დავით უსუფაშვილი - "პრეზიდენტის ე.წ მზაობა დიალოგზე, ნდობას არ იმსახურებს"

 დავით უსუფაშვილი - "პრეზიდენტის ე.წ მზაობა დიალოგზე, ნდობას არ იმსახურებს"

საქართველოს პრეზიდენტის ე.წ მზაობა დიალოგზე, ნდობას არ იმსახურებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს იუსტიციის სახლში ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ვისაც პროცესში გარკვევა სურს, მისთვის ყველაფერი ნათელია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ორი თვის განმავლობაში დიდი მოთმინებით გრძელდებოდა მოლაპარაკებების პროცესი, რათა მხარეებს შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

"თუმცა, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა სხვა გზა აირჩია, რაც მის გუშინდელ გამოსვლაში მკაფიოდ წარმოჩინდა. როგორც ჩანს, მისი არჩევანი ასეთია - რაც მეტი პრობლემა იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდისთვის. ის დესტრუქციული კომენტარები, გარკვეული სიხარულიც კი ქვეყანაში პრობლემების შექმნაზე, ის არასწორი ფაქტები საბანკო სექტორთან დაკავშირებით, მონდომება იმისა, რომ ევროკავშირის რეზოლუციაში არასწორი ფაქტების ასახვაზე საკუთარი გუნდის წევრების წარუმატებელი მცდელობა ევროკავშირთან ქვეყნის პრობლემების შექმნად გაასაღოს, მცდელობა იმისა, რომ რუსეთთან შესაძლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენას პრობლემები შეექმნას. აგრძელებს იმ ლექსიკით საუბარს, რამაც ქვეყანას გაურთულა რუსეთთან ურთიერთობა და სიკეთე არ მოუტანია, ფაქტების დამახინჯება სახელმწიფო დაცვის სამსახურთან დაკავშირებით, მისი განცხადებები, თითქოს კეთილი ნებით დაგვითმო შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პოსტები, სამწუხაროდ სიმართლეს არ შეეფერება და ემსახურება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, სრულიად "ნაციონალური მოძრაობა" აქციოს პასუხისმგებლად იმ ყველაფერზე, რაც შესაძლოა, ცალკეულმა წარმომადგენლებმა ჩაიდინეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამნისტიის თემა მოლაპარაკებების პროცესში დაბრკოლება არ ყოფილა, თუმცა სინამდვილეში ეს ასე იყო.

"ძალიან მიჭირს, მიმძიმს, ვამხილო პრეზიდენტი ასეთ ამბავში. მათ მოითხოვეს ამნისტიის ის ვერსია, რომლის გამოც საკონსტიტუციო საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა. ჩვენი შეთავაზება ძალაშია. ძალიან მარტივია ჩვენს მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ საკითხზე დათანხმება და ეს სხვა პრობლემებს გაცილებით ცივილიზებული გზებით მოაგვარებდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტის მხრიდან ჯერ ამის სურვილი არ არის, მაგრამ ამით პროცესი არ მთავრდება. დიალოგისთვის ჩვენ მზად ვართ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლში საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის საარჩევნო საკითხებზე დიალოგი დღესაც დაგეგმილია.

მისივე თქმით, სხვა საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება, თუმცა მისაღებია გადაწყვეტილებები, რათა ქვეყანა წინ წავიდეს.

"რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას სადილზე თუ სადილის გარეშე, ამას მე ვერ გადავწყვეტ. თუ პრეზიდენტს სურს სადილზე მოსვლა ქუთაისში, შეუძლია ხვალვე ჩამობრძანდეს. მან დაიჩივლა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში კარგი კვება არ არის, ქუთაისის პარლამენტში კი რაც გვაქვს, იმით ვუმასპინძლებთ, თუ შეხვედრაზეა საუბარი. საქმეს სჭირდება საქმიანი დამოკიდებულება. ჩვენი ყველა წინადადება ძალაშია. მისი გუშინდელი გამოსვლა სამწუხაროდ არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ ქვეყნის სასიკეთოდ სურს მას დიალოგი და შეხვედრები. არ შეიძლება ამდენი დესტრუქციის შემოტანა, ფაქტების დამახინჯება. ვის და რას რგებს ეს, უკვე აღარ ვიცი. როგორც ჩანს, ეს არის მისი არჩევანი და ჩვენ ყველა არჩევანის თავისუფლებას ვაღიარებთ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა