ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი მკვლელობის დამკვეთების დასჯას ითხოვს და უახლოეს მომავალში პროკურატურას მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების თაობაზე მიმართავს, - ამის შესახებ დღეს, გიორგი სანაიას ძმამ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა.
მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრები, ახლობლები და ჟურნალისტები დღეს ტრადიციულად, გიორგი სანაიას დაბადების დღეზე მის საფლავზე შეიკრიბნენ. "ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას ხელახალი გამოძიების დაწყების თაობაზე. ამის სრული საფუძველი არსებობს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც გახსნილი არ არის. არ არიან დამკვეთები დაკავებულები და ამ საქმეში მონაწილე სხვა პირები", - აღნიშნა ვახო სანაიამ.
მისივე თქმით, 2004 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ გასაჩივრებული განაჩენის ძალაში დატოვება ხელს არ უშლის პროკურატურას, რომ ახალი ინფორმაციის ან მტკიცებულების მოპოვების შემთხვევაში მოახდინოს სხვა პირთა, სავარაუდო თანამონაწილეთა მიმართ ან ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო სისხლის სამართლის საქმის ხელახლა გამოძიება დაიწყოს.
როგორც ვახო სანაიამ აღნიშნა, ოჯახის წევრებისთვის იმაზე მეტია ცნობილი, ვიდრე ზოგადად საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს ცნობილი და ოჯახი პროკურატურას გამოძიების მიმდინარეობისას ყველანაირად დაეხმარება და ხელს შეუწყობს.
რაც შეეხება გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას, ვახო სანაიას თქმით, არ გამოირიცხება ამ საქმეში მისი მონაწილეობა, თუმცა მის მიერ დასახელებული მიზეზები არსებითი არ არის. მკვლელობა გახსნილი არ არის და შემკვეთები არ დასჯილან.
გიორგი სანაიას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს.