ია მეტრეველი - "დღეს გავრცელებულ კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ"

ია მეტრეველი - "დღეს გავრცელებულ კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ"

პოლიციელის მიერ მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა ია მეტრეველი ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ფაბრიკაციას უწოდებს. როგორც ია მეტრეველმა დღეს "პრაიმ ტაიმის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ოჯახი არ გაუფრთხილებია კადრების გავრცელების თაობაზე.

"კიდევ ერთხელ ჩანს, ავაზაკები რამდენს ბედავენ ჩვენს ქვეყანაში. გაოცებული ვარ, რომ დამნაშავე დონაძე როგორც ბედავს კიდევ, რამდენ უფლებებს აძლევს თავს. პირველად, როდესაც ბავშვი მომიკლეს და ბანდიტად გამომიცხადა "რუსთავი 2"-მა, დღესაც რატომ მაინცდამაინც "რუსთავი 2"-ით გავრცელდა ეს კადრები. იმიტომ, რომ "რუსთავი 2" ჯერ კიდევ ემსახურება "ნაციონალებს" და ხელმისაწვდომია დონაძისთვის", - აღნიშნა მეტრეველმა.

მისივე თქმით, დღეს გავრცელებულ კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, სადაც ისმის, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ. მეტრეველის განმარტებით, იმ ავტომატის შესახებ რომელიც კადრებში ჩანს, გამომძიებელმა შალვა მიქაბაძემ განაცხადა, რომ ავტომატი მანქანაში ჩაადებინეს, შემდეგ ამოაღებინეს, რაც გადაიღეს. ამასთან, ია მეტრეველის განცხადებით, ამასვე ადასტურებს ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გადაცემა "ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი. მეტრეველის განმარტებით, გოჩა მუკბანიანის გადაღებული ვიდეომასალა დონაძემ წაიღო და "სამონტაჟოში შეიკეტა".

"რამდენჯერ შეიძლება გამანადგურონ ავაზაკებმა, ცოცხლად დამმარხეს მეც მერამდენჯერ. როგორ უნდა ბედავდეს დონაძე, რომ გავლენები ჰქონდეს ტელევიზიებზე", - განაცხადა მეტრეველმა.

ამასთან, ია მეტრეველთან ერთად პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა ბუტა რობაქიძის მეგობარი ირაკლი მიქაბერიძე. მიქაბერიძე გამოეხმაურა ირაკლი ფირცხალავას დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ ბუტა რობაქიძე იქ შემთხვევით მოხვდა.

"რანაირად უნდა მომხდარიყო შემთხვევით, უცხოს არავინ ჩაუჯდება. უცხოები რომ ვყოფილიყავით, მთელი საღამო ერთად არ ვიქნებოდით. ფაქტების ფალსიფიკაცია თვითონ მოახდინეს. ჟურნალისტები მოიყვანეს და გადააღებინეს, რაც თვითონ უნდოდათ და აწყობდათ. გამომძიებელი შალვა მიქაბაძე თვითონ იძახის რომ იარაღი დადეს და კამერების წინ ამოიღეს. ამას ადასტურებს მუკბანიანიც. ეს იყო რეალობა", - განმარტა მიქაბერიძემ.

მისივე თქმით, ავტომანქანა, რომლის შესახებაც დღეს ითქვა, რომ თითქოს პოლიციისთვის ძებნაზე გადაცემული იყო, კახაბერ აზარიაშვილის საკუთრება იყო და მთელი დღისა და საღამოს განმავლობაში მანქანა ქალაქში მოძრაობდა.

"არაერთ ეკიპაჟს ჩავუარეთ და არ გავუჩერებივართ. არავითარი ჩხუბის ინციდენტი არ ყოფილა არც დილით და არც საღამოს. მანქანაში იარაღი რომ გვქონოდა, ვინ გააჩერებდა მანქანას", - აღნიშნა მიქაბერიძემ. მისივე თქმით, იარაღის ჩადება ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ მოხდა.

ია მეტრეველი მოითხოვს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალას ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

ასევე იხილეთ:

"რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს (+18)

კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ - ია მეტრეველი

-"არ აქვთ არაფერი" - რობაქიძის საქმის კადრები, რომელიც გადაცემა "პატრულში" გავიდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ