ახალაია, შესაძლოა, ციხიდან გამოუშვან

ახალაია, შესაძლოა, ციხიდან გამოუშვან

თავდაცვის და შსს-ს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, შესაძლოა, თვის ბოლოს ციხიდან გამოუშვან, ამის ალბათობა, მისი ადვოკატის და უფლებადამცველების ნაწილის თქმით, ძალიან მაღალია. თუმცა, პროკურატურაში ამბობენ, რომ ძიების პროცესი ისევ მიმდინარეობს, რა დროსაც ახალაიას შეიძლება სხვა ბრალდებაც დაუმტკიცდეს.

"რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რამდენად მაღალია ახალაიას გათავისუფლების შანსი და რა შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ის საპატიმრო დაწესებულებაში.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ახალაიას გირაოთი გათავისუფლება სავსებით რეალურია.

"საქმეში, სადაც გაგა მკურნალიძე ახალაიას ხელს ადებდა, პროკურატურას რეალურად სამხილები აღარ აქვს, რადგან მკურნალიძემ პროცესზე ჩვენება შეცვალა. ამიტომ ეს ახალ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს, რის გამოც გაჩნდა შანსი, რომ ახალაიას აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს და გირაოთი გაათავისუფლონ.

"ეს ერთ-ერთი მძიმე ბრალდება იყო, რის გამოც ახალაია საპატიმროში რჩებოდა. რაც შეეხება სხვა ეპიზოდებს, ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეებში ბრალდებულ სხვა პირებს გირაო აქვთ შეფარდებული და რატომ არ შეიძლება ახალაიაც გირაოთი გამოუშვან?

"მითუმეტეს, რომ მოწმეები დაკითხულები არიან და ზეწოლას ვერავისზე მოახდენს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მისი გირაოთი გათავისუფლების რეალური შანსი გაჩნდა, თუმცა ეს საბოლოოდ მაინც სასამართლოს გადასაწყვეტია", - ამბობს ველიჯანაშვილი.

მისივე თქმით, ახალაია საპატიმროში შეიძლება იმ შემთხვევაში დარჩეს, თუ სასამართლომ მკურნალიძის ჩვენება ახალ გარემოებად არ ჩათვალა.

"ამ შემთხვევაში მოსამართლე მას საპატიმროში დატოვებს. მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა და გამოძიებისთვის მიმალვა არის ორი ძირითადი საფუძველი, რის გამოც ადამიანს საპატიმრო ღონისძებას უფარდებენ, მეტი საფუძველი არც არსებობს, რომ ადამიანი დააპატიმრონ.

"იქიდან გამომდინარე, რომ მოწმეები დაკითხულები არიან, ახალაია მათზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, მეორე შემთხვევაში კი, ჩვენი არგუმენტი ის არის, რომ ის გამოძიებას არ მიმალვია და თავად გამოცხადდა პროკურატურაში, ამასთანავე, არ არის იმის საშიშროება, რომ რამე ახალი დანაშაული ჩაიდინოს", - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, შესაძლოა, დაცვის მხარემ ახალაიასთვის გირაოს შეფარდება 28 თებერვლის პროცესზეც მოითხოვოს.

"ჯერჯერობით სასამართლო მტკიცებულებების დაშვების საკითხს განიხილავს, შემდეგ კი პროცედურულად აღმკვეთი ღონისძიების სახის შეფარდების განხილვას დაიწყებს. მაშინ გვექნება საშუალება, რომ გირაოს შეფარდება მოვითხოვოთ. 28 თებერვალს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება და, შესაძლოა, გირაოს საკითხიც ამ დღეს დავაყენოთ", - ამბობს ველიჯანაშვილი.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე "რეზონანსთან საუბარში ამბობს, რომ არსებობს ძალიან დიდი შანსი ახალაია გირაოთი ან თავდებით გაათავისუფლონ, რასაც უფლებადამცველი რამდენიმე ნიუანსით ხსნის.

"საპატიმრო სასჯელის შეცვლის თეორიული შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი 28 თებერვალს დაცვის მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს, მათ შორის ახალ გარემოებას, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ახალაიასთვის პატიმრობის შეცვლის სამართლებრივ შესაძლებლობას.

"ასეთი მტკიცებულება შეიძლება იყოს მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა, რომელსაც ის წინასწარი გამოძიების პროცესში მხარს უჭერდა, ან სხვა რამე გარემოება.

"ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეიძლება ეს მოხდეს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრალდებას მხარს უჭერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენელი, ხოლო მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელია, ადვილი შესაძლებელია, სასამართლომ გაიზიაროს დაცვის მხარის შუამდგომლობა, უარი თქვას პროკურორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე და ახალაიას აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი ან პირადი თავდებობით შეუცვალოს", - ამბობს ლორთქიფანიძე.

უფლებადამცველის თქმით, ძიების მიმდინარეობის პროცესში პროკურატურამ რეალური მტკიცებულებები ახალაიას წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა.

"მას ბრალი წაყენებული აქვს ვაშლის საჭრელი დანით ვიღაც პირისთვის განზრახ დაზიანების და ერთ-ერთი პირის მძევლად აყვანის გამო, სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე ინფორმაცია არ მოგვისმენია.

"არადა, საზოგადოებაში იყო მოლოდინი, რომ ციხეებში დასადგურებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ათასეულობით შემთხვევის მხილება კონკრეტული მოწმეებით და სამხილებით მოხდებოდა.

"აღიძვრებოდა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც წამების გამო პირის პასუხისგებაში მიცემას ითვალისწინებს. მაგრამ ჩვენ ასეთი ფაქტის წინაშე პროკურატურამ ვერ დაგვაყენა და სასამართლოს არსებითი განხილვა ძველი ბრალდებებით მიმდინარეობს, ანუ ახალაიასთვის ახალი მუხლები არ წარუდგენიათ. ამიტომ იმის შანსი, რომ ახალაიას აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალონ, არსებობს და თანაც საკმაოდ მაღალი ალბათობით", - ამბობს ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, შესაძლოა, მკურნალიძის გარდა, ჩვენებები სხვა მოწმეებმაც შეცვალონ.

"რამდენადაც მე შევიტყვე, არის იმის საფრთხე, რომ მკურნალიძის გარდა სხვა მოწმეებმაც შეცვალონ ჩვენება და სასამართლო ფაქტის წინაშე დააყენონ, ამით კი ახალი გარემოებების გათვალისწინებით, პირის მიმართ შერჩეული აღმკვეთი ღონისძიების დაყენების თეორიული შესაძლებლობა გააჩინონ.

"ამჟამად ბრალდების მხრიდან მტკიცებულებების წარდგენა მიმდინარეობს, დაცვის მხარის მტკიცებულებების წარდგენა 28 თებერვალს მოხდება, ამ მტკიცებულებების განხილვას კი, გარკვეული შუამდგომლობებიც მოჰყვება", - ამბობს ლორთქიფანიძე.

პროკურატურის განცხადებით კი, ახალაიას ორ ძირითად საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მას ბრალი აქვს წაყენებული, მტკიცებულებების წარდგენა დასრულებულია, თუმცა, შესაძლოა, ძიების პროცესში მის მიმართ სხვა ბრალდებებიც გამოიკვეთოს.

"ბრალდების მხარემ სასამართლოში მტკიცებულებები უკვე წარადგინა და კონკრეტულ საქმეებზე მას ბრალი უკვე წაყენებული აქვს, ერთი ეხება სამხედრო მოსამსახურეების საქმეს და მეორე - ციხის ფაქტებს.

"თუმცა, შესაძლებელია, ბაჩო ახალაიას მიმართ სხვა ბრალდებებიც იყოს, ანუ საქმეების ძიების პროცესში სხვა ბრალდებებიც შეიძლება გამოიკვეთოს. ეს თეორიულად სავსებით შესაძლებელია, რადგან პროკურატურაში 18 ათასი საქმეა შემოსული და აქედან რომელიმეში შეიძლება ახალაიას ბრალდებაც გამოიკვეთოს.

"რაც შეეხება ახალაიას გირაოთი გათავისუფლებას, ეს სასამართლოს პრეროგატივაა და არა პროკურატურის, ამიტომ წინასწარ რამეს თქმა, რას გადაწყვეტს სასამართლო, შეუძლებელია", - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ გიგი კალანდაძეს, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალად წამების ორგანიზებაში მონაწილეობაც ედება. დანარჩენი პირები კი, რომლებიც საქმეში არიან ბრალდებულები, ბრალდების ეპიზოდებში თანამონაწილეებად პროკურატურის მიერ მიიჩნევიან.

მომდევნო სასამართლო სხდომა ახალაიას, კალანდაძის და შამათავას, ასევე მათთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის წინააღმდეგ 28 თებერვლისთვის დაინიშნა.

თამთა კაკაურიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ