ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებას 85 მილიონიდან 68 მილიონამდე ამცირებს. დახმარება ასევე უმცირდებათ სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის სხვა ქვეყნებს.
აშშ-ის ახალი ბიუჯეტის პროექტი პოლემიკის საგანია კონგრესის "რესპუბლიკელ" და "დემოკრატ" წევრებს შორის, მათ ბიუჯეტი 1 მარტს უნდა დაამტკიცონ. აშშ-ის ბიუჯეტის კლება ჯამში 85 მილიარდი დოლარით იგეგმება. პროექტი უცხო ქვეყნებისთვის დახმარების შემცირებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროებში ითვალისწინებს. დოკუმენტში ძირითადი ყურადღება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროგრამებს ეთმობა.
საერთაშორისო დახმაების შემცირების გადაწყვეტილება არ მოსწონს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის. ის აცხადებს, რომ ეს ფაქტი აშშ-ის მოკავშირეებში უარყოფით განწყობას გამოიწვევს. "საგარეო დახმარება არ არის საჩუქარი. ამერიკა ეხმარება სხვა ქვეყნებს ფეხზე დადგომაში, ხოლო შემდეგ ისინი გამოხატავენ მზადყოფნას ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად",- აცხადებს სახელმწიფო მდივანი.
აშშ-ის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველო რეგიონში ყველაზე დიდ დახმარებას მიიღებს, თუმცა თანხის მოცულობა 85-დან 68,7 მილიონი დოლარამდე შემცირდება. თბილისისთვის დახმარების შემცირება ყველაზე საგრძნობი იქნება იმ პროექტის განხორციელებაში, რომელსაც "ეკონომიკური ზრდის" გრიფი ადევს. რაც შეეხება "მსოფლიო და უსაფრთხოების" კატეგორიისთვის განკუთვნილ თანხას, იგი თითქმის უცვლელი რჩება და შეადგენს 21,7 მილიონ დოლარს.
"მსოფლიო და უსაფრთხოების" კატეგორიის ქვეშ მოიაზრება საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადება ნატოს სტანდარტებთან მიახლოებისთვის და ექსპერტების კვალიფიკაციის ზრდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში.
დავით ზალკანიანი (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე): "მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ინფორმაცია, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის საიტზე გამოაქვეყნა 2012 წლის აპრილის თვეში და არანაირად არ უკავშირდება საქართველოში პოლიტიკურ ცვლილებებს.
ამერიკის ბიუჯეტის ახალ პროექტში, რომელიც კონგრესმა უნდა განიხილოს, საქართველოსთვის საერთაშორისო დახმარების სახით გათვალისწინებულია 68,7 მილიონი ამერიკული დოლარი. 2012 წელს აღნიშნული თანხის ოდენობა იყო 85 მილიონი დოლარი.
ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ამერიკის მიმდინარე ფედერალური ხარჯები არის მთლიანად შეკვეცილი და არ არის გასაკვირი, რომ საერთაშორისო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხების რაოდენობამ იკლო. მიუხედავად ამისა, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნების სტატუსს, რომელიც ბიუჯეტის პროექტის თანახმად რეგიონში ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებს.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ სომხეთისთვის გათვალისწინებულია 36 მილიონი, მაშინ როცა 2012 წელს იყო - 44. აზერბაიჯანისთვის არის 16 მილიონი, როცა იყო 21 მილიონი, რუსეთისთვის განსაზღვრულია 52 მილიონი, მაშინ როცა 2012 წელს იყო 63 მილიონი. ასე რომ, ეს არის მთლიანად ტენდენცია, რომ აშშ-ში ფედერალური ბიუჯეტი იკვეცება".
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას ფინანსური და პოლიტიკური მიზეზი გააჩნია და ფინანსური დახმარების კლება იმდენად დიდი არ არის, რომ პანიკის საფუძველი გახდეს.
"ამ გადაწყვეტილებას, ფინანსური და გარკვეულწილად პოლიტიკური მიზეზები გააჩნია. ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბატონი ობამას რესპუბლიკელი კონკურსანტის მიერ გამოქვეყნდა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკა სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში იურთიერთებდა. საქართველო ამ სიაში არ ყოფილა.
დღეს აშშ-ის კონგრესში არის რესპუბლიკური გუნდის უმრავლესობა, ამიტომ მათაც იგივე განწყობა ექნებათ, სტრატეგიულ პარტნიორებად აღიარებული ქვეყნების მიმართ. არ არის იმდენად დიდი კლება, რომ რამე პანიკის საფუძველს გვაძლევდეს.
რეალობა გახლავთ ის, რომ სტატუსი სტრარეგიული პარტნიორის შესახებ საქართველოს ისევ რჩება, შემცირებული თანხა არ იძლევა იმის თქმის საბაბს, რომ ამერიკას გულგრილი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ. დაფინანსების შემცირების გამო, რამდენიმე ცხელთავიან პარლამენტარს შეიძლება, რუსეთის ფაქტორიც მოელანდოს. ამ შემთხვევაში, რამდენიმე მილიონით განსაზღვრული თანხა ვერანაირი მიმანიშნებელი ვერ იქნება, იმაზე თუ ვინმეს ეჭვი აქვს, რომ ქვეყნის სტრატეგიული ვექტორი იცვლება. ეს ძალიან უნდა არსებულ უმცირესობას, მათ ჯიუტად არ სურთ გაიგონ, რაზე საუბრობს დღევანდელი ხელისუფლება,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაზე აშშ-ის გადაწყვეტილებას მსოფლიოს ზესახელმწიფოში არსებულ ფინანსურ კრიზისის და ველების დიდი რაოდენობას უკავშირებს.
"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს, იმ ფინანსურ კრიზისთან რომელიც აშშ-ში არსებობს, ამერიკას გააჩნია დიდ ვალი, რომლის ზღვრული მაჩვენებელია, სადღაც 16 ტრილიონი ამერიკული დოლარით შემოიფარგლება. ალბათ ეს გახლავთ ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ამერიკას შეექმნა პრობლემები, დაფინასებასთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ სამხრეთ კავკასიას არ ეხება, არამედ დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობასაც, ყველგან, სადაც ამერიკა ფინანსურ დახმარებას ახორციელებდა,- უთხრა ჩიტაძემ "რეზონასს".
"რაც შეეხება სხვა მიზეზებს, ეს შეიძლება დაკავშირებული იქნას იმ პროცესებთან, რომელიც მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში. ერთი მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა დაინტერესებულია კასპიის ნავთობით, ამავე დროს აცნობიერებს, რომ აზერბაიჯანში არსებობს ავტორიტეტული რეჟიმი, ამიტომ აზერბაიჯანსაც უმცირებს დაფინანსებას. სომხეთში არ არის სრულყოფილი დემოკრატია, მიუხედავად იმისა, რომ გუშინწინ იქ არჩევნები ჩატარდა და მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება მოსალოდნელი იყო.
შეიძლება აშშ საქართველოშიც ელოდება მოვლენების განვითარებას. აინტერესებს პირველი ოქტომბრის შემდგომ პერიოდში რა გზით წავა საქართველო და აქედან გამომდინარე ალბათ გადაიხედება კიდეც მომავალში ამერიკის დახმარების საკითხი",- ამბობს ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბარში.
თამთა ვირსალაძე