"ინვალიდობით ცხოვრება არ მთავრდება..."

"ინვალიდობით ცხოვრება არ მთავრდება..."

პატარა ბიჭი იყო, როცა მდინარეში საბედისწეროდ გადახტა, მაგრამ ამბობს, რომ იმ "ბედნიერმა დღემ" მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ალბათ, გაგიკვირდათ "ბედნიერს" რომ უწოდებს იმ დღეს, მაგრამ გიორგი კოხრეიძე ("მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის" დამფუძნებელი) ამ ყველაფერს თავისებურად ხსნის... ის აქტიური ადამიანია: მყინვარწვერი ერთხელ უკვე დალაშქრა, მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ ტურნირში და იმ ახალგაზრდებსაც აქტიურობისკენ მოუწოდებს, რომლებიც შინ დათრგუნვილები სხედან. ზრუნავს მათთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნაზე და საკუთარი მაგალითით აჩვენებს, რომ ცხოვრება გრძელდება...

- ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა, ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი. 14 წლისამ სერიოზული ტრავმა მივიღე: ქვიშხეთში ვისვენებდი, მდინარეში ვხტებოდი, კისრის მალებს შორის სისხლძარღვი რომ მოვიყოლე და ამოსვლა ვეღარ შევძელი... კისრის მალებით გადაკეტილი სისხლძარღვი მხოლოდ ოპერაციით თუ გაიხსნებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა...

- ოპერაცია რომ გაგეკეთებინათ, შემდგომში ეტლი აღარ დაგჭირდებოდათ?

- არა... დაბალი კვალიფიკაციის ექიმების ხელში აღმოვჩნდი. ტრავმის მიღებიდან მე-5 დღეს შოკიდან გამოვედი, მაგრამ ისეთი პრეპარატი მომცეს, რომელმაც გულისრევა გამოიწვია. ამისთვის თავი გვერდზე გადამიწიეს, ეს კი თურმე არ შეიძლებოდა... მოკლედ, კისრის გადატრიალებისას, ლამის სამჯერ გარდავიცვალე. მკურნალი ექიმი ჩემს მშობლებს ამშვიდებდა, აღდგენითი პროცესი მიდის და ყველაფერს დრო სჭირდებაო. იმ ლოდინში 4 წელი დაიკარგა. მერე კი ოპერაცია უკვე დაგვიანებული იყო...

- ტრავმის შემდეგ ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- საერთოდ, ხიფათიანი ადამიანი ვარ და 27 წლისამ, კისრის მალები ისევ დავიზიანე. 2008 წელს ავტოავარიაში მოვყევი. მაშინ 41 წლის გახლდით. წინასწარ ვგრძნობდი თითქოს, რომ ამ ასაკში რაღაც დამემართებოდა.

- წინათგრძნობა გქონდათ?

- როცა წლების განმავლობაში, ეტლს მიჯაჭვული, ოთახში ზიხარ და შენ გარშემო მხოლოდ ფანჯრიდან დანახული სამყარო იცვლება, ძალაუნებურად ფიქრს ეჩვევი... 20 წლისა ჩანაწერებს ვაკეთებდი, იმ ამბებიდან, რასაც ვწერდი, ცხოვრებაში ბევრი რამ ამიხდა. თან, 41 რიცხვი შებრუნებულად ხომ 14-ია? ტრავმა 6 ივნისს მივიღე, 14-ში კი 41 წლის გავხდი. მძიმე ავარია იყო, მაგრამ გადავრჩი და უკვე ვიცოდი, თავისთვის როგორ უნდა მომევლო. მდგომარეობიდან ერთ თვეში გამოვედი...

- პირველი ტრავმის მიუხედავად, დაამთავრეთ სკოლა, უნივერსიტეტი და ამერიკაშიც იყავით. როგორ მოხვდით ამერიკაში?

- გიორგი ძნელაძემ ("კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის"თავმჯდომარე) დამირეკა და მკითხა: გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლიდერების სკოლაში, ამერიკაში ხომ არ წახვალო? თავიდან ვყოყმანობდი, მაგრამ ოჯახის წევრებმა მირჩიეს, გიორგის წინადადება მიმეღო. სკოლაში გერმანულ ენას ვსწავლობდი. ამერიკაში კი ინგლისური ენის ცოდნა იყო საჭირო. ამასთან, უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი. მოკლედ, მცირე დროში, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაც მოვახერხე და ინგლისური ენის შესწავლაც. ამერიკიდან კი შეიძლება ითქვას, რომ სხვა ადამიანი დავბრუნდი... უნივერსიტეტში იურიდიული განათლება საერთაშორისო სამართლის განხრით მივიღე. დღევანდელ მთავრობასა და პარლამენტში ჩემი თანაკურსელები საკმაოდ არიან.

- მაგალითად?

- ირაკლი ალასანია, თინა ხიდაშელი, ირაკლი ოქრუაშვილი, ლაშა ჟვანია... ძლიერი ჯგუფი გვქონდა.

- უნივერსიტეტში ეტლით სიარულს როგორ ახერხებდით?

- გადაადგილებისას პრობლემები მექმნებოდა. მეუბნებოდნენ, დაუსწრებელ ფაკულტეტზე გადადიო, მაგრამ არ დავთანხმდი. სახლში ჯდომის სურვილი არ მქონდა... ამერიკაში ყოფნისას ვისწავლე და გავერკვიე იმაში, რისი უფლებები მქონდა, რა შემეძლო გამეკეთებინა და როგორ უნდა დამეგეგმა მომავალი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ამ ყველაფრის დანერგვა დავიწყე... მაგრამ ვწუხვარ, რომ საზოგადოების წევრები, ხშირ შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაკვირვებულები გვიყურებენ, ხოლო თუ ნასვამია, ცუდ მდგომარეობაში გვაყენებენ. ზოგი ხურდას გვაწვდის და ბევრი კომიკური სიტუაციაც გვქონია...

1992 წელს საკუთარი ხელით გაკეთებულ, წყლის თხილამურებზე დავდექი. დაახლოებით ისეთი გამომივიდა, როგორიც ამერიკაში ვნახე. მინდოდა, საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანებს დახმარება კი არა, თანაბარ პირობებში ყოფნა სჭირდებათ. შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების პირველი სპონსორი ვიყავი. ამერიკაში, იმავე გაცვლითი პროგრამით, რომლითაც მე ვიყავი, 5 ადამიანი გავუშვი, მაგრამ იმ ადამიანებმა არ გაამართლეს. ბევრი რამ კი ისწავლეს, მაგრამ დღეს არ აქტიურობენ. როგორც ჩანს, ბრძოლის უნარი არ აღმოაჩნდათ. წლების მანძილზე სხვადასხვა ორგანიზაციის მესვეურებთან პოლემიკაში შესვლაც ხშირად მიწევდა. ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია - "ოქსფამთან"ერთად, "ინვალიდთა ლიგა"დავაფუძნე. ერთობლივი ძალისხმევით ავამუშავეთ საწარმო, სადაც ფეხსაცმელები იკერებოდა და ინვალიდები იყვნენ დასაქმებულები... ბევრ რამეზე გული მტკივა, რადგანაც საქართველოში საქმე თანამიმდევრულად არ კეთდება. 2003 წლამდე ინვალიდებისთვის ბევრი ქუჩა იყო ადაპტირებული. მერე რესტავრაცია ჩაუტარდა თბილისის უბნებს და ინვალიდებისთვის განკუთვნილი ასასვლელები მოშალეს. ამასთან, წინა ხელისუფლების დროს, ბევრი ინიციატივა იბლოკებოდა. ჩემს ინტერვიუებსაც ტელეარხები არ უშვებდნენ... მოგეხსენებათ, ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებელი გახლავართ. ჩემი ძმა - დათო და შალვა რამიშვილი ერთად დაიჭირეს. მარტო დავრჩი. მაშინ ზოგიერთებს აქტიურობა რომ გამოეჩინათ და გვერდით დამდგომოდნენ, შემდეგში ტელევიზიის სიხშირე სახვეწარი აღარ ექნებოდათ. ტელევიზიაში არანაირი რეკლამა აღარ მოდიოდა. ბრძოლას აზარი აღარ ჰქონდა და დავხურე. პოლიტიკურ პარტიებს დღემდე "202"-ის ვალი აქვთ.

- პარლამენტის წევრიც იყავით. თავის დროზე, პოლიტიკას რატომ არ გაჰყევით?

- ეს ზურაბ ჟვანიას რჩევით მოხდა, მაგრამ ჩემი პირობები მქონდა! იცოდნენ, რომ ყველაფერზე ტაშს არ დავუკრავდი. ასეც ვიქცეოდი. მერე მივხვდი, რომ ეს დიდად არ სიამოვნებდათ. ერთ დღესაც, პარლამენტში პატარა ძეგლი მივიტანე და ჩემს ადგილზე, სადაც ვიჯექი, დავდე, ამას ელაპარაკეთ-მეთქი. ბოლოს კი პოლიტიკიდან წავედი.

- შეიძლება, პირად ცხოვრებაზეც გკითხოთ?

- რა თქმა უნდა. დაოჯახებული არასდროს ვყოფილვარ.

- ეს თქვენმა მდგომარეობამ განაპირობა?

- ჩემი მდგომარეობა გარკვეულწილად საკითხისადმი ჩემს მიდგომას განაპირობებს. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ დასაოჯახებელი ეტლზე დამოკიდებულების გამო დავრჩი. ასე ინება უფალმა. ჯანმრთელი ადამიანებიც ხომ რჩებიან ოჯახის გარეშე?

- მარტო ცხოვრობთ?

- დიახ.

- სასოწარკვეთის მომენტი არასდროს გქონიათ?

- როგორ არ მქონია, 19 წლის ვიყავი, თავის მოკვლა რომ ვცადე, დეპრესია მქონდა, მაგრამ გამიმართლა, ტყვია არ გავარდა. იმის მერე მივხვდი, რომ სიკვდილი არ მინდოდა და იარაღიც შორს მოვისროლე... 20 წლისას მამა გარდამეცვალა, ერთ წელში დედაც დავკარგე და მარტო, ძმის ამარა დავრჩი... მშობლები ადამიანისთვის მაინც სხვა რამ არის... 34 წელი გახდება, რაც ეტლით ვსარგებლობ, 2 წელია, ელექტროეტლზე ვზივარ... 2 წლის წინ ამერიკაში მეგობართან ვიყავი ჩასული, რომელსაც სახლში ელექტროეტლი ჰქონდა და ამით პირველად იქ ვისარგებლე. მერე კი, ის მეგობარი დამეხმარა და ეს ეტლი 500 დოლარად მაშოვნინა, თორემ ასეთი ახალი ეტლი 12.000 დოლარი ღირს.

- ახლა იმის შესახებ მიამბეთ, მყინვარწვერზე როგორ ახვედით?

- სპეციალური ციგები გვქონდა. ექსპედიციაში 5 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით: სულ 30 კაცი და იქიდან 5 ეტლით მოსარგებლე. უამინდობის გამო, 3700 მეტრის სიმაღლეზე მეტეოსადგურში თვე-ნახევარი ვიცხოვრეთ. ჩვენი ციგები მძიმე და არაპრაქტიკული იყო და გადავაკეთეთ, უფრო მოხერხებული გავხადეთ. მერე, როგორც იქნა, გამოიდარა და მწვერვალი დავლაშქრეთ.

- ცოტა ხნის წინ ჯომარდობის ტურნირშიც მონაწილეობდით.

- კი, რაც ძალიან საინტერესო იყო. ტურნირის რთულ სახეობაში ვმონაწილეობდით და გუნდიდან 32-მა 1-ლი ადგილი დავიკავეთ. ისეთი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, წლების მანძილზე რომ ვარჯიშობდნენ, ჩვენ კი პირველად ვცადეთ და არ დავმალავ, კონკურენტებს ოსტატობით კი არა, ჭკუით ვაჯობეთ.

- შეხვედრამ, რომელიც ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრთან გქონდათ, როგორ ჩაიარა?

- შეხვედრას იმისთვის დავესწარი, რომ ჩემი სათქმელი მეთქვა. ხელისუფლებას ნამდვილად აქვს იმის სურვილი, რომ რაღაც გააკეთოს, მაგრამ თუ ჩვენი გამოცდილება არ გამოიყენეს, სურვილი სურვილად დარჩება. პრემიერ-მინისტრმა ჩვენი პრობლემის მიმართ ინტერესი გამოიჩინა. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს, დაველოდებით. "ნაციონალებს"9 წელი ველოდეთ და...

- იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, რას ურჩევთ?

- ...იმ დღეს, როდესაც დავხეიბრდი, "ბედნიერს"ვუწოდებ. უფალი სამართლიანია: თუ ერთი მიმართულებით შემზღუდა, სხვა მიმართულებით განმავითარა. უცხოეთში ისეთი ახლობლები მყავს, რომლებსაც კიდურები საერთოდ არ გააჩნიათ, მაგრამ ისეთი შემართებით და აქტიურად ცხოვრობენ, რომ ჯანმრთელ ადამიანსაც კი შეშურდება... ხოლო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სახლში არიან ჩაკეტილები, ერთ გამოთქმას შევახსენებ და ვურჩევ, ეს სიტყვები ცხოვრების დევიზად გაიხადონ: "გამოიწვიე საკუთარი თავი და შეცვალე სამყარო". სწორედ მათ უნდა შეცვალონ სამყარო, თქვენ გარდა, ამაზე სხვა არავინ იფიქრებს. ინვალიდობით ცხოვრება არ მთავრდება, ყველაფერი წინ არის...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"