დავით ნარმანია მეორე შვილს ელოდება

დავით ნარმანია მეორე შვილს ელოდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ძალიან ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა. მასთან მისი ცხოვრების გზაზე ვისაუბრეთ, ასევე პირად ცხოვრებაზე და ცოტაც საქმეზე. ჩვენი რესპონდენტისგან საინტერესო სიახლეც შევიტყვეთ, ის პატარას ელოდება...

-  რა სიტყვებით დაიწყებდით საკუთარი ავტობიოგრაფიის წერას? როგორი ადამიანი ხართ საკუთარი გადმოსახედიდან?

-  თუკი წერას დავიწყებდი, მაშინ გავიხსენებდი იმას, სად დავიბადე - ჩემთვის ძალიან ძვირფას ადგილას... მერე სკოლის შესახებ ინფორმაციას დავწერდი, რადგან მან ბევრი რამ მომცა. ენგურის სანაპიროზე არის ძალიან ლამაზი სოფელი კოკი, იქ დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე. შემდეგ იყო უნივერსიტეტი, ჯერ მაგისტრატურა, შემდეგ ასპირანტურა დავამთავრე და დისერტაციაც დავიცავი. გუშინ (ინტერვიუ ჩაწერილია 9 თებერვალს - ავტ.). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 95 წლის იუბილე აღინიშნებოდა და ძალიან მიხარია, რომ იქ მეც გახლდით. თავს დღემდე უნივერსიტეტელად მივიჩნევ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სასწავლებელი დავამთავრე და იქ დავიცავი დისერტაცია, არამედ იმიტომ, რომ დღემდე უნივერსიტეტის თანამშრომელი ვარ, ლექციებს ვკითხულობ, მიუხედავად ჩემი გადატვირთული რეჟიმისა, კვირაში ერთ დღეს, საღამოობით ვიცლი და ავდივარ ლექციების წასაკითხად. ჩემს ბიოგრაფიაში ამას განსაკუთრებული ადგილი აქვს, საიდან და როგორ მოვდივარ. სხვა დანარჩენი, გამოცდილება, რაც ცხოვრებაში შევიძინე, უკვე შემდეგი ეტაპებია.

ჩემი ბიოგრაფია ბევრისგან იმით არის განსხვავებული, რომ ერთ ადგილას მუშაობა არ მიწევდა და ბევრი სხვადასხვა პოზიცია მაქვს გამოვლილი, დაწყებული საჯარო სამსახურით, სადაც ორი წელი დავყავი, გაგრძელებული არასამთავრობო თუ ბიზნესორგანიზაციებით, ბოლოს კვლევით ცენტრს ვხელმძღვანელობდი და დღეს, ათწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ საჯარო სამსახურს დავუბრუნდი.

-  ძალიან რომანტიკულად დაიწყეთ საუბარი საკუთარ დაბადების ადგილზე. რა მოგცათ იმ სოფელმა, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ და სკოლამ, სადაც პიროვნებად ჩამოყალიბდით?

-  პირველ რიგში, სკოლამ მომცა არ მხოლოდ ზოგადი განათლება, არამედ ბევრი მიმართულებით უამრავი საინტერესო რამ. მაგალითად, მათემატიკა, რომელიც ძალიან დამეხმარა და დღემდე მეხმარება ჩემს საქმიანობაში, ძირითადად, სკოლაში ვისწავლე. გეოგრაფია ძალიან საინტერესოა ჩემთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ზოგადი განათლებისთვის არის აუცილებელი, არამედ იმის გამოც, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის შესახებ დიდი ინფორმაცია მქონდეს. ეკონომიკური გეოგრაფია იყო, როგორც წესი, ჩემი ინტერესის საგანი. გარდა ამისა, ჩვენს სკოლაში შინაურული გარემო იყო. ეს არ გახლდათ არც ძალიან დიდი, მაგრამ არც ძალიან პატარა სკოლა, თუმცა ყველა ყველას იცნობდა. სიმკაცრე არ იყო, თუმცა ვისაც ეს სჭირდებოდა, მკაცრად უდგებოდნენ, მე არ მჭირდებოდა, ვინაიდან ვცდილობდი, კარგად მესწავლა და მოწესრიგებული ვყოფილიყავი.

-  პროფესია როგორ აარჩიეთ, საყვარელი საგნების მიხედვით?

-  ერთი მიზეზი ნამდვილად ეს იყო, მათემატიკის სიყვარულმა განაპირობა გარკვეულწილად ჩემი არჩევანი, მეორე მიზეზი ისაა, რომ ეკონომისტობა პრაქტიკული პროფესიაა. რამდენიმე ჩემს ახლობელ ადამიანთან, მათ შორის, დეიდასთან მქონდა კონსულტაცია, რა და როგორ ჯობდა. ის ყოველთვის მეხმარებოდა რჩევებით. 1996 წელს არ იყო დალაგებული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის. ბევრმა სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა პროფესიის არჩევაზე.

-  ოჯახმა რა ღირებულებები ჩაგინერგათ, მკაცრად გექცეოდნენ?

-  რა თქმა უნდა. არ მქონია იმის საშუალება, რომ რაღაცებს ავყოლოდი, რაც ადამიანს ცუდ გზაზე დააყენებდა. იმანაც იქონია გავლენა, რომ დედა პედაგოგი მყავდა და მყავს, მამაც პედაგოგიური წრიდან მოდიოდა, ბებია-ბაბუა შედარებით რბილად გვექცეოდა, მაგრამ მათგანაც შეინიშნებოდა გარკვეული სიმკაცრე.

-  სტუდენტობას ალბათ კარგად იხსენებთ.

-  სტუდენტობის წლებში ძალიან აქტიური გახლდით, ვიყავი ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი, შემდეგ სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის თავმჯდომარე. ჩემს მეგობრებთან ერთად ბევრ სხვადასხვა ღონისძიებას ვაწყობდი, მაგალითად, ლაშქრობებს, ვიქტორინებს, კონცერტებს, ექსკურსიებს. სწავლის გარდა, დაკავებული ვიყავი ბევრი სხვა საქმით, რამაც ძალიან ბევრი მეგობარი შემძინა არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვა ფაკულტეტებიდანაც. ახლაც რომ ვხვდები მათ, ზოგი მეგობარია, ზოგი ახლობელი და მათთან ერთად სიამოვნებით ვიხსენებ გატარებულ წლებს.

მესამე კურსიდან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრი გავხდი, სადაც სამეცნიერო მიმართულებას ვხელმძღვანელობდი, შემდეგ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე გავხდი, 2007 წლამდე აქტიურად ვიყავი ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში.

-  როგორც მივხვდი, ეს აქტიურობა იმას უკავშირდებოდა, რომ თავიდანვე ფიქრობდით საჯარო სამსახურზე.

-  სიმართლე გითხრათ, ჩემი ძირითადი მოწოდება არის ის, რომ ვაკეთო კვლევები, მუდმივად ვეძებო სიახლეები, ჩემი ქვეყანა და მე არ ჩამოვრჩეთ იმ სიახლეებს, რაც მსოფლიოში ხდება. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს მაშინ, როცა კვლევით ვიყავი დაკავებული. საჯარო სამსახური დიდად არ მომწონდა, თუმცა ყოველთვის მზად ვიყავი, როცა საჭირო იქნებოდა ჩემი გამოცდილება საჯარო სამსახურში, ნებისმიერ პოზიციაზე მეთქვა თანხმობა. არ მინდა, გაცვეთილი ფრაზა ვთქვა, მაგრამ მინდოდა მეკეთებინა საქმე ქვეყნისა და ჩემი ხალხისთვის.

-  მივადექით იმ თემას, რამაც დღეს თქვენთან ინტერვიუზე ამ კაბინეტში მოგვიყვანა. როგორ მიიღეთ მინისტრობაზე შეთავაზება და გაგიჭირდათ თუ არა დათანხმება.

-  პირველ რიგში, იმას გავიხსენებ, რომ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები იცვლებოდა, მე ჩავები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მომზადებაში. ეს ჩემმა კოლეგებმა, მეგობრებმა მთხოვეს, ნოდარ ხადურმა მთხოვა, ის წლებია ჩემი მეგობარი გახლავთ, უნივერსიტეტიდან და ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციიდან. მე და კიდევ რამდენიმე ადამიანმა დავიწყეთ ეკონომიკური პროგრამის მომზადება, გვიწევდა პრეზენტაციები, შეხვედრები, რასაკვირველია, კოალიციის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთანაც. მასთან შეხვედრამ ორჯერ მომიწია. მერე ზაფხულში გერმანიაში გავემგზავრე სამი თვით და პროცესებს ცოტათი ჩამოვრჩი, მქონდა სამეცნიერო სტაჟირების პროგრამა, გერმანიის აკადემიური გაცვლების საბჭოს ორგზის სტიპენდიატი ვარ, ბოლო სამთვიანი ვიზიტი მქონდა ამ ქვეყანაში. თბილისში შუა სექტემბერში დავბრუნდი, როცა მოვლენები ძალიან მწიფდებოდა. ჩემს კოლეგებთან ერთად, რომლებიც არჩევნების მონიტორინგს აწარმოებდნენ, მეც ჩავები ამ საქმეში და ვაკვირდებოდი არჩევნებს. როცა კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა და დაიწყო მთავრობის ფორმირება, მათ გვერდით დადგომა მთხოვეს. ასე მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, რომ გავმხდარიყავი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. გადაწყვეტილება სწრაფად იყო მისაღები და სწრაფადვე მივიღე. თავიდან ითქვა, რომ ამ სამინისტროს რეორგანიზება იგეგმებოდა და ის უნდა გაერთიანებულიყო ეკონომიკის სამინისტროსთან, მაგრამ როცა საქმეებში ღრმად ჩავიხედეთ, ვნახეთ, რომ ასეთი მექანიკური გაერთიანება არ იქნებოდა ეფექტური და გარკვეული პროექტები გადავეცით ეკონომიკის სამინისტროს, ზოგიერთი კი აქ დავიტოვეთ და ვაგრძელებთ მათზე მუშაობას.

-  როგორია აქ მუშაობა?

-  ძალიან აქტიური, წლის განმავლობაში ასზე მეტი სხვადასხვა პროექტი მიმდინარეობს. დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც ნაწილობრივ ჩვენთან მზადდება. სამუშაო დღე იწყება დილას და ძალიან გვიან ღამე მთავრდება, ხშირად გავდივართ რეგიონებში, გვაქვს პრეზენტაციები, შეხვედრები ხალხთან. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ შაბათია, დილიდან ვმუშაობ და მერე კახეთში მივდივარ შეხვედრებზე. დღის მეორე ნახევარში უფრო არის ამოსუნთქვის საშუალება.

-  შეხვედრებისას სხვადასხვა კუთხეში როგორ გხვდებიან?

-  არ არსებობს მხარე, მუნიციპალიტეტი, ტერიტორია, სადაც მინიმუმ 2-3-ჯერ არ ვარ ნამყოფი. ბოლო წლებში მიწევდა რეგიონული განვითარების კვლევების მომზადება, ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტისთვის მაქვს დაწერილი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმები, მიწევდა ჩასვლა და იქ დარჩენა, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა ტრანსპორტი ასე განვითარებული არ იყო და არც საკუთარი მანქანა მყავდა. სამარშრუტო ტაქსებით თუ ავტობუსებით ვმგზავრობდი. მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვების წლები იყო, იმ წლებში უფრო სახალისო იყო რეგიონებში სიარული, საქმის მერე განტვირთვის თვალსაზრისით. უფრო სხვანაირად გვხვდებოდნენ. დღეს რეგიონებში ცოტა შეცვლილი ვითარებაა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოვიდა და ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი სოფელი დაიცალა. ბევრგან ცივილიზაცია შევიდა, ტელეფონია, ინტერნეტი იჭერს, იმ ენაზე გელაპარაკებიან და ისეთ რაღაცებზე, რაც თბილისშიც ხშირად გესმის...

-  გცნობენ, რომ ჩადიხართ?

-  რა თქმა უნდა.

-  თქვენს მშობლიურ კუთხეში ჩახვედით უკვე როგორც მინისტრი?

-  მაღალი მოლოდინი იმისა, რომ ჩემი კუთხისთვის უფრო მეტს გავაკეთებ, ვერ გამართლდება. ახლა ვადგენთ ობიექტურ კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც კონკრეტული მხარეებისთვის პროგრამები უნდა შეირჩეს. სტიქიიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში კახეთში უფრო მეტად ვიყავი, ვიდრე სამეგრელოში. კახეთში სტიქიის კომისია გვაქვს და კომპენსაციები რიგდება. ერთი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის არის, რომ ყველა მხარის ენა მესმის, ყველას აქვს თავისი ტრადიციები, მიდგომები, ვიცი, ვის რა ენაზე უნდა დაველაპარაკო.

-  კახელებს როგორ უნდა მიუდგე?

-  კახელები უფრო პირდაპირი ხალხია. იქ დიპლომატიური ენით საუბარი ნაკლებად გამოდის, მათთან უშუალოდ და პირდაპირ უნდა ისაუბრო. იმერლები უფრო ენაკვიმატი ხალხია და თუ რაღაც შეგეშალა, იუმორში გაგიტარებენ ისეთნაირად, რომ შეგრცხვება, მაგრამ თავად არ გაგრძნობინებენ (იღიმის). ჩემს მშობლიურ მხარეში ყველას უხარია, რომ არ ლაპარაკობ მხოლოდ ქართულად და გზადაგზა მეგრულს გაურევ (იცინის).

-  მოგზაურობა თქვენი გატაცებაა?

-  ნამდვილად მიყვარს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ძალიან მიყვარს ნადირობა, მაგრამ მინისტრობის პერიოდში სანადიროდ არ ვყოფილვარ. საქართველოს კუთხეების გარდა, სამოგზაუროდ ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში, აზიის ქვეყნებში, ინდოეთში გახლდით სამი კვირით კონკრეტული პროგრამით, გერმანიაში მაქვს დიდი დრო გატარებული, პოლონეთში, ლატვიაში, საფრანგეთში, იტალიაში ასევე ნამყოფი ვარ. შუა აზიის ქვეყნებში საბიუჯეტო საკითხებში კონსულტანტად მიწევდა მუშაობა. 150-ზე მეტჯერ ვარ ნამყოფი თვითმფრინავის ბორტზე. ძალიან მიყვარს ის მომენტი, როცა თვითმფრინავი სწყდება ასაფრენ ბილიკს.

-  ინდოეთში როდის იყავით?

-  2011 წლის თებერვალში, იქ ტემპერატურა საშუალოდ 17-20 გრადუსი იყო. არ ცხელოდა და შესაბამისად, სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების რისკი არ ყოფილა. დელიში ყველაზე მეტად გამაოცა ორმა აბსოლუტურმა უკიდურესობამ, ძალიან მდიდარი ადამიანები და კარგი უბნები და, მეორე მხრივ, ღატაკები, რომლებიც ესტაკადების ქვეშ ცხოვრობენ. წაგვიყვანეს ქალაქ აგრაში, ეს არის ადგილი, სადაც ტაჯ-მაჰალი მდებარეობს. ძალიან ბევრი ტურისტი ვნახეთ იქ, რამდენიმე ასეული ათასი ერთ დღეს. ვერც კი წარმომედგინა, რომ ასეთი უზარმაზარი რიგები იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლია. მაიმუნები ახტებიან ავტომანქანებს, როცა მანქანები ჩერდებიან...

-  ტაჯ-მაჰალი სიყვარულს უკავშირდება და თქვენს სიყვარულზე რას გვეტყვით?

-  ჩემი ამბავი ტაჯ-მაჰალს არ უკავშირდება (იცინის). მეუღლე, თინათინ თინიკაშვილი, 2007 წელს გავიცანი. ჩემი სტუდენტი გახლდათ. 2008 წლის 20 სექტემბერს გვქონდა ქორწილი, გვყავს შვილი, კონსტანტინე, რომელიც ბაღში დადის, სამწლინახევრისაა. გვაქვს პატარა ოჯახი, თბილად და კარგად ვართ. ერთადერთი საზრუნავი ისაა, რომ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ძალიან ცოტა დროს ვატარებ ოჯახთან.

-  როგორ მოხიბლეთ თქვენი მეუღლე?

-  გამორჩეული არაფერი მომხდარა. ვერ გეტყვით, რაიმე განსაკუთრებული რამ ჩავიდინე-მეთქი, ყოველდღე თითო ნაბიჯი იდგმებოდა ორივე მხრიდან და ასე მივედით ერთმანეთამდე.

-  ამბობთ, რომ არ გაქვთ თავისუფალი დრო. მეუღლე არ გეწუწუნებათ?

-  კი, ნაწილობრივ, წუწუნს ვერ დავარქმევდი, მაგრამ მთხოვს ხოლმე, კვირას მაინც არ მქონდეს საქმე. ეს უკეთესი იქნებოდა მისთვისაც და ჩემთვისაც, რადგან მე დიდი ხანი ოჯახის გარეშე ვერ ვძლებ. როცა ოჯახში არის სითბო და სიყვარული, ხშირად არ უნდა იყვნენ ცალ-ცალკე და შორიშორს ერთმანეთისგან.

-  მეოჯახე ადამიანი ყოფილხართ. ბაზარში თუ ეგზავნებით მეუღლეს?

-  მინისტრობამდეც არ ვეგზავნებოდი, რადგან კარგი ამორჩევა არ ვიცი. მე მძღოლის ფუნქციას უფრო ვასრულებდი ადრეც. კარგად თუ არ დამაბარეს და დამიწერეს, შეიძლება, სუპერმარკეტში რაღაცები შემეშალოს და ერთი სახეობის მაგივრად მეორე, მასთან დაკავშირებული ვიყიდო. ასეთი რამ გამიკეთებია და არც ისე იშვიათად.

-  ვიცი, რომ მეუღლე ფეხმძიმედ არის.

-  დიახ, საწყისი ეტაპია და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება (იღიმის).

-  ბევრი შვილის ყოლა გსურთ?

-  2-3-ის მაინც. მრავალშვილიანობაზე არასდროს მიფიქრია.

-  თუ არის თქვენს ურთიერთობაში რომანტიკა და საჩუქრები?

-  როდის როგორ. ალბათ უფრო იშვიათად. მირჩევნია, დამფინანსებლის როლში გამოვიდე და საჩუქარი თავად აარჩიოს, ვიდრე მე დავიწყო რაღაცის ძიება. უნდა მოვიფიქრო კარგად, მეუღლეს რა გაუხარდება და შეარჩიო, არც შერჩევის მხრივ მაქვს დიდი პრეტენზია და არც დრო მაქვს მოსაფიქრებლად (იცინის), ამიტომ სხვანაირი მიდგომა შევიმუშავე.

-  გატაცებებზე ვლაპარაკობდით და მოგზაურობა ვახსენეთ. გარდა ამისა, რით ხართ გატაცებული, რა გიყვართ ძალიან? მახსოვს, "ეტალონში" სტუმრობისას წაიმღერეთ. მღერით?

-  არა, არა... სტუდენტობის დროს მოვინდომე და გიტარაზე დავიწყე სიარული, მაგრამ სიმღერისას ხმა მაინცდამაინც არ მიწყობდა ხელს და გიტარასაც დავანებე თავი. გატაცებას თუ დავარქმევთ, იმ ქვეყნებიდან, სადაც ვმოგზაურობ, ფულის მონეტები ჩამომაქვს. ამას უფრო მეტად ჩემს პროფესიას ვუკავშირებ.

-  იმაზე თუ ფიქრობთ, როცა თქვენი მინისტრობა დასასრულს მიუახლოვდება, რამდენად კარგ სახელს დატოვებთ ამ კუთხით?

-  ჩემთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტი კარგი რამ გავაკეთოთ და შეფასება საზოგადოებას მივანდოთ. როგორსაც დავიმსახურებ, ისეთი შეფასება იქნება, მაგრამ ისეთ რაღაცას არ გავაკეთებ, რომ ვინმემ წამომაძახოს, რაღაც ცუდი გავაკეთე ან შემეძლო და არაფერი გამიკეთებია. შეიძლება, დადგეს ისეთი პერიოდი, ვიღაცამ ან რაღაცამ მაიძულოს არასასურველი ნაბიჯის გადადგმა და ამ შემთხვევაში მზად ვიქნები, დავტოვო პოსტი.

-  კრიტიკას როგორ იღებთ?

-  გვაკრიტიკებენ იმის გამო, თითქოს პროექტებს ვაჩერებთ. ზოგჯერ ვპასუხობ კრიტიკას, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ საქმე უნდა ვაკეთო და არ დავკავდე კრიტიკის მოსმენით და ამაში დროის დაკარგვა არ მინდა. თუმცა კრიტიკის ანალიზი საჭიროა, ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამზადებს ამ ანალიზს და გვაწვდის. ჩაკეტილ სისტემაში მუშაობა არ მინდა. თუკი კრიტიკა ჯანსაღია, ამას, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ.

-  რა პროექტები გაჩერდა, რაზეც საუბრობენ?

-  არც ერთი პროექტი არ გაჩერებულა, რაც ჩვენს სამინისტროს ეკუთვნოდა. რამდენიმეს გადავხედეთ, მაგალითად, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალთან დაკავშირებით დარღვევები იყო, ამიტომაც ხელახლა გვიწევს ამ პროექტის გამოცხადება. ერთადერთი, რაზეც უარი ითქვა, ეს იყო ლაზიკის მშენებლობა, რადგან ამაზე ჩვენს სამინისტროში არ ასებობდა ხარჯთაღრიცხვა, თანხა არ იყო გამოყოფილი. თანხა ცალკეული გადაწყვეტილებების საფუძველზე ქაოტურად იხარჯებოდა. ის ტერიტორია საინტერესოა, როგორც საპორტო ტერიტორია და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ინვესტორებთან. თუკი შემდგომში ჩვენი სამინისტროს ჩართვის საჭიროება გამოიკვეთება, აუცილებლად ჩავერთვებით.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"