ვარძელაშვილმა და ბიჭაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს

ვარძელაშვილმა და ბიჭაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაშია ბრალდებული, გლდანის N8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. დევი სირაძე ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და სჯობდა ის ტყვია მე მომხვედროდა", - განაცხადა ვარძელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა ასევე ვახტანგ ბიჭაშვილმა.

დევი სირაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაშია ბრალდებული, გირაოს სახით 3 ათასი ლარი შეეფარდა, იარაღის უკანონოდ გასაღება/ჩუქებაში ბრალდებულ ვახტანგ ბიჭაშვილს – 6 ათასი ლარი, ხოლო გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ქავთარაძეს – 15 ათასი ლარი.

ბრალდებულებს თანხის გადახდის ვადად 15 დღე განესაზღვრათ. ქავთარაძე საპატიმროს სავარაუდოდ ხვალ, გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

წინასასამართლო სხდომა 17 აპრილს, 12.00 საათზე გაიმართება.

სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად ორი პირი - ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი 22 თებერვალს, ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ. "ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად "ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ელი განყოფილება", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ