"სააკაშვილის რეჟიმის მეტასტაზები ონკოლოგიის ცენტრში"

"სააკაშვილის რეჟიმის მეტასტაზები ონკოლოგიის ცენტრში"

გაზეთ "ყველა სიახლის" მიმდინარე წლის მე-5 ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ექიმ-ლაბორანტთან, მეცნიერებათა დოქტორ ლია ვარაზთან. სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ქალბატონი ლია დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ამ ინტერვიუს გამო საქმიანობას ჩამოაშორეს...

- 2013 წლის 30 იანვარს გაზეთ "ყველა სიახლეში" გამოქვეყნდა ჩემი ინტერვიუ, რომელშიც ვსაუბრობდი ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებსა და დარღვევებზე. ინტერვიუს გამოქვეყნების მეორე დღეს, 31 იანვარს, დამიბარა ონკოლოგიური ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე გურამ მენთეშაშვილმა. მის კაბინეტში დამხვდა ჩემ მიმართ აგრესიულად განწყობილი "ნაცთანამშრომელთა" ჯგუფი. მათი განწყობით მივხვდი, რომ ყველაფერს იკადრებდნენ, თუ მათ მხილებას არ შევწყვეტდი. სასწრაფოდ დავტოვე კაბინეტი და ჩემს სამუშაო ადგილს მივაშურე, მაგრამ იქ ლაბორატორიის გამგე დალი ფირცხალაიშვილმა გამომიცხადა, გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო. ანუ ჩამომაშორეს ჩემს საყვარელ საქმეს, რომელსაც ოცდაათ წელზე მეტია ერთგულად ვემსახურები. როცა მე 9 წლის განმავლობაში საპროტესტო წერილებით ვავსებდი კანცელარიას და ვიბრძოდი ონკოლოგიის დამანგრეველი ნაბიჯების წინააღმდეგ, დალი ფირცხალაიშვილი, ნაცმოძრაობის დამქაში, ჩემი დასჯის მოთხოვნით პირად თუ კოლექტიურ პასკვილებს გზავნიდა დირექციაში და ნაცვლად იმისა, რომ არსებული ხარვეზების გამოესწორებაზე ეზრუნათ, ჩემ წინააღმდეგ მებრძოლ ნაცმოძრაობის ერთგულ თანამშრომლებს მომატებული ხელფასებით ასაჩუქრებდნენ.

- ხელფასი რის ხარჯზე მოუმატეს?

- ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში კეთდებოდა გამოკვლევები ინფექციურ ჰეპატიტებზე (C და B) შიდსსა და ვასერმანზე. ტესტები სრულდებოდა სწრაფად და მისი ღირებულება 9 ლარი იყო. სწრაფ ტესტებს არ სჭირდებოდა ერთჯერადი ფირფიტების გარდა სხვა რეაქტივები. ასევე არ საჭიროებდა სინათლისა და წყლის დანახარჯს. აღნიშნული დაავადებების დიაგნოსტიკა ჩვენთან ხორციელდებოდა მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით და ამ დიაგნოზზე არ იყო დამოკიდებული საოპერაციო ტაქტიკა. ნაციონალების მხარდამჭერთათვის ხელფასების მომატების მიზნით ეს ტესტები გადაიტანეს იმუნოფერმენტულ ანალიზატორზე, რამაც გამოიწვია მათი გაძვირება. კერძოდ, 4 ტესტი 9X4=36 (სწრაფი ტესტებით) გახდა 15X4=60 (იმუნოფერმენტულ ანალიზატორზე), ანუ 36 ლარიდან 60 ლარამდე გაძვირდა. მუშაობის უფლება მიეცათ მხოლოდ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, ჩვენ კი აგვეკრძალა და უფრო მეტიც, არც გვასწავლეს აღნიშნულ ანალიზატორზე მუშაობა. ასე რომ, პაციენტებისა და დანარჩენი თანამშრომლების ხარჯზე გაუმჯობესდა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ფინანსური მდგომარეობა.

- თქვენი გათავისუფლების ამბავს დავუბრუნდეთ...

- როგორც კი განყოფილების გამგემ მითხრა, სამსახურიდან დათხოვნილი ხარო, შიმშილობა გამოვაცხადე ონკოლოგიის გენერალური დირექტორის, რეზო გაგუას მისაღებში. გაგუამ, როგორც კი ამის შესახებ შეიტყო, ჩემთან გასაუბრება ინება. სასწრაფოდ აღმიდგინეს უფლებამოსილება და შემპირდნენ, რომ თუ თქვენს გაზეთში მოთხრობილ ხარვეზებს დავასაბუთებდი, მათ აღმოფხვრიდნენ. როგორც ადრე მოგახსენეთ, საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს მართავს "მედიკალ პარტნიორის" გუნდი, რომლის ერთ-ერთი პრინციპია "საუკეთესო პირობების შექმნა სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის", რაც, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია - პაციენტებზე როგორ "ზრუნავენ", უკვე მოგახსენეთ და ამის დამადასტურებელი ანალიზების ჩამონათვალის ქვითარიც გაჩვენეთ. ასეთი ქვითარი უამრავი მაქვს, ამჯერად თვით გენერალური დირექტორის, რევაზ გაგუას მიერ გამოწერილ ქვითარს წარმოგიდგენთ. ვინ-ვინ და, პროფესორმა გაგუამ არ იცოდა, რომ ნარჩენი აზოტის ანალიზი შარდოვანას (აზოტის) ანალიზში შედიოდა? ეს ხომ ექთანის თანაშემწემაც იცის? აი, ასე "ზრუნავენ" ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში პაციენტებზე, ხოლო თუ როგორ ზრუნავენ თანამშრომლებზე, ამის ცოცხალი მაგალითი მე ვარ - ჩემი კვლევები საგრანტო სიებიდან ამოიღეს, რადგან გრანტებს მხოლოდ ნაციონალთა ერთგულები მოიპოვებდნენ ან მათი ფინანსური უზრუნველყოფა პაციენტებისა და განსხვავებულად მოაზროვნე თანამშრომელთა ხარჯზე ხდებოდა. ყველაფერი ეს არის სააკაშვილის რეჟიმის მეტასტაზები ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. მე ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისთვის, უკვე მივმართე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, პროკურატურას. იმედი მაქვს, სამართლიანობა იზეიმებს.

ამ საკითხზე კომენტარისთვის დავუკავშირდით ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალურ დირექტორს, პროფესორ რევაზ გაგუას, რომელმაც გვითხრა:

- საქმე უნაკლოდ არსად არ არის. მე, როგორც გენერალური დირექტორი, ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ჩვენს კლინიკაში მნიშვნელოვანი დარღვევები არ ხდება.

ნატა ენუქიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"