სამოქალაქო საზოგადოება არის სარკე იმისა, თუ როგორ მუშაობს ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "შერატონ მეტეხი პალასში" განაცხადა, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მთავრობის 100-დღიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
ივანიშვილის განმატებით, ხელისუფლება ყოველთვის ყურადღებით მოუსმენს არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს და მათ შენიშვნებს გაითვალისწინებს.
"პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღიდან კარგად ვაცნობიერებ სამოქალაქო საზოგადოების როლს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების გავითარებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სარკე იმისა, თუ როგორ მუშაობს ქვეყანა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ყურადღებით მოვუსმენთ და გავითვალისწინებთ მათ შენიშვნებს. საჭიროა კონსტრუქციული კრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, აქვთ განზრახული, რომ არასამთავრობო სექტორთან სისტემატურად გამართონ შეხვედრები.
"რადგან დღევანდელი ოპოზიცია ვერ ახერხებს კონსტრუქციულობას, თქვენი კრიტიკის იმედი გვაქვს, ამიტომაც განზრახული გვავქვს რომ, თქვენთან შეხვედრის პერიოდულობა განისაზღვროს არანაკლებ ერთი თვისა, ჩვენ ვსაჭიროებთ თქვენი მხრიდან კონსტრუქციულობას. თუ ოპოზიცია მოახერხებს გახდეს კონსტრუქციული, მაშინ ჩვენი შეხვედრის პერიოდულობა შეიძლება გადაიწიოს", - მიმართა ივანიშვილმა არასამთავრობოთა წარმომადგენლებს.
მთავრობის 100-დღიანი მუშაობის ანგარიში მოამზადეს - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" და "სამარათლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ".