რა უშლის ხელს საქართველოში ქორწინებას და განქორწინებას?

რა უშლის ხელს საქართველოში ქორწინებას და განქორწინებას?

ადამიანის დაბადება პირველი დღეა, ქორწინება - მეორე და სიკვდილი - მესამეო, უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. "საქართველოში ოჯახის შექმნას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, ალბათ, ამის გამო არც ამდენი დაუქორწინებელი გვყოლია და არც ქართული ოჯახები ინგრეოდა ასე ხშირად", - გვითხრა დემოგრაფმა ანზორ სახვაძემ, რომელთან ინტერვიუსაც ქვემოთ გთავაზობთ:

- საქართველოში მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა და აქედან გამომდინარე, დემოგრაფების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მოსახლეობის ქორწინებისა და განქორწინების საკითხები. ცნობებს მოსახლეობის ქორწინების მდგომარეობისა და მისი ცვლილებების შესახებ დემოგრაფები იღებენ, ერთი მხრივ, მოსახლეობის აღწერისა და, მეორე მხრივ, მოსახლეობის სტატისტიკური აღრიცხვის მიხედვით.

- ქორწინებითი მდგომარეობის მიხედვით მოსახლეობის რა კატეგორიებს გამოყოფენ დემოგრაფები?

- ქორწინებითი მდგომარეობის მიხედვით მოსახლეობა იყოფა დაქორწინებულებად და დაუქორწინებლებად. თავის მხრივ, დაუქორწინებელთა კატეგორიაში გამოიყოფა შემდეგი ქვეკატეგორიები: არასდროს დაქორწინებულები, ქვრივები და განქორწინებულები. ამ კატეგორიებიდან განსაკუთრებით ყურადსაღებია არასდროს დაქორწინებულთა ქვეკატეგორია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დემოგრაფიული რეზერვი შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად. ამიტომაც, მკითხველის ყურადღებას სწორედ ამ კატეგორიაზე შევაჩერებ, მაგრამ ვიდრე უშუალოდ ამ საკითხზე ვისაუბრებდეთ, განვიხილოთ ქორწინებისა და განქორწინების დინამიკა საქართველოში. ქორწინებათა ყველაზე მაღალი რიცხვი საქართველოში 1979 წელს აღინიშნა: როდესაც რეგისტრირებული იყო ქორწინების 52 524 შემთხვევა, რაც ყოველ ათას სულზე გაანგარიშებით 10,4-ს შეადგენდა. ხოლო ქორწინებათა მინიმალური რიცხვი კი აღინიშნა 2002 წელს, როცა საქართველოში მხოლოდ 12 535 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, რაც ყოველ ათას კაცზე გაანგარიშებით 2,9-ს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქორწინებათა რაოდენობის ამგვარ დინამიკაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, ერთი მხრივ, მოუწესრიგებელ სტატისტიკურ აღრიცხვას, ხოლო, მეორე მხრივ - ქორწინების სამოქალაქო რეგისტრაციის ნაცვლად საეკლესიო წესით რეგისტრაციასაც.

- რას გვეტყოდით განქორწინებების თაობაზე?

- რაც შეეხება განქორწინებებს, მათი რიცხვი მინიმალური იყო 1950 წელს, როცა 427 შემთხვევა აღირიცხა, რაც ყოველ ათას კაცზე გაანგარიშებით უდრიდა 0,1-ს. განქ­ორწინებებმა მაქსიმალურ ზღვარს 1990 წე­ლს მიაღწია: აღირიცხა 7 796 შემთხვევა, რაც ყოველ ათას კაცზე გაანგარიშებით 1,4-ს­ შეადგენდა, თუმცა ყურადსაღებია აღურიცხავი შემთხვევებიც. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა განქორწინებათა დაბალი დონით. საბედნიეროდ, სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, ჩვენი მონაცემები ახლაც არ არის ძალიან მაღალი. ასე მაგალითად: 2011 წელს განქორწინებათა რაოდენობამ ყოველ ათას კაცზე გაანგარიშებით 1,3 შეადგინა. ახლა კი დაუქორწინებელთა კატეგორიასაც მივხედოთ: სამწუხაროდ, ამჟამინდელი მდგომარეობით მათი ზუსტი რიცხვი დემოგრაფებმაც კი არ ვიცით, რადგან ასეთი მონაცემები მხოლოდ მოსახლეობის აღწერისას გროვდება. მაგალითად, 1989 წლის აღწერით საქართველოში 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში 829 560 ადამიანი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, 2002 წლის აღწერით კი არასდროს დაქორწინებულთა რიცხვმა 882 199 ადამიანი შეადგინა, ესე იგი, საგრძნობლად გაიზარდა, რაც სულაც არ არის კარგის ნიშანი. სამწუხაროდ, 2002 წლის შემდგომ პერიოდში აღწერა არ ჩატარებულა, რის გამოც შეუძლებელია ამ კატეგორიის მოსახლეობის რაოდენობის დადგენა. სხვათა შორის, 2002 წელს აღრიცხულ დაუქორწინებელ მოქალაქეებს შორის ნახევარზე მეტი ვაჟია.

- დაუქორწინებლობის მიზეზად ხშირად ასახელებენ მატერიალური პირობების არქონას. ძალიან საინტერესოა თქვენი, როგორც დემოგრაფის მოსაზრება ამ საკითხზე.

- რა თქმა უნდა, ოჯახის შესაქმნელად ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რასაც ვერ ვიტყვით განქორწინებაზე: განქორწინებისას მატერიალური პრობლემები პირიქით შემაფერხებლად მოქმედებს: მაგალითად, როცა მეუღლეებს ერთი ბინა აქვთ, ისინი ცდილობენ, ოჯახი შეინარჩუნონ, რადგან წასავლელი არსად აქვთ, ან როცა ერთი მეუღლე მეორეზე დამოკიდებულია მატერიალური თვალსაზრისით, ესეც აკავებს მათ ურთიერთობას. დაუქორწინებელთა შემთხვევაში კი ყველაფერი საპირისპიროდ ხდება, რადგან დღეს ქორწინებისადმი მოთხოვნები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ადრეულ პერიოდებში იყო. ამას ემატება უსახსრობა, უპერსპექტივობა და უმუშევრობა. როცა ადამიანს არა აქვს ნორმალური მატერიალური მდგომარეობა, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ როცა მისი გამოსწორების შესაძლებლობა და იმედიც არა აქვს - უარესი. ამიტომაც ბევრი ახალგაზრდა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების იმედით წლების განმავლობაში გადადებს ხოლმე ქორწინებას. საქართველოში ძალიან გაიზარდა საქორწინო ასაკიც. თუ ევროპაში 30-35 წლის და შემდგომ ასაკში ქორწინება ჩვეულებრივი ამბავი იყო და არის, ახლა ეს ტენდენცია უკვე საქართველოშიც შეიმჩნევა. ჩვენი მონაცემებით, დაუქორწინებელთა რაოდენობა მოსახლეობაში 25,5 პროცენტია, ანუ ყოველი 100 ადამიანიდან, რომელიც 15 წელს არის გადაცილებული, 25 არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. ჩვენისთანა მცირე ერისათვის ეს საკმაოდ უსიამოვნო მონაცემებია.

- ბატონო ანზორ, ბევრი ამბობს, რომ საქართველოში დაუქორწინებელ ვაჟებს რაოდენობით ქალები სჭარბობენ, რის გამოც ბევრი ახალგაზრდა ქალი ოჯახისა და შვილების გარეშე რჩება.

- დემოგრაფიული მონაცემები სხვა რამეზე მიუთითებს, კერძოდ, ამ კატეგორიის მოსახლეობაში ვაჟები სჭარბობენ, მაგრამ მათი რაოდენობა სოფლად უფრო მეტია, ვიდრე ქალაქად, ჩვენი გოგონები კი სოფლად გათხოვებას თავს არიდებენ, რასაც აქვს თავისი სოციალური თუ მატერიალური მიზეზები. ცნობილია ასეთი გამოთქმა - "საპატარძლოების ქალაქი" და "სასიძოების ქალაქი". საბჭოთა პერიოდში მაგალითად, იყო ასეთი სამრეწველო ქალაქი - ივანოვო, რომელსაც "საპატარძლოების ქალაქს" ეძახდნენ, რადგან იქ ძირითადად მსუბუქი მრეწვლობა იყო განვითარებული და საწარმოებში ბევრი ახალგაზრდა ქალი მუშაობდა. ისინი ოჯახებს ვერ ქმნიდნენ და სახელმწიფომ საკმაოდ გონივრული ნაბიჯი გადადგა: ივანოვოში სამხედრო ნაწილი ჩააყენეს, ეს პრობლემა რომ მოგვარებულიყო და მოგვარდა კიდეც.

- ერთი სიტყვით, აქაც მიზანმიმართული და გონივრული გადაწყვეტილებებია საჭირო?

- რასაკვირველია, მიზანმიმართულ დემოგრაფიულ პოლიტიკას ამ საკითხში გადა­მწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რა შეიძლება გაკეთდეს? - ბევრი რამ: მატერიალური წახალისება ახალდაქორწინებულთათვის, მათ­თვის საბინაო პირობების გაუმჯობესება, ხელმისაწვდომი სესხების გაცემა და ა.შ. ეს და სხვა ღონისძიებები ხელს შეუწყობს ოჯახების შექმნას და მძიმე დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას. სხვათა შორის, ადრე იყო ასეთი პრაქტიკა: იმათ, ვისაც ოჯახი არ ჰქონდა, ე.წ. უშვილობის გადასახადს ახდევინებდნენ. ამჟამად, ამგვარი ღონისძიების შემოღებამ შესაძლოა საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვიოს, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ოჯახები შექმნან, შვილები გააჩინონ და ჩვენი ერი როგორმე გამრავლდეს. ქართველ დემოგრაფებს ბევრჯერ უთქვამთ და მეც გავიმეორებ: ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან მიზანმიმართული, სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებაა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"