"ჩიორა თუ არის ადამიანი, ჩვენ აღარ ვართ?!"

"ჩიორა თუ არის ადამიანი, ჩვენ აღარ ვართ?!"

"კვირის პალიტრა" 26 მაისის მოვლენების დროს დაზარალებულს ესაუბრა, რომლის ფოტოზე აღბეჭდილი გასისხლიანებული სახე ყველას ახსოვს და რომელიც 8 თებერვლის აქციაზე თავის ფოტოსთან ერთად მოვიდა. ნოდარ არველაძე სოფელ დიღომში ცხოვრობს და მისი სახლის სახურავზე საქართველოსა და "ქართული ოცნების" დროშები ფრიალებს. მან 26 მაისიც გაიხსენა და 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტიც შეაფასა:

- ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც საქართველო იდგა. ვარ 9 აპრილის მონაწილეც. ის კი, რაც 26 მაისს მოხდა, 9 აპრილზე უარესი იყო, რადგან თვითონ ქართველებმა გაგვიმეტეს. სააკაშვილის ხელისუფლებით უკმაყოფილება თანდათან დამიგროვდა. 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე ჩემი ძველი მანქანით წავედით. წვიმა რომ დაიწყო, პოლიციამ დაშლისკენ მოგვიწოდა, მაგრამ რას დავიშლებოდით, როცა სპეცრაზმელებმა ალყა შემოგვარტყეს. ვცადე პირველი საშუალო სკოლისკენ გაქცევა, მაგრამ ხუთი ნიღბოსანი დამესხა თავს, რუსთაველზე რა გინდოდაო, მიღრიალა ერთ-ერთმა და შემაგინა. მეც ამითვე ვუპასუხე. გამეტებით დამიწყეს ცემა. ჯერ თავში მირტყამდნენ ხელკეტებს, ხელები რომ წავიფარე, მუცელში დამიწყეს ცემა, თან მაგინებდნენ. ვფიქრობ, ისინი ციხის ჯალათები იყვნენ.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- მოგვიანებით გავიგე, რომ ციხის ჯალათები მონაწილეობდნენ დარბევაში. მახსოვს, მაშინ ერთმა პოლიციელმა დამიცვა და ამ ბიჭებს უთხრა, არ გრცხვენიათ, მამისტოლა კაცს რომ სცემთო? იმათ კი მეგრული აქცენტით უპასუხეს, ასაკოვანი თუ არის, მაშინ აქ რაღას მოეთრეოდაო. რაც ჯიბეში მქონდა, ყველაფერი წამართვეს, - მართვის, პირადობის მოწმობები, ტელეფონი, ფულიც კი და ხელფეხშეკრული დამტოვეს. ღვთის წყალობით გადავრჩი, ბოლოს სამმართველოში წამათრიეს, სადაც სისხლის გუბეები იდგა. მითხრეს, 65 წლის ზემოთ ადამიანებს არ ვცემთო, ხელბორკილის ახსნა რომ ვითხოვე, დამცინეს, ვინც დაგადო, იმან აგხსნასო. აბუჩად ამიგდეს, დამამცირეს. ასეთი სადისტები სად გაიზარდნენ! იმ დღიდან ყველა მიტინგზე დავდივარ.

26 მაისის შემდეგ შიშით ერთი კვირა სახლიდან გამოსვლასა და ექიმთან მისვლას ვერ ვბედავდი. ვფიქრობდი, ექიმთან რომ მივიდე, უკან გამობრუნებულს, ალბათ, კიდევ გამისწორდებიან-მეთქი. ორი კაცი ისე მოკლეს და მაღაზიის სახურავზე შეაგდეს, ვითომ არაფერი და მე რატომ დამინდობდნენ?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა