რაზე ოცნებობდა ბუტა რობაქიძე

რაზე ოცნებობდა ბუტა რობაქიძე

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის ირგვლივ ხმაური ისევ გრძელდება. 8 წლის შემდეგ, მთავარი პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმეს ხელახლა მიუბრუნდა და რამდენიმე პირი დანაშაულის ფალსიფიკაციის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა. მართალია, მათი დაკავება პროკურატურამ მოითხოვა, მაგრამ ყოფილი ჩინოსნები გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მათ შორის შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე, რომლის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს მოკლულის ოჯახი. 19 თებერვალს კი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც დანაშაულის ფალსიფიცირებაშია ბრალდებული, ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. ეს კადრები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მაც გაავრცელა. ნათქვამია, რომ იგი 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან არის გადაღებული. კადრების მიხედვით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.

როგორც ირაკლი ფირცხალავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მსხდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო მისი ნაცნობი. "ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანაში. ეს მანქანა იმ დღეს "დინამოს" სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე", - განაცხადა ფირცხალავამ.

მისივე ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე, ზაფხულში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ კომახიძის სახელით, რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა, სარფიანად გაეყიდა კადრები, რომელიც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე პირველივე წამებიდან.

მართალია, კადრები გავრცელდა, მაგრამ ამას აპროტესტებს გარდაცვლილის ოჯახი და თვლის, რომ ის მონტაჟის შედეგია. ისინი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. "ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი, რომელიც ფაქტის თვითმხილველია, ამბობს, რომ პირველად გადაღებულ მასალაში ცეცხლსასროლი იარაღი არ ჩანს. სწორედ ის ამხელს გურამ დონაძეს და ზურაბ მიქაძეს ფალსიფიკაციაში და ამბობს, რომ სწორედ დონაძეს აქვს შენახული საწყისი მასალა.

გოჩა მუკბანიანი:

- მე უკვე მივეცი ჩვენება ძიებას და არაერთხელ დავაფიქსირე ჩემ მიერ ნანახი შემთხვევის ადგილზე. თუმცა დღეს გავრცელდა გარკვეული კადრები, რომელზეც მე ჩემი აზრი მაქვს. ამ კადრებში ჩანს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მანქანაში დევს და პისტოლეტი, რომელიც ქუჩაში გდია. იმ პერიოდისთვის, როდესაც პირველი მასალა გადაიღო ოპერატორმა, არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიქსირდებოდა. ვიდრე მეორე ცნობილი მასალა გაჩნდებოდა, რომელიც ტელეეთერების საშუალებით გავრცელდა, არანაირი იარაღი არ დამინახავს. რომ დამენახა, აუცილებლად მემახსოვრებოდა და დღეს აუცილებლად ვიტყოდი, რადგან ამის რაიმე შეფერხება და დაბრკოლება არ არის ჩემი მხრიდან.

- გოჩა, სად შეიძლება იყოს საწყისი ვიდეომასალა? ჩემი ინფორმაციით, ის კასეტა დონაძემ გამოგართვათ, არა?

- შემთხვევის ადგილზე დონაძე და მიქაძე მოვიდნენ. ვიდრე მათ მანქანაში ჩავჯდებოდით, მე არ მომცემია იმის საშუალება, რომ ეს მასალა გულდასმით გამეშიფრა. რომ ჩავსხედით მანქანაში, კამერა გამოართვეს ოპერატორს გურამ დონაძემ და მიქაძემ, დაათვალიერეს თავად კამერაშივე გადაღებული კადრები. ამ კადრებში ისმოდა იარაღიდან გასროლის ხმა, მაგრამ იქ სხვა არანაირი იარაღი არ ყოფილა გადაღებული. დონაძემ გამოართვა ოპერატორს კასეტა, ის ჩვენი უფროსი იყო და ამის უფლება ჰქონდა. ამის შემდეგ გადავიდნენ ის და მიქაძე მანქანიდან და დონაძემ უთხრა ოპერატორ ზურაბ ვაწაძეს, რომ დაუძახებდა მაშინ, როცა საჭირო იქნებოდა. 20-30 წუთის შემდეგ, დაუძახეს ვაწაძეს და მან დაიწყო იმ კადრების გადაღება, რომელიც მერე მთელმა საქართველომ იხილა.

- თქვენ იარაღების ჩალაგება არ გინახავთ?

- მანქანიდან ჯერ ოპერატორი გადავიდა და დაიწყო გადაღება, მერე მე ჩავედი. იქ უკვე ვნახე იარაღები, რომელიც საბარგულზე იდო, ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი კი - ბუტას ფეხებთან. რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, მე არ ვიცი, ეს კადრები რა დროს არის გადაღებული.

ახალი მასალის გავრცელებამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბუტა რობაქიძის აღშფოთებულმა მშობლებმა - სოსო რობაქიძემ და ია მეტრეველმა ეს მორიგ ფაბრიკაციად შეაფასეს და საგამოძიებო ორგანოებს ობიექტური გამოძიების უსწრაფესად ჩატარებისა და დამნაშავეების დასჯისკენ კვლავ მოუწოდეს, ამასთან, მხარდამჭერებთან ერთად, "რუსთავი 2"-ის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს, რადგან მიაჩნიათ, რომ აღნიშნული მასალის გავრცელება მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწყობს ხელს. "კიდევ ერთხელ ჩანს, ავაზაკები რამდენს ბედავენ ჩვენს ქვეყანაში, - აღნიშნა გამწარებულმა, შვილმკვდარმა დედამ, ია მეტრეველმა. - პირველად, როდესაც ბავშვი მომიკლეს და ბანდიტად გამომიცხადა "რუსთავი 2"-მა, დღესაც რატომ მაინცდამაინც "რუსთავი 2"-ით გავრცელდა ეს კადრები?!"

პრესკონფერენციის შემდეგ, რომელიც ქალბატონმა იამ აღნიშნული მასალის გავრცელების შემდეგ გამართა, მასთან შეხვედრა გადავწყვიტეთ და ვთხოვეთ, გაეხსენებინა ბუტა და ჩვენი მკითხველისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა იმ ბიჭის შესახებ, რომელიც 9 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაიღუპა.

ია მეტრეველი:

- ერთადერთი შვილი მყავდა. ისე ვზრდიდი ბუტას, ცივ ნიავს არ ვაკარებდი. თავისი პიროვნული თვისებებით გამორჩეული ვაჟკაცი იყო. პატარაობიდანვე ძალიან ფრთხილი და დინჯი გახლდათ. კაცთმოყვარეობას ვასწავლიდი. 18 წლის ბიჭს ისეთი კაცური თვისებები ჰქონდა, რომ ვუყურებდი, მიკვირდა. ის საშინელება, რასაც ახლა მას აბრალებენ, იმდენად შორს არის ბუტასგან, ვერ წარმოიდგენთ. ამას დაგიდასტურებთ ყველა, ვინც ჩემს შვილს იცნობდა. 19 წლის ისე გახდა, ერთი დღეც არ მქონია სანერვიულო. თავისი სამეგობრო წრე ვაკეში ჰყავდა, სულ იქ ტრიალებდა. ყოველთვის ვიცოდი, სად იყო ჩემი შვილი. არ მახსოვს, სახლში მოსვლა დაეგვიანოს. მისი მეგობრების დედები დღემდე ამბობენ, - როცა ვიცოდით, ბუტასთან ერთად იყვნენ ჩვენი შვილები, მშვიდად ვიყავითო. დედისერთა შვილებს რომ აფეტიშებენ მშობლები, ასე არ გამიზრდია, მკაცრად ვზრდიდი. პატარაობისას სულ ვეუბნებოდი, - არ გეგონოს, თუ რამეს დააშავებ, არ დაგსჯი-მეთქი; რომ იციან დედებმა, თავიანთ დამნაშავე შვილს ხელს აფარებენ, ასე არ ვიქნები-მეთქი, - მაგრამ ბუტა შენიშვნასაც არ იმსახურებდა. ცხოვრებაში პირველად იმ ღამეს დაიგვიანა და ამიტომ იყო ეს ჩვენთვის გასაოცარი და ამიტომ ვიყავით შეშინებულები, ეს უჩვეულო იყო ჩვენთვის. არ ვიცოდით, რა უბედურება გვჭირდა, რადგან არ არსებობდა, ბუტას სახლში არ დაერეკა.

თავართქილაძის უნივერსიტეტში, საფინანსო ფაკულტეტზე სწავლობდა. მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. ისე უყვარდათ იქაც, რომ მომიკლეს, მთელი წელი უნივერსიტეტში მისი ფოტო კედელზე ეკიდათ და სულ ყვავილები იდო მის მაგიდასთან. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კოლექტივს. ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო, მათემატიკა ბავშვობიდან უყვარდა.

- შეყვარებული ხომ არ ჰყავდა?

- მოწიწებით გამორჩეული ურთიერთობა გვქონდა დედა-შვილს. სიყვარულზე ჩემთან არ საუბრობდა, მაგრამ დეიდასთან უთქვამს, რომ შეყვარებული იყო. მისი მეგობრებისგანაც ვიცი, თანაკლასელი გოგონა რომ უყვარდა. ხშირად უგზავნიდა თურმე ყვავილებს. ბიჭებს რომ გაატანდა თაიგულს, ეტყოდა, - არ უთხრათ, ვისგან არისო, - და ისინიც ეუბნებოდნენ, - ეს თაიგულები კარგი ბიჭის გამოგზავნილიაო... თავის ასაკთან შედარებით სერიოზული, დინჯი და ფრთხილი იყო, არ ვიცი, რატომ იყო ასეთი სერიოზული. ამ ფონზე ასეთი რამ ბუტას რომ დაემართა, ეს ნამდვილად გასაკვირია. გარდაცვალების შემდეგ მისი ნივთები მის მეგობრებს ვაჩუქე. მაშინ ვიფიქრე, რაიმე ნივთს მის შეყვარებულ გოგოსაც მივცემ სამახსოვროდ-მეთქი, მაგრამ მითხრეს, ბიჭებს მიეციო და მეც დავარიგე ყველაფერი. ამის შემდეგ სიზმარში ვნახე. ბუტამ მითხრა, - დედა, ხომ იცი, ცოლად თიკო რომ მომყავდა და არაფერი გაქვს თიკოსთვის, მას რომ აჩუქოო? შევწუხდი, - არ მაქვს-მეთქი. - იცი, დედა, თიკო რაღაცას მთხოვსო. მეორე დღესვე ვუყიდე ამ გოგონას სამახსოვროდ ბეჭედი. დავურეკე და ვთხოვე, ჩემთან მოსულიყო. გოგონა ტირილით მოვიდა და სანამ რამეს ვეტყოდი, მითხრა, - ია დეიდა, მინდოდა, რაიმე ნივთი მოგეცათ, ბუტასგან სამახსოვროდ რომ დამრჩენოდა და ამას ვერ გეუბნებოდითო. ეს რომ გავიგე, გადავირიე. ძალიან უცნაური დამთხვევა იყო.

- ფიზიკურად ძლიერი იყო?

- სპორტით იყო დაკავებული, ყოველთვის აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. მუდმივად ვარჯიშობდა და სულ ვეხუმრებოდი, - შვილო, რა ტანი და მხრები დაიყენე-მეთქი! ეს უხაროდა. ცურვაზეც დადიოდა. ძალიან თბილი შვილი მყავდა, არასოდეს ჰქონია ვინმესთან კონფლიქტი. დანასთან და იარაღთან ჩემს შვილს შეხება არ ჰქონია. იმდენად სასაცილოა ეს ბრალდებები, რომ მიკვირს. არ გვაკმარეს, რომ შვილი მომიკლეს და ასეთ საშინელ სიბინძურეებს კადრულობს ახლა გურამ დონაძე. ეს კადრები აბსურდულია. მალე ამ სიბინძურეს ფარდა აეხდება და ყველანი ვნახავთ ამ დამნაშავეებს ციხეში. აქამდე რომ არ არიან დასჯილები, ამიტომ გაბედეს ამდენი სისაძაგლე.

- იმ საბედისწერო დღეს რაიმე წინათგრძნობა ხომ არ გქონიათ?

- საშინელი ამინდი იყო, თითქოს ქვეყანა ინგრეოდა. ბუტა ცუდად იყო, კბილი სტკიოდა მთელი დღე და სახლიდან არ გასულა. მეგობრები ურეკავდნენ, მაგრამ უარს ეუბნებოდა. საწოლზე წამოწოლილი იყო, როცა საღამოს 9 საათზე, ირაკლი მიქაბერიძემ დაურეკა და მასთან შესახვედრად წავიდა. ძალიან შევშფოთდი. - დედა, მეგობარს შევხვდები და მალე მოვალო, - მითხრა. მერე გავიგე, ირაკლი მისი ჯგუფელი ყოფილა. ახალი დამეგობრებულები იყვნენ და უთქვამს, ჩემს მეგობრებს გაგაცნობო. დიდუბეში მათთან წავიდა, უარი ვერ უთხრა. ბუტას მეგობრები ვაკეში ჰყავდა. ის გასვლა საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის.

- რა იყო მისი გატაცება, რაზე ოცნებობდა?

- ინსტიტუტს ამთავრებდა და ბანკში უნდა დაეწყო მუშაობა. შეყვარებული იყო და კარგი ოჯახის შექმნა სურდა. ბევრი ოცნება გვქონდა ჩვენ ერთად, მაგრამ დამინგრიეს ყველაფერი და განუხორციელებელი დაგვრჩა. შვილიშვილები უნდა მყოლოდა, მაგრამ აღარაფერი დამიტოვეს. არც მომავალი მაქვს, ერთადერთი შვილი მომიკლეს, ესეც არ მაკმარეს და წუთისოფელში ცხოვრებასაც აღარ მაცლიან.

- რა კომენტარს გააკეთებთ იმ კადრებზე, რაც დონაძემ და ფირცხალავამ გამოაჩინეს?

- ეს ყველაფერი არის მორიგი ფარსი, მორიგი ტყუილი და დამონტაჟებულია. ყველაფერი მათ მიერ არის ჩადებული. პროკურატურაში კიდევ იკითხებიან მოწმეები, რომლებიც საინტერესო ჩვენებებს იძლევიან და ამას საზოგადოება შეიტყობს. რაც გაავრცელეს, ეს არის აბსოლუტური აბსურდი და ტყუილი. აქამდე დონაძე რომ არ იყო თბილისში, მივლინებით იყო წასული, ახლა საპირისპიროს აცხადებს და თურმე კადრებიც ჰქონია. როდის დამთავრდება ამათი დაცინვა და ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფას როდის მორჩებიან?! ანგელოზი ბავშვის სული ზემოდან გვიყურებს...

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ