"დღეს აფთიაქში ნაყიდი ინგრედიენტებით ამზადებენ "კრაკადილს", "ვინტს", რომლებიც ჰეროინსა და სუბოტექსზე მეტად აზიანებს ჯანმრთელობას"

"დღეს აფთიაქში ნაყიდი ინგრედიენტებით ამზადებენ "კრაკადილს", "ვინტს", რომლებიც ჰეროინსა და სუბოტექსზე მეტად აზიანებს ჯანმრთელობას"

ნარკომანიის პრობლემებზე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და დეკრიმინალიზაციის გზებზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა გვესაუბრება.

- ბატონო კოკა, დღეს კვლავ აქტუალურია კითხვა: რა არის ნარკომანია - დანაშაული თუ ავადმყოფობა?

- ცივილიზებული სამყარო დიდი ხანია აღიარებს, რომ ნარკომანია არის ქრონიკული დაავადება, რომელიც მწვავე და სუფთა პერიოდების მონაცვლეობით ხასიათდება. ჩვენი სახელმწიფო კი წლების განმავლობაში მხოლოდ რეპრესიულ მანქანას, ამ ადამიანების დასჯა-დისკრიმინაციას მიმართავდა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ნარკომანიას დაავადებად მიიჩნევს. ამგვარი პოლიტიკის შედეგად არაერთი ადამიანი აღმოჩნდა ციხეში, მათი ოჯახები უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ დარჩნენ; ეს არ არის გამოსავალი.

- ანუ მხარს უჭერთ კანონპროექტს ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციის შე­სახებ?

- საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ბოლო ქვეყანაა, სადაც ნარკოტიკის მოხმარება დეკრიმინალიზებული არ არის და სადაც ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანი ციხეში ხვდება. 2007 წელს გიგი წერეთლის ავტორობით პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ამ პრობლემას ეხებოდა. და რომელიც, ჩემი აზრით, კვლავ დისკრიმინაციული იყო - მაღალ ჯარიმებს აწესებდა. ამის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ჯგუფმა "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა" შევიტანეთ ჰუმანურ პრინციპებზე დაფუძნებული ალტერნატიული კანონპროექტი, რომელსაც 60 000 მოქალაქე უჭერდა მხარს, მაგრამ ეს პროექტი თაროზე შემოდეს. ამ საკითხზე მუშაობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განახლდება.

- სხვადასხვა ინფორმაციით, საქართველოში 180 000 ნარკომანია.

- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში 200 ათასიდან 250 ათასამდე, მათ შორის პრობლემური, ანუ ინიექციის მომხმარებელი 80 000 წამალდამოკიდებული იყო; ამ ციფრებს ვერ დავეთანხმები. ბოლო კვლევებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "ბემონმა" ჩაატარა, ჩვენში 40-დან 60 ათასამდე პრობლემური მომხმარებელია, თუმცა ზუსტი აღრიცხვა არ მიმდინარეობს. მთავარი კი ის არის, რომ ამ მკაცრმა პოლიტიკამ ვითარება დაამძიმა იმ თვალსაზრისით, რომ მართალია, ქვეყანაში ნაკლები ჰეროინი, სუბოტექსი და სხვა მსგავსი ნარკოტიკი შემოდის, მაგრამ მოხდა მათი ჩანაცვლება სააფთიაქო პრეპარატებით, რომლის ინგრედიენტები აფთიაქებში იყიდება და შემდეგ კუსტარულად ამზადებენ ე.წ. "კრაკადილს" და "ვინტს", რომელიც მომხმარებლის ჯანმრთელობას კიდევ უფრო სწრაფად აზიანებს. სამართალდამცველები ამ აფთიაქებიდან გამოსულ ნარკოტიკის მომხმარებლებს იჭერდნენ, თუმცა თვითონ აფთიაქებს იშვიათად თუ უწესებდნენ სანქციებს.

- კანონის ლიბერალიზაციაზე საუბრისას ხშირად მოჰყავთ ჰოლანდიის, ლუქსემბურგის თუ სხვა ქვეყნების მაგალითი, მაგრამ ამ ქვეყნებში დიდძალი თანხა იხარჯება ნარკომანების სამკურნალოდ; საქართველოსნაირი ეკონომიკის ქვეყანა შეძლებს კი თანხების მობილიზებას?

- მკურნალობაზე ამ ქვეყნებში მართლაც მილიონობით ევრო იხარჯება, ნარკომომხმარებლებს ათასგვარ სარეაბილიტაციო პროგრამებს სთავაზობენ, მაგრამ იმავე საერთაშორისო სტატისტიკით, ქვეყანას ერთი ასეთი პატიმრის შენახვა ათჯერ ძვირი უჯდება, ვიდრე მისი მკურნალობა-რეაბილიტაცია. ასე რომ, ნარკომანის მკურნალობა, სოციალური რეაბილიტაცია ქვეყანას უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე მათი დევნა-დისკრიმინაცია და პატიმრობა.

- მძიმე სოციალური ფონის გამო ჩვენში ნარკომანია ხშირად ხდება დანაშაულის წყარო, მისი დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ხომ არ მოიმატებს დანაშაული?

- მოხმარების დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, შესაძლოა, გაჩნდეს პრობლემები, მაგრამ როცა მძლავრად ამუშავდება სამკურნალო-სარეაბილიტაციო, ზიანის შემცირების პროგრამები, მეტადონით და სხვა პრეპარატებით ჩანაცვლებითი პროგრამები, დანაშაულის ჩადენის ნაკლები მოტივაცია იქნება.

- რამ განაპირობა საქართველოში ნარკომანიის საკმაოდ მაღალი დონე?

- ფაქტორთა ერთობლიობამ, მათ შორის არასტაბილურმა პოლიტიკურმა ვითარებამ, სამოქალაქო ომმა, ტერიტორიების დაკარგვამ ნარკოტიკი ძალზე ხელმისაწვდომი გახადა, ამას ემატება სოციალური პრობლემები. საერთოდ კი, ნარკომანია უდიდესი პრობლემაა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერომ ბოლო ორმოცი წელია ომი გამოუცხადეს ნარკოტიკებს და დღეს გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ისმის, რომ ამ გზამ ვერ გაამართლა, კოლოსალური თანხები ფუჭად დაიხარჯა და ყურადღება გადაიტანეს იმგვარ ლიბერალურ პროგრამებზე, როგორიც არის ზიანის შემცირების, ჩანაცვლებითი პროგრამები და ა. შ. ნარკომანიასთან ომში ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ გაიმარჯვა. უმრავლეს ქვეყნებში ნარკოტიკების მომხმარებლებს ალტერნატივას სთავაზობენ - მკურნალობას აიძულებენ.

- როგორ აისახება ნარკომანიის პრობლემა დემოგრაფიულ ფონზე?

- ჩვენი ბენეფიციარები არიან 17-18 წლისაც და 60 წლის ადამიანებიც, ნარკოტიკების მომხმარებელთა საშუალო ასაკი კი 25-დან 40 წლამდეა, რაც, ცხადია, დემოგრაფიულ ვითარებაზე უარყოფითად აისახება. ჩვენი ორგანიზაცია ნარკოტიკების მომხმარებელთა თვითორგანიზაციაა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლების დიდ ნაწილს წარსულში თვითონ ჰქონდა ეს პრობლემა. ჩვენ ამ ადამიანებს რეაბილიტაციაში, რესოციალიზაციაში ვეხმარებით.

- ახლახან ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, საქართველოში არაფერი გაიაფებულა, ნარკოტიკის გარდაო...

- ყოფილმა ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მაგრამ სააფთიაქო ქსელში იყიდება მედიკამენტები, რომლებსაც, როგორც აღვნიშნე, მძიმე ნარკოტიკების დასამზადებლად იყენებდნენ. თუ ეს იგულისხმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაიაფებაში, არ ვიცი. ეს არის მათი დანატოვარი. მერაბიშვილის და მისი გუნდის აკრძალვითმა პოლიტიკამ ნარკომანიასთან ბრძოლაში წარმატება ვერ მოიტანა. ვიმედოვნებთ, ამ პარლამენტში მიიღებენ ისეთ კანონს ნარკომოხმარების შესახებ, რომელიც ამ პრობლემის გადასაჭრელად ეფექტიანი იქნება.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"