ბუტა რობაქიძის მეგობარი - "იარაღი ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ ჩაგვიდეს"

ბუტა რობაქიძის მეგობარი - "იარაღი ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ ჩაგვიდეს"

ბუტა რობაქიძის მეგობარი, ირაკლი მიქაბერიძე გამოეხმაურა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას , რომლის მიხედვითაც ბუტა რობაქიძე მანქანაში შემთხვევით მოხვდა.

"რანაირად უნდა მომხდარიყო შემთხვევით, უცხოს არავინ ჩაუჯდება. უცხოები რომ ვყოფილიყავით, მთელი საღამო ერთად არ ვიქნებოდით. ფაქტების ფალსიფიკაცია თვითონ მოახდინეს. ჟურნალისტები მოიყვანეს და გადააღებინეს, რაც თვითონ უნდოდათ და აწყობდათ. გამომძიებელი შალვა მიქაბაძე თვითონ იძახის რომ იარაღი დადეს და კამერების წინ ამოიღეს. ამას ადასტურებს მუკბანიანიც. ეს იყო რეალობა", - განმარტა მიქაბერიძემ.

მისივე თქმით, ავტომანქანა, რომლის შესახებაც დღეს ითქვა, რომ თითქოს პოლიციისთვის ძებნაზე გადაცემული იყო, კახაბერ აზარიაშვილის საკუთრება იყო და მთელი დღისა და საღამოს განმავლობაში მანქანა ქალაქში მოძრაობდა.

"არაერთ ეკიპაჟს ჩავუარეთ და არ გავუჩერებივართ. არავითარი ჩხუბის ინციდენტი არ ყოფილა არც დილით და არც საღამოს. მანქანაში იარაღი რომ გვქონოდა, ვინ გააჩერებდა მანქანას", - აღნიშნა მიქაბერიძემ.

მისივე თქმით, იარაღის ჩადება ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ მოხდა.

როგორც ცნობილია, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. კადრები დღესვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სადაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან.

კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.

როგორც ირაკლი ფირცხალავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი. "ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანში. ეს მანქანა შუა დღეს იმ დღეს "დინამოს" სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე",-განაცხადა ფირცხალავამ.

ასევე იხილეთ:

იარაღი ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ ჩაგვიდეს - ბუტა რობაქიძის მეგობარი

"რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს (+18)

კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ - ია მეტრეველი

-"არ აქვთ არაფერი" - რობაქიძის საქმის კადრები, რომელიც გადაცემა "პატრულში" გავიდ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ