"ახალ ხელისუფლებას პიარტექნოლოგიების მხრივ პრობლემები აქვს"

"ახალ ხელისუფლებას პიარტექნოლოგიების მხრივ პრობლემები აქვს"

თქვენი მონა-მორჩილის მეზობლად ერთი "ნაციონალი" კოორდინატორი ცხოვრობს - კარგი და კაცური კაცი. ოღონდ, ერთი უცნაურობა ახასიათებს - როდესაც პატრული დააჯარიმებს, დარწმუნებულია: სპეციალური სიების საფუძველზე, თავისი პოლიტიკური მრწამსის გამო აჯარიმებენ. რას იზამ, "ცისფერი მთების" პერსონაჟის არ იყოს, პატარა კაცია და რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, "ზემოთ" მყოფთ, ანუ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს უკვე ავტომატიზებული აქვთ - ნებისმიერი ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულად მონათლონ. ამაში ჩემპიონი თბილისის მერი გიგი უგულავაა, რომელიც ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებს, მიუხედავად იმისა, მას ჯიხურის მეპატრონე უჩივის თუ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების ორგანიზებაში ედავებიან. სხვათა შორის, შესაძლოა, მინიისტორიული ფაქტის მომსწრენი გავხდეთ და როგორც "ნაციონალებს" უყვართ თქმა, პირველად საქართველოს ისტორიაში მოქმედი პრეზიდენტი დაჰკითხონ. ყოველ შემთხვევაში, არჩილ კბილაშვილის ცნობით, ტელეკომპანია "იმედის" საქმეში უგულავასა და კეზერაშვილთან ერთად მიხეილ სააკაშვილიც ფიგურირებდა და შესაძლოა, პრეზიდენტს მოწმის სტატუსით გამომძიებლისთვის ჩვენების მიცემამ მოუწიოს. ექსპერტი ბადრი ნაჭყებია მიიჩნევს, რომ დროა, კანონი ყველას ერთნაირად ეპყრობოდეს - მეეზოვით დაწყებული, მერითა თუ პრეზიდენტით დამთავრებული.

- დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს საოცარი მოვლენა, თუ პრეზიდენტთან გამოძიებას კითხვა გაუჩნდება. აშშ-ში თავის დროზე პრეზიდენტი ბილ კლინტონი დაჰკითხეს, ისრაელში კი - მოშე კაცავი, მაგრამ არ დაქცეულა ქვეყანა. კანონი ინდულგენციას არავის აძლევს და დროა, ეს ჩვენთანაც დამკვიდრდეს. რაც შეეხება გიგი უგულავას მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ტელეკომპანია "იმედთან" თუ "თბილსერვისთან" დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სასამართლოს უნდა დაველოდოთ. ბრალდებები მართლაც მძიმეა და თუ მართლაც მოქმედებდა აღნიშნული სქემა, საგანგაშოდ ყოფილა საქმე. ისე, საინტერესოა, პატარკაციშვილის ოჯახმა თუ იცოდა ამის შესახებ და თუ იცოდა, რატომ დუმდა.

- ბრალდებას უგულავა პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობას თბილისის თვითმმართველობის ხელში ჩაგდება სურს.

- ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკურ ზეწოლასთან გვაქვს საქმე. უგულავამ ნაჩქარევად არ უნდა შეაფასოს მოვლენები. ვიმეორებ, ბრალდება ძალიან სერიოზულია, რომელიც გამოძიებას საჭიროებს.

- რაც ცნობილი გახდა, რომ უგულავას ბრალდებას წაუყენებდნენ, იმავე დღეს "ნაციონალებმა" მერიაში საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს. პირველ ვიცე-მერად სევდია უგრეხელიძე ინიშნება, მერის მოადგილედ კი - ვანო მერაბიშვილი.

- გასაგებია, რას ემსახურება ეს საკადრო ცვლილებები - თავს იზღვევენ იმ შემთხვევისთვის, თუ უგულავას დააკავებენ. უგრეხელიძის რა მოგახსენოთ, მაგრამ მერაბიშვილის მერიაში გადასროლით სააკაშვილი ადასტურებს, რომ თბილისის დათმობას არ აპირებს.

ორხელისუფლებიანობის პერიოდში დედაქალაქისთვის ბრძოლა მწვავდება და ფართომასშტაბიანი ხდება.

- ამ ამბავში ერთ-ერთი მთავარი მომენტი ის არის, რომ უგულავასთვის ბრალის წარდგენას "ნაციონალები" უკავშირებენ 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას - ივანიშვილს აქციის შეეშინდა და "ნაციონალი" ლიდერების დევნა დაიწყოო.

- ესეც პიარტექნოლოგიაა. ისე, ღიმილის მომგვრელია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავს ოპოზიციას უწოდებს. საქართველოში კლასიკური ორხელისუფლებიანობაა. "ნაციონალების"

19 აპრილის მიტინგზე იქნება მცდელობა, რომ გამოიწვიონ ძალოვანი სტრუქტურები, როგორც ეს "ფერადი რევოლუციების" დროს ხდება.

თუ მიზანს მიაღწევენ, ჩაგრულის იმიჯს უკვე "ნაციონალური მოძრაობა" მოირგებს. ასეთი ნაბიჯები ემსახურება იმას, რომ მათ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დივიდენდები მიიღონ. 19 აპრილის მიტინგთან დაკავშირებით მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებზე არ უნდა ვილაპარაკოთ. შესაძლოა, გაიმართოს პარალელური აქციაც და, მაგალითად, ეს გამართონ იმ ადამიანებმა, რომლებიც 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეიკრიბნენ. შესაბამისად, რა მოხდება, არავინ იცის. თუმცა თუ რაიმე მოხდა, პოლიციას ჩარევა მოუწევს. ამიტომაც "ნაციონალების" მთავარი მიზანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიციის გამოწვევა და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენაა.

- ამის მთავარი ადრესატი დასავლეთი იქნება?

- რასაკვირველია. არ გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალებმა" ასევე გამოიყენონ "ფერადი რევოლუციების" ტექნოლოგიები. ამ ტექნოლოგიების მეორე თუ მესამე პუნქტი მიზნად ისახავს ძალოვან სტრუქტურებთან დაპირისპირებას. სხვათა შორის, ამის სერიოზული გამოცდილება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". ამიტომაც მეორე მხარე და მთლიანად საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს. იმედია, "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ეყოფათ ჭკუა, რომ ვითარება არ გაამწვავონ.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუბიკონის გადალახვა არ შეიძლება, თორემ სამოქალაქო დაპირისპირებას მივიღებთ.

არ მინდა სირია ან ლიბია გავიხსენო, მაგრამ ეგვიპტის მაგალითს მოვიყვანდი, სადაც პერმანენტული დაპირისპირებაა და ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსია. საქართველოშიც, თუ არ დამთავრდება ორხელისუფლებიანობა და ერთი პოლიტიკური ძალა არ მიიღებს კარტბლანშს, სულ პოლიტიკური ქაოსი იქნება. იმასაც ვიტყოდი, რომ ახალ ხელისუფლებას პიარტექნოლოგიების მხრივ პრობლემები აქვს. ქვეყანაში ადეკვატური პიარკომპანია არ მიმდინარეობს მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" აუდიოვიზუალური მასმედიის გამოყენებით სერიოზულ სამუშაოებს ატარებს. ისინი ახერხებენ, მუდმივად დაძაბულობაში ჰყავდეთ საზოგადოება და რაც მთავარია, თვითონ იყვნენ ყურადღების ცენტრში, მათგან მოდიოდეს ინიციატივები. ახალ ხელისუფლებას რეზონანსული საქმეების სახით სერიოზული კოზირი აქვს, მაგრამ მათი გამოძიება ნელი ტემპით მიმდინარეობს. პარალელურად კი, არ არსებობს პიარი, რომელიც მოსახლეობას აუხსნიდა, რატომ ჭიანურდება ამა თუ იმ საქმის გამოძიება. შესაბამისად, იქმნება სეგმენტი, რომელიც ამით უკმაყოფილოა.

"ნაციონალები" კი ამ სეგმენტზეც "მუშაობენ" და ასეთი ტიპის უკმაყოფილების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობენ. ამიტომ თუ ამ პრობლემას სერიოზულად არ მიხედა ახალმა ხელისუფლებამ, შესაძლოა, ყველაფერი სავალალოდ დამთავრდეს. 19 აპრილის აქციის ერთ-ერთი მთავარი თემა ის არის, რომ საქართველოს მომავალი რუსეთი არ არის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ კარგად იყენებენ "ნაციონალები" ამა თუ იმ საკითხს. მათ რუსეთის თემის პედალირებით არა მხოლოდ საშინაო, საგარეო არენაზეც მიაღწიეს იმას, რომ ახალი ხელისუფლება თავს იკავებს რუსეთთან უფრო აქტიური კონტაქტების დამყარებაზე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა