"იზვესტია"- მოსკოვში მზად არიან, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ

"იზვესტია"- მოსკოვში მზად არიან, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ

მოსკოვში მზად არიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ რუსული "იზვესტია" რუსეთის მთავრობის ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

რუსული გამოცემის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ახალ დონეზე ადის, რასაც მოწმობს ორმხრივი მოლაპარაკებების აქტივიზაცია და ის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, გრიგორი კარასინი მიმდინარე კვირის ბოლოს პრაღაში გამართავენ.

"რუსეთის თეთრმა სახლმა საქართველოს სამი დროშაც კი შეიძინა პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოდან მაღალი რანგის დელეგაციის მიღებისთვის",-წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

როგორც რუსული გამოცემის წყარო აცხადებს, დროშების შეძენაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსკოვში უკვე 2013 წელს ელოდებიან.

"საქართველოს დელეგაცია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოსკოვში ჩამოვა. თარიღი და ვიზიტის სხვა დეტალები განხილვის სტადიაშია", - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, წყარო იმასაც აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი რუსული მხრიდან აღნიშნულ შეხვედრაზე.

ოფიციალური მოსკოვი კი, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტისთვის მზადებას უარყოფს. "დღის წესრიგში მსგავსი საკითხი საერთოდ არ დგას",-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

სტატიაში მოყვანილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გუშინდელი განცხადება, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან კავშირები გააფართოვოს.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი ერთმანეთს დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რამდენიმე წუთით გაესაუბრნენ.

როგორც "იზვესტია" წერს, მათთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის გეგმებში რუსეთში ვიზიტი არ არის. "თუმცა, თეორიულად მოსკოვში ვიზიტი გამორიცხული არ არის",-აცხადებს აბაშიძე.

რუსეთში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ვიზიტს რუსი პოლიტოლოგებიც გამოეხმაურნენ. პოლიტოლოგი, საზოგადოებრივი პალატის წევრი სერგეი მარკოვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ლიდერებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მოსკოვში მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის რამდენიმე დაბრკოლება არსებობს.

"დიდი ხანია, ამის დროა. ივანიშვილს სურს რუსეთთან ურთიერთობების მნიშვნელოვანდ გაუმჯობესება, თუმცა ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან მისთვის მთავარი პრიორიტეტი სააკაშვილის "გადაგდებაა". საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი კი სწორედ იმას ელოდება, როდის დაიწყებს ივანიშვილის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და შემდეგ ატეხავს ყვირილს, რომ მას მხარი დაუჭიროს ანტირუსულმა ელექტორატმა",-განაცხადა პოლიტოლოგმა.

აქედან გამომდინარე, რუსი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში ვიზიტის თარიღი სააკაშვილი-ივანიშვილის პოლიტიკურ ბრძოლაზეა დამოკიდებული.

მომზადებულია izvestia.ru-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა