეეჯახა. ისინი ირწმუნებოდნენ, ეჭვმიტანილების ლიკვიდაცია სწორედ იმის გამო გახდა გარდაუვალი, რომ მანქანიდან ცეცხლი გაგვიხსნეს და ამ დროს მსუბუქად დაშავდა ერთი პოლიციელიო... ადამიანის უფლებების დამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სპეცოპერაცია თავიდანვე ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებად შეფასდა. ეს ფაქტი მოკლული ვაზაგაშვილის ოჯახმა გააპროტესტა, რაიმე სახის კრიმინალურ დანაშაულში მათი შვილის მონაწილეობა კატეგორიულად უარყო და იმ დღიდან მოყოლებული, დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

შვილმკვდარი მამა, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიკვდილში კონკრეტულ პირებს ამხელს. იგი კატეგორიულად მოითხოვს ლევან გვაზავას, ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ჭელიძის, ირაკლი ფირცხალავას და ირაკლი კოდუას დასჯას. ოჯახის მტკიცებით, მკვლელობა წინასწარგანზრახული იყო. არსებობს 20-ზე მეტი თვითმხილველი, რომელიც აქამდე საქმეში არ ფიგურირებდა.

ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ვაზაგაშვილები ხმაურობდნენ და მათი სარჩელი სტრასბურგშია გაგზავნილი. ფაქტის თვითმხილველი ბუბა ფუთურიძე სასამართლოში დაკითხვისას ამბობდა, სპეცრაზმს შეიარაღებული წინააღმდეგობა გავუწიეთ, რის შემდეგ პოლიციამ ჩვენი მისამართით ცეცხლი გახსნაო. ცოტა ხნის წინ, ფუთურიძემ გამოძიებას განსხვავებული ჩვენება მისცა, ასევე ახსნა-განმარტება მას ვაზაგაშვილების ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმაც ჩამოართვა, სადაც ადრე მიცემულ ჩვენებას ფუთურიძე უარყოფს და აცხადებს, რომ მაშინ ზეწოლის ქვეშ, იძულებით მიაცემინეს ჩვენება.

შევეცადეთ, ბუბა ფუთურიძეს დავკავშირებოდით და მისგან მოგვესმინა, რა მოხდა რეალურად იმ დღეს კორტებთან, სად მიდიოდნენ ისინი და რატომ აღმოჩნდნენ ძალოვანთა მსხვერპლნი, მაგრამ როგორც მისმა მეუღლემ გვითხრა, ბუბა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მისი ოჯახი ისედაც არ მიიჩნევს საჭიროდ გამოძიების დასრულებამდე მისი ჩვენების გახმაურებას. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე გამოჩნდა პოლიციელი, რომელიც სერიოზულ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას და უკვე სადავოდ არავის მიაჩნია ის ფაქტი, რომ თავიდანვე საქმის ფალსიფიკაცია მოხდა.

გამოძიება აცხადებდა, რომ გასროლა იმ ავტომანქანის საქარე მინიდან მოხდა, სადაც მოკლულები ისხდნენ, მაგრამ როცა მანქანა ბოძს შეეჯახა, ავტომობილის საქარე მინა სრულიად დაუზიანებელი იყო. ეს კადრები საზოგადოებამ იხილა. ასევე არსებობს ორთაჭალის ავტოსადგომში მანქანის მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ ადგილზე მიყვანისას ავტომობილის საქარე მინა დაუზიანებელი იყო. ჩატარებული ექსპერტიზით ისიც გარკვეულია, რომ ავტომანქანის შიგნიდან გარეთ გასროლა არ მომხდარა, მანქანაში არც დენთის კვალი აღმოჩნდა. ოჯახის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე ისე შეწყდა, რომ არავინ დასჯილა. მოკლულის მშობლებს დაზარალებულის სტატუსიც მოეხსნათ.

ვაზაგაშვილებთან ერთად, სიმართლისათვის ბრძოლაში არც ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახის წევრები ჩართულან და არც ბუბა ფუთურიძე. იური ვაზაგაშვილის თქმით, მათ მაშინ ხმა რომ ამოეღოთ, ეს საქმეს წაადგებოდა. როგორც ირკვევა, ხუბულოვის ოჯახის წევრების დუმილსაც რეალური მიზეზი ჰქონდა. საშას ცხოვრების დეტალები ამიტომაც საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. მუხანათურად მოკლული ახალგაზრდა ბიჭის სიდედრი, რუსუდან თურმანიძე ამ დღეებში რედაქციაში გვეწვია და თავისი ოჯახის გასაჭირი გვიამბო. საშა ხუბულოვს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მისი მეუღლე 20 წლისა დაქვრივდა და ახლა წვალებით ქალ-ვაჟს ზრდის. მემორიალის გახსნას ხუბულოვის შვილებიც დაესწრნენ.

რუსუდან თურმანიძე:

-ამდენ ხანს ვდუმდით და ამას რეალური მიზეზი ჰქონდა. საშას სადისტურ მკვლელობამდე, 2004 წელს, ძალოვნებმა ჩემი ვაჟი დააკავეს, გამოძიება არასწორად წარიმართა და 3 წელი მიუსაჯეს. ეს ფაქტი იმდენად მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის, რომ ძალიან დათრგუნვილი გახლდით, ფაქტობრივად, სახლიდან არ გავდიოდი. საშკა სულ მეუბნებოდა, ასე ნუ განიცდიო. მაშინ მითხრეს, რომ ყველაზე კარგი პირობები ციხის საავადმყოფოში იყო და ამიტომ ახლობლების დახმარებით, ჩემი ვაჟი იქ გადავაყვანინე. ალბათ გახსოვთ, ციხის საშინელი ბუნტი, როცა სპეცრაზმელებმა რამდენიმე ახალგაზრდა ჩახოცეს და უამრავი პატიმარი დაზიანდა. იმ ბუნტის მიზეზი, ციხის საავადმყოფოში პატიმრებზე განხორციელებული ზეწოლა იყო. საპყრობილეში ესმოდათ, როგორ სცემდნენ პატიმრებს და მაშინ მათ ეს გააპროტესტეს. ჩემს შვილსაც სასტიკად სცემეს. როგორც ჩანს, თავში უმოწყალოდ ურტყამდნენ და ეს მის ჯანმრთელობაზე სერიოზულად აისახა. ბიჭს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა, ციხეში სუიციდის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. ვენებს წარამარა იჭრიდა და იქიდან რომ გამოვიდა, მთელი სხეული დასერილი ჰქონდა.

სასჯელი სრულად მოიხადა, ამის შემდეგ, დღემდე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დავდივართ, ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობთ, რადგან მას უმძიმესი დიაგნოზი აქვს. როგორც ვიცი, ცემის შედეგად ფსიქიკურად ბევრი პატიმარი დაავადდა. მუდმივად შიშის ქვეშ ვართ, რომ თვითმკვლელობა კიდევ არ სცადოს. თვითმკვლელობა საავადმყოფოშიც რომ სცადა, სახის ძვალი ჰქონდა დამსხვრეული, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, დაზიანების შედეგად არც ერთი კბილი აღარ აქვს. ერთი სიტყვით, ვაზაგაშვილებთან ერთად რომ გვებრძოლა, ამის ძალა არ შეგვწევდა. პირველ რიგში, მეშინოდა, ჩემს ვაჟს, რომელიც მაშინ ციხეში იყო, სერიოზული პრობლემები არ შეჰქმნოდა, ამის გარდა, საშკას სიკვდილმა ისე იმოქმედა ჩემზე და ჩემს მეუღლეზე, რომ ლოგინად ჩავვარდით. ამდენი წელი სულ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გვქონდა და ბრძოლის ძალა არ შეგვწევდა. არც ჩემს ქალიშვილს, რომელსაც ორი შვილის გაზრდა მარტოს უწევს და ჩემ გარდა გვერდით მდგომი არავინ ჰყავს.

-რომელ საათზე გავიდა იმ დღეს თქვენი სიძე სახლიდან და სად მიდიოდა?

-1-ელ მაისს შინ საღამოს 6 საათზე მოვიდა, გვიანობამდე ბავშვებმა არ დაიძინეს, თითქოს მოსალოდნელ უბედურებას გრძნობდნენ. საოცრად მოსიყვარულე მამა იყო, ლიზიკო ფაქტობრივად, მისი გაზრდილია. შვილს უთხრა, ახლა დაიძინე და ხვალ "ბაო-ბაოში" გაგასეირნებო. იმ საბედისწერო დილას, 9 საათსა და 30 წუთზე გავიდა სახლიდან. მე არ მინახავს წასვლის წინ, მეუღლისთვის უთქვამს, მალე დავბრუნდებიო. 11-ის წუთებზე ჩემი ქალიშვილი ოთახში სასოწარკვეთილი, ტირილით შემოვარდა და მითხრა: -დედა, მგონი, საშკა მოკლეს, ახლა ტელევიზიით ვნახე კადრები: ძირს ეგდო და ფეხსაცმლითა და თმით ვიცანი... ჩემი სიძე გრძელ თმას ატარებდა. არ დავუჯერე, მაგრამ ეს სამწუხაროდ რეალობა აღმოჩნდა. ბავშვისთვის არავის ეცალა, ჩვენს სახლში საშინელება ტრიალებდა. ცოტა ხანში ჩხრეკის ჩასატარებლად სახლში 25 პოლიციელი მოვიდა, შიგნით ორი შემოვიდა. საეჭვო რომ ვერაფერი აღმოაჩინეს, მალე გავიდნენ.

-რამდენი ჭრილობა ჰქონდა საშას მიღებული?

-14 ტყვიით იყო მოკლული, 13 ტყვია სხეულზე და მე-14 საკონტროლო გასროლა ცხვირში ჰქონდა. გამაგებინონ, რატომ მოკლეს ასე უმოწყალოდ. რა დააშავა? ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ კრიმინალურ სამყაროსთან შეხება არასდროს ჰქონია. ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც მასზე ცუდს იტყვის. თქვეს, თითქოს საყაჩაღოდ მიდიოდნენო, ეს აბსურდია. ერთი პროცენტიც რომ დავუშვათ, რომ ასე იყო, 14 ტყვიით რატომ მოკლეს?! მასთან ერთად მყოფ ბიჭებსაც შეუბღალავი წარსული ჰქონდათ. ზურაბ ვაზაგაშვილი ჩვენი უბნელი იყო და ახალი გაცნობილი ჰყავდა. რაც შეეხება ბუბა ფუთურიძეს, მისი ბიძაშვილი ჩემი ქალიშვილის დაქალი იყო და ერთმანეთს იქიდან იცნობდნენ. გამორიცხულია, საყაჩაღოდ წასულიყვნენ. ახალი პროკურატურის იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა და დამნაშავეები დაისჯებიან.

-აღნიშნეთ, რომ თქვენს სიძეს მძიმე ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი. გვიამბეთ ამის შესახებ...

-საშკა წარმოშობით უკრაინელი იყო, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გაიგო მისი ნამდვილი გვარი, მამის ვინაობა და უხაროდა. დონეცკიდან იყო. ის აქ გაიზარდა და ამიტომ საქართველო ძალიან უყვარდა. შესანიშნავი ახალგაზრდა იყო და ხშირად ვფიქრობდი, ასეთი კარგი ნეტავ, ვინ გაგზარდა-მეთქი? ჩვენს სახლში ცხოვრობდა და ურთიერთობაში არასდროს არაფერი შეშლია.

-საქართველოში როგორ აღმოჩნდა უკრაინელი ბიჭი?

-ჭიათურელმა ცოლ-ქმარმა იშვილა პატარა საშკა. მათ უკრაინელი მეგობრები ჰყოლიათ და უთქვამთ: -ბავშვთა სახლში გასაშვილებელი პატარა ბიჭუნაა და იშვილეთო. ისინი უკრაინაში ჩავიდნენ და 5 წლის საშკა ჩამოიყვანეს. მისი გამზრდელი ხუბულოვი იყო. საშკას დაც ჰყავს, ისიც ამ ოჯახმა გაზარდა. თურმე თავიდან მხოლოდ საშკა უნდა წამოეყვანათ, მაგრამ ამის უფლება მისმა დამ, ვალიამ არ მისცა. ამბობს, ისე ჩამოვეკიდე ჩემს ძმას კისერზე, ვერავინ დაგვაშორა და ამიტომ, ორივე ერთად წამოგვიყვანესო. ვალიას ახსოვს ეპიზოდები ბავშვობიდან. ლამაზი დედა მყავდა, გერმანელი ბებია და სამხრეებიანი ბაბუაო... საშკაც იხსენებდა, უპატრონო ბავშვთა სახლში გატარებულ დღეებს: ნათესავები გვაკითხავდნენ და კანფეტები მოჰქონდათო. მეტი არაფერი იცოდა. ერიდებოდა გამზრდელი დედისთვის ამ თემაზე კითხვები დაესვა. ძალიან მინდა დავადგინო მისი რეალური ამბავი. მისი გამზრდელი -რუსუდან ყიფშიძე ჭიათურაში ცხოვრობს, სავარაუდოდ, მას ყველა მონაცემი ექნება საშკას მშობლებზე, რადგან ოფიციალურად ჰყავს ნაშვილები. სამწუხაროდ, ამ ქალთანაც არ გვაქვს ურთიერთობა. ის შვილის დაკრძალვაზე მოვიდა მხოლოდ და მას შემდეგ არ გვინახავს, არც მისი მისამართი ვიცით. არც მანამდე ვიცნობდით. მას არც შვილიშვილებთან აქვს ურთიერთობა. მინდა, ჩემი შვილიშვილების ნამდვილი წარმომავლობა ვიცოდე, ასევე ჩემს შვილს მეუღლის ნათესავებთან ურთიერთობა ჰქონდეს. რამე რომ მომივიდეს, გვერდით მდგომი არავინ ჰყავს.

ჩემს ქალიშვილს ორი შვილის და ავადმყოფი ძმის მოვლა მარტო მოუწევს... საშკას და ძმის მკვლელობისას ფეხმძიმედ იყო და ისე ინერვიულა, გონება დაკარგა. შვილს კი ძმის სახელი დაარქვა. ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ამიტომ, არც მასთან გვაქვს ურთიერთობა... ჩემი ქალიშვილი 17 წლის იყო, საშკას ცოლად რომ გაჰყვა, ერთად სამი წელი იცხოვრეს. თავიდან ნაქირავებში იყვნენ, მერე ვთხოვე, ჩემთან გადმოსულიყვნენ, სიძემ მითხრა: -არავის შეწუხება არ მიყვარს, ჩემს ცოლ-შვილს თავად მოვუვლიო, მაგრამ დავაძალე და კანდელაკზე ყველანი ერთად ვცხოვრობდით. ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო. ამბობდა, სულ ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს ოცნება ვერ ავისრულეო. გამზრდელი მამა ადრე გარდაეცვალა, ოჯახს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა და და-ძმა სამუშაოდ თბილისში წამოვიდა. ვუთხარი, ექიმების ოჯახში მოხვდი და ყველანაირად გვერდში დაგიდგებით-მეთქი. ცნობილი ექიმების, თურმანიძეების შთამომავალი ვარ. ამ ტრაგედიამ ჩვენი ოჯახი გაანადგურა.

-როგორც ვიცი, იუსტიციის მინისტრსაც შეხვდით. რა გითხრათ მან?

-ყველამ იცის, რამდენს იბრძოდნენ ვაზაგაშვილები და ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს. ამ წლების მანძილზე ცუდად ვიყავი, სტრესი სტრესს ემატებოდა. ახლა სამართლიანობის აღდგენის იმედი გამიჩნდა. თეა წულუკიანს შევხვდი და ვთხოვე, ამ საქმის გამოძიება მოხდეს! პირველ რიგში ამას ელიან საშკას ობლად დარჩენილი შვილები. როდესაც მკითხავენ, მამა რატომ მოუკლეს, რა ვუპასუხო? ვერ გეტყვით, უმუშევრად დარჩენილმა ოჯახმა დღემდე როგორ შევძელით ამ ბავშვების გაზრდა. ალბათ, მხოლოდ უფლის წყალობით. ვითხოვ, მოხდეს საშკას სახელის რეაბილიტაცია, დამნაშავეები დაისაჯონ და მისმა შვილებმა მიიღონ კომპენსაცია.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"