ორიოდე დღის წინ "ყაზტრანსგაზის" სათავო ოფისთან კომპანიის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის თანამშრომლები გაიფიცნენ. სამუშაო პირობებთან ერთად ისინი რამდენჯერმე შემცირებული ხელფასის აღდგენას ითხოვდნენ. ბევრმა შესაძლოა, არც იცის, რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნული სამსახურის გამართულად მუშაობას ქალაქის უსაფრთხოებისათვის. ამ თემაზე ჩვენ ლაბორატორიის დამფუძნებელსა და მის ყოფილ ხელმძღვანელს, სოსო სიმონიშვილს ვესაუბრეთ.
სოსო სიმონიშვილი:
- "ყაზტრანსგაზში" დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ჩამოყალიბების იდეა გია გვიჩიანის დროს გაჩნდა. მანამდე, მსგავსიც კი არაფერი არსებობდა საქართველოში. კომპანიაში ინვესტორი აპირებდა შემოსვლას და უნდა გვცოდნოდა, რა მდგომარეობაში იყო თბილისის გაზის მეურნეობა. დავიწყე მოკვლევა ინტერნეტით, თუ არსებობდა დიაგნოსტიკა, აპარატები და მეთოდოლოგია გაზის მეურნეობის დარგში მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკელები ამ თვალსაზრისით ბევრად წინ არიან წასული, ამიტომაც შევარჩიეთ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ტექნიკა და ამერიკაში ამ ტექნიკის შემქმნელებსაც დავუკავშირდით. ამასობაში სამუშაო გუნდიც შევკრიბე, ზოგი ინჟინერი, ზოგი ინფორმატიკის სპეციალისტი და ზოგიც ფიზიკოსი. შემდეგ მოხდა ისე, რომ გია გვიჩიანი დააკავეს. ამასობაში ყაზახები შემოვიდნენ კომპანიაში საინვესტიციო პროგრამით და როცა ჩვენი დაწყებული საქმე გავაცანი, არც უფიქრიათ, ჩვენ მიერ შერჩეული ტექნიკა სრულად შეიძინეს და ჩამოიტანეს.
მინდა გითხრათ, რომ გაზის წნევის რეგულირებისას ძირითადი საფრთხე მიწისქვეშაა, რადგან იქ აგრესიული გარემოა, რაც მილების ჟანგვას იწვევს. შემდეგ ჟანგი მილს ხვრეტს, გაზი გამოდის და რადგან მსუბუქია, ზემოთ ამოსასვლელად მიისწრაფვის. მიწის ქვეშ, გაზის მილების გარდა, სატელეფონო კაბელები, კანალიზაციის და სანიაღვრე მილები, დენის კაბელებია, რომლებიც თავის მხრივ პლასტმასის მილებშია მოთავსებული. გაზი შედის ამ მილებში, მიჰყვება მათ, ხოლო ეს მილები, მოგეხსენებათ, სახლებში შედის. გაზი პირველ რიგში სარდაფებში გროვდება და როცა ატმოსფეროში მისი შემცველობა 5%-ს სცდება, ამას უკვე მგრგვინავი გაზი ჰქვია, რომელიც შესაძლოა თავისით აფეთქდეს. აღარაფერს ვამბობ, რომ მის აფეთქებას შენობაში შუქის ანთებამ ან უბრალოდ კარის გაღება-დახურვამ შეიძლება შეუწყოს ხელი.
- რამდენად ხშირია ამ მიზეზით აფეთქების შემთხვევები?
- გასულ წელს, ამ მიზეზით სამი სახლი აფეთქდა და ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მანამ, სანამ ჩვენი სამსახური ჩამოყალიბდებოდა, ე.წ. შემოვლის სამსახური არსებობდა. ამ სამსახურში 300 ადამიანი მუშაობდა ყოველგვარი ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე. გაგეცინებათ, მაგრამ ისინი ცხვირებით მუშაობდნენ. გაზს ხომ სუნი აქვს ოდორიზაციის შედეგად. ასეთი ტერმინიც არსებობდა - "ცხვირები აამუშავეთო". 1-2 მეტრის სიღრმეზეა გაზის მილები მიწაში და იქ რომ დაზიანება მოხდება, სანამ დიდ ავარიად არ იქცევა და დიდი რაოდენობით არ მოხდება გაზის გაჟონვა, შეუძლებელია სპეციალური ხელსაწყოს გარეშე მისი გამოვლენა მოხდეს. ასე რომ, ის სამსახური, რომელიც "ცხვირით მუშაობდა", დაზიანების საწყის ეტაპს ვერ ავლენდა. ჩვენ კი ლაბორატორიისთვის ჩამოვიტანეთ ლაზერული ხელსაწყოები, რომელიც 35 მეტრის მანძილზე პოულობდა გაზის გაჟონვის წყაროს. 35 ადამიანი იმაზე ხუთჯერ მეტის გაკეთებას ვახერხებდით, რასაც მანამდე 300 ადამიანი აკეთებდა. 300 ადამიანი დღეში ცხვირით თუ პოულობდა 2-3 ავარიას, ჩვენ ვპოულობდით 15-20 ავარიას. საავარიო სამსახური, რომელსაც მცირე ავარიების აღმოფხვრა ევალებოდა, გადაირია: არასდროს ამდენი არ გვიმუშავიაო.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია