რისთვის დასაჯეს სამართალდამცველებმა პირველი ჯგუფის ინვალიდი

რისთვის დასაჯეს სამართალდამცველებმა პირველი ჯგუფის ინვალიდი

ჩვენთვის არაერთ ადამიანს მოუმართავს თხოვნით, მასზე რაიმე დაგვეწერა, მაგრამ აქამდე არასდროს მყოლია რესპონდენტი, რომელიც მიუხედავად თავისი შეზღუდული შესაძლებლობებისა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა. ცოტა ხნის წინ მივიღე ასეთი მესიჯი: "გამარჯობა, ლიკა. მე 29 წლის ხათუნა ქოქაშვილი ვარ. სიარული მიჭირს, ხელები არ მემორჩილება და არც გამართულად მეტყველება შემიძლია. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა ძარცვაში დამდეს ბრალი, ხოლო მოსამართლემ პროკურორს მხარი დაუჭირა და გამამტყუნა... ციხიდან უკვე გამოვედი. მსურს, თქვენი ჟურნალის მეშვეობით ხალხს ხმა მივაწვდინო. იმედია, თქვენ მაინც გამოიჩენთ ადამიანობას და დახმარებაზე უარს არ მეტყვით..."

წერილის ავტორის ნახვის სურვილი კი გამიჩნდა, მაგრამ მასთან შეხვედრისა და დალაპარაკების შემდეგ, სიმართლე გითხრათ, იმდენად ცუდად ვიგრძენი თავი, რომ ვთქვი: ნეტავ, ხათუნას გაცნობაზე უარი მეთქვა-მეთქი. რატომ? ბარში, სადაც მას შევხვდი, მშვენიერი გარეგნობის გოგონა დამხვდა. ის სკამზე იჯდა და თავიდან მთელი მისი უბედურება ვერც გავაცნობიერე. პირველი შოკი მაშინ მივიღე, როცა ხათუნამ ხმა ამოიღო. მისი სიტყვები ვერ გავარჩიე. იძულებული გახდა, ნიკაპი ხელით დაეჭირა და სიტყვებისთვის ასე მოეყარა თავი. მაინც ძლივს ვარჩევდი, რის თქმას ცდილობდა. ცხადია, თავი უხერხულად ვიგრძენი. ვთხოვე: იქნებ შენი ოჯახის წევრებს დამალაპარაკო, არ მინდა, ის ტკივილი გაგახსენო, რაც გადაიტანე-მეთქი. გაიღიმა და მიპასუხა:

- მე ვიცი, ჩემთან ლაპარაკს რატომაც გაურბიხარ. ნუ გერიდება, თუ რამეს ვერ გაგაგებინებ, დაუსრულებლად დამისვი კითხვები და ვეცდები, რაღაცნაირად მიგახვედრო...

სოლოლაკში დავიბადე და გავიზარდე. მამა არ მყავს. დედა დიაბეტით არის ავად, და და ძმა კი სამუშაოდ საზღვარგარეთ არიან. ქმარი მყავდა, მაგრამ მას მერე, რაც ავად გავხდი, ხელი მკრა...

თურმე, 17 წლის იყო, როცა გათხოვდა. ამბობს, - ყველაფერი კარგად იყო მანამ, ვიდრე ჩვენს ცხოვრებაში მეუღლის ნარკომანი ბიძაშვილი გამოჩნდებოდა. ის წლების მანძილზე საზღვარგარეთ ცხოვრობდა და სამშობლოში დაბრუნებულმა, ჩემს ქმარსაც დააწყებინა წამლის კეთებაო. ქმარი კი თურმე, მაშინ 24 წლის გახლდათ, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა. მერე, როცა გოგონამ მეუღლე კაიფში გამოიჭირა და მოსთხოვა, - ამ საქმეს შეეშვიო, ბიჭმა ცოლს თვალები აუხვია და წამალი ძალით გაუკეთა... მას მერე, ხათუნას ოჯახში მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა...

- უკვე გითხარით, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გავთხოვდი. სკოლის ბანკეტი მცხეთაში გადავიხადეთ. მშვენიერი დრო გავატარეთ თანაკლასელებმა, მაგრამ უკან რომ ვბრუნდებოდით, ის მანქანა, რომელშიც ვიჯექი, ავარიაში მოყვა. ჩემი სამი თანაკლასელი გარდაიცვალა, მე კი ცენტრალური ნერვული სისტემა დამიზიანდა (ტირის)... ჯერ საქართველოში ცდილობდნენ, ფეხზე დავეყენებინე, მერე კი, როცა ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს, დედამ სახლი გაყიდა და სამკურნალოდ თურქეთში წამიყვანა, სადაც დაახლოებით წელიწად-ნახევარი გავატარე. მართალია, იქ საბოლოოდ ვერ გამოვჯანმრთელდი, მაგრამ ფეხზე დგომა, "ჩოჩვით" სიარული შემეძლო. ახლა რომ საერთოდ ვმეტყველებ (მართალია, ძალიან ცუდად, მაგრამ მაინც), ესეც თურქი ექიმების დამსახურებაა.

საქართველოში დაბრუნებული, მეუღლემ ახლოს არ გაიკარა. მის სანახავადაც არ მიდიოდა. ხათუნა ამბობს, რომ ყველაფერს აქვს დადებითი მხარე: ავადმყოფი ხომ არავის უნდა, ჰოდა, ქმარმაც არ მიმიღო ასეთ მდგომარებაში მყოფი. არ ვიცი, დღეს როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს... ავარიის დროს იმ მანქანაში რომ არ ვმჯდარიყავი, შეიძლება ქმარს ჩემზე ძალადობა, ნარკოტიკის კეთება დაუსრულებლად გაეგრძელებინა და ახლა ნარკომანი ვიქნებოდიო...

- ბინა რომ გავყიდეთ, მას მერე ნაქირავებში ვცხოვრობთ. ჩემს ოჯახს თავის რჩენა ძალიან უჭირდა და იმისთვის, რომ მათ დავხმარებოდი, გადავწყვიტე, ქუჩაში გავსულიყავი და მოწყალება მეთხოვა. მართალია, დედას არ უნდოდა, ეს დაინვალიდებული გოგო ფულის საშოვნელად გავეშვი, მაგრამ ჩემი გავიტანე. მათ ისედაც მძიმე ტვირთად დავაწექი...

ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა ფულის საშოვნელად იყო სახლიდან გასული, პოლიციამ ხელი სტაცა და განყოფილებაში წაიყვანა. ამბობს: - ბრალად ორი ადამიანის გაძარცვა წამიყენეს.

სამართალდამცველებს ვემუდარებოდი, ჩემთვის თავი დაენებებინათ, ისინი კი მემუქრებოდნენ, თუ შენს ბრალეულობას არ აღიარებ, ვიტყვით, რომ გიჟი ხარ და ხონში, საგიჟეთში გამოგამწყვდევთო... საბოლოოდ, 2 წლით ციხეში მიკრეს თავი. იქ მედიკამენტებს არ მაწვდიდნენ, ჩემ მიმართ გულცივები იყვნენ, რაც მეტად მაგიჟებდა. ყველაფერში პატიმრები მეხმარებოდნენ, თორემ დამოუკიდებლად ჩაცმაც არ შემიძლია. ხომ ხედავ, თითებიც არ მემორჩილება... ბევრჯერ მომხდარა ისე, რომ გადაადგილებისას თავი ვერ შემიკავებია, წონასწორობა ვერ დამიცავს და ბეტონზე წავქცეულვარ. აი, ამის შედეგი...

ხათუნამ მთხოვა, მისი შარვლის ტოტი ამეწია და გაშავებული მუხლი მიჩვენა, რომელშიც, თუ არ ვცდები, წყალი აქვს ჩამდგარი.

დამშვიდობებისას, როცა წამოდგა და წაბარბაცდა, ვკითხე: აქ მარტო როგორ მოხვედი? თუ სიარული გიჭირდა, შინ მოგაკითხავდი-მეთქი. - ეჰ, აბა, სად უნდა მიმეყვანეო? - თავი გააქნია და კედელს ხელისცეცებით გაუყვა...

ვინაიდან ხათუნას სიტყვებს ნახევრად ვერ ვიგებდი, გადავწყვიტე, მის ადვოკატს დავლაპარაკებოდი. ბატონი ელგუჯა ჩხაიძე მედიაკავშირის - "ობიექტივი" ადვოკატი გახლავთ. ის ხათუნა ქოქაშვილის ბედით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როცა გოგონა ციხეში იჯდა. მართალია, იმ პერიოდში მის დასახმარებლად ვერაფერი გააწყო, მაგრამ ახლა ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ არა მარტო სამართალდამცველებს, არამედ საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ხათუნა უდანაშაულოდ დაისაჯა და რომ ის, ყველა უბედურებასთან ერთად, ნამდვილად პირველი ჯგუფის ინვალიდია, რომ მისი ციხეში გამოკეტვა არ შეიძლებოდა...

ელგუჯა ჩხაიძე:

- ხათუნას შესახებ ჩემმა კოლეგებმა შემატყობინეს. განცვიფრებულებმა მითხრეს, რომ ქალთა კოლონიაში იჯდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგო, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო იყო. ციხეში ერთ-ერთი შესვლის დროს ხათუნა თავადაც ვნახე. მისი თანამოსაკნეები ამბობდნენ, რომ მას დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეეძლო. უჭმელობისგან, მოუვლელობისგან, უწამლობისგან მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა. საცოდავი კედელ-კედელ დადიოდა, ხელებს და ენას ვერ იმორჩილებდა, გამუდმებით ტიროდა. ყველაფერთან ერთად, ამ ადამიანს ფსიქიკური აშლილობაც აქვს. საერთოდ, პიროვნება, რომელსაც უკურნებელი სენი აქვს ან პირველი ჯგუფის ინვალიდია, გათავისუფლებას ექვემდებარება, მაგრამ ეს ხათუნას არ შეეხო. თქვენ წარმოიდგინეთ, ის სამედიცინო ექსპერტიზაზეც კი არ წაუყვანიათ... გადავწყვიტეთ, ამ გოგოს დავხმარებოდით და ანგარიში გავუხსენით. საზოგადოებას ვთხოვდით, დახმარებოდნენ. მაშინ დაახლოებით 1.000 ლარი მაინც რომ შეგროვებულიყო, მისთვის ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეს თანხა ვერ შეგროვდა. ამიტომაც, ხათუნამ სასჯელი ბოლომდე მოიხადა.

- როგორ ფიქრობთ, ის უდანაშაულოდ დაისაჯა?

- ამ გოგოს საქმით დავინტერესდი. მას ორგზის ძარცვაში დასდეს ბრალი. მისი საქმე გამოვითხოვე, სადაც წერია (სტილი დაცულია): "2007 წლის 9 მაისს, დაახლოებით 8.00 საათზე, ხათუნა ქოქაშვილი იმყოფებოდა პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გააჩერა სამარშრუტო ტაქსი და მძღოლს სთხოვა, ლერმონტოვის ქუჩაზე წაყვანა. იმ დროს, მანქანის დაძვრამდე, ტაქსიში ჩაჯდა თურქეთის მოქალაქე - იუსუფ ალი-ოღლი შაჰინი... რამდენიმე წუთში, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ისინი მიუახლოვდნენ პუშკინის ქუჩაზე, სკვერთან არსებულ ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურს, სადაც იუსუფ შაჰინმა სთხოვა მძღოლს, რომ სიგარეტის ყიდვა სურდა და იქვე გააჩერებინა მანქანა... ეს უკანასკნელი გადავიდა მანქანიდან, მიუახლოვდა ჯიხურს, ჯიბიდან ამოიღო 70 აშშ დოლარი და 100 ლარის ოდენობის თანხა. აღნიშნული ფულის დანახვისას ხათუნა ქოქაშვილი გადავიდა მანქანიდან, უკანა მხრიდან მიუახლოვდა მას და გასტაცა თანხა. ვინაიდან იუსუფ შაჰინი დაედევნა, ადგილიდან მიმალვისა და შაჰინის თავიდან მოცილების მიზნით, გატაცებული თანხის ნაწილი 65 ლარის ოდენობით დაყარა ძირს, ხოლო დანარჩენი 70 აშშ დოლარი და 40 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა".

- ხათუნა 2007 წელს ხომ უკვე დაინვალიდებული იყო?

- ჰოდა, საქმეც ეს არის... სხვათა შორის, მეორე ეპიზოდი, რაშიც ასევე დასდეს ბრალი, უფრო მეტად შთამბეჭდავია. განაჩენში ვკითხულობთ: "2010 წლის 10 მარტს, ხათუნა ქოქაშვილი იმყოფებოდა მეტროსადგურ "ნაძალადევის" ფოიეში, სადაც მათხოვრობდა და ელოდებოდა მატარებელს, რომლის მოსვლის შემდეგ შევიდა ვაგონში და მოწყალებას ითხოვდა. იმავე ვაგონში მყოფმა ინდოეთის მოქალაქემ - კენად ვიშვანად ჯოშმა მოწყალების გაღების მიზნით, ჯიბიდან ამოიღო საფულე, სადაც მოთავსებული ჰქონდა 300 აშშ დოლარი, რაც ქოქაშვილმა შენიშნა... მან ხელის სისწრაფით ჯოშს საფულიდან ამოაცალა 300 აშშ დოლარი და გაიქცა. დაზარალებულმა ენის არცოდნის გამო, ვაგონში მყოფ ხალხს ვერ გააგებინა, თუ რა მოხდა, რითაც ისარგებლა ქოქაშვილმა და მატარებელი გაჩერდა თუ არა, ვაგონიდან გამოვიდა და მიიმალა. 2010 წლის 1-ელ აპრილს, დაზარალებულის უშუალო მითითებით, ქოქაშვილი დაკავებული იქნა ეჭვმიტანილის სახით". დაუჯერებელია, რომ ეს ორი უცხოელი ასე უცნაურად გაძარვა გოგონამ, რომელსაც სირბილი კი არა, დამოუკიდებლად თავის მოვლაც არ შეუძლია. ის მხოლოდ იმის გამო გაწირეს, რომ კარგი პატრონი არ ჰყავდა და მისი დაპატიმრება გაუხსნელი საქმის ჩამოსაწერად საუკეთესო ვარიანტი იყო.

- როგორც ვიცი, პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებთ...

- ასეა! არ შეიძლება დაუსჯელები დარჩნენ პროკურორი ხუციშვილი და მოსამართლე ლელა შკუბულიანი, რომლებმაც პირველი ჯგუფის ინვალიდი ასე გაწირეს. ცნობისთვის, მას ფსიქოლოგიური ზეწოლითა და მუქარით აღიარებინეს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია და გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება, მიუსაჯეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. არჩადენილი დანაშაული რომ არ ეღიარებინა, მინიმუმ, 10 წელს მაინც მიუსჯიდნენ... ის გაასამართლეს როგორც გამოუსწორებელი რეციდივისტი, რომელმაც ერთხელ კი არა, ორჯერ ჩაიდინა დანაშაული. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თვითონ ხათუნამ მთხოვა, ამ საქმეში დავხმარებოდი. მითხრა: ჩემი უკანონო დაპატიმრებისთვის და იმისთვისაც, რომ გიჟს მეძახდნენ, კონკრეტულმა სამართალდამცავებმა პასუხი უნდა აგონო. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ ხათუნა არ იყო ასეთი გულქვა ადამიანების მსხვერპლი. მერწმუნეთ, კიდევ ბევრი უდაშაულო ადამიანის ზის ციხეში.

P.S. თუ ხათუნას დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 5(98) 79.09.10.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"