როგორც ჩანს, მცხეთის ანტიკური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებს წინა მთავრობის ზოგიერთი მაღალჩინოსანი სასურველ ბიზნეს ფართად მიიჩნევდა და არა ქვეყნის კულტურულ საგანძურად. და თუ მდგომარეობა გართულდა, ადვილი შესაძლებელია, "იუნესკომაც" ასეთი დასკვნა გააკეთოს. მცხეთის უნიკალური არქეოლოგიური ძეგლების კონკრეტული პრობლემის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი გოდერძი ნარიმანიშვილი გვესაუბრება
- უკანასკნელ წლებში მცხეთის არქეოლოგიურ ძეგლებს სერიოზული პრობლემები შეექმნა. უხეში ფიზიკური ჩარევა მოხდა ანტიკური ხანის მცხეთის, არმაზის, წიწამურის და სარკინეს ნაქალაქარებზე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სამთავროს ველზე, სადაც 2009 წელს დაიწყო უკანონო სამშენებლო სამუშაოები, რომლის დროსაც დაირღვა საქართველოს შესაბამისი კანონები და ძეგლთა დაცვის საერთაშორისო მოთხოვნები. დარღვევები იმდენად მნიშნელოვანია, რომ მცხეთის ძეგლებს UNESCO-ს სიიდან ამოღება ემუქრება... სამთავროს მოკლე ისტორია ასეთია: სამთავროს არქეოლოგიური შესწავლა XIX საუკუნეში დაიწყო და დღემდე გრძელდება. გათხრების შედეგად გამოვლენილია ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების ნამოსახლარები და სამაროვნები. ძეგლზე გამოვლენილმა მასალებმა აღმოჩენისთანავე მიიპყრო მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისა და დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება. სამთავროს ველზე გამოვლენილი ძეგლების განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო 1950 წელს მცხეთის ტერიტორია "სახელმწიფო არქიტექტურულ ნაკრძალად" გამოცხადდა. 1994 წელს UNESCO-ს "მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში" შევიდა მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი და სამთავროს მონასტერი. ყველა ქმედების დროს სამთავროს ველი დაცვის ზონაში ექცეოდა. 2006 წელს სამთავროს ველს დაუდგინდა "არქეოლოგიური ზონის" სტატუსი.
- რა შეიცვალა შემდეგ?
- 2009 წელს ზემოთ აღნიშნული მშენებლობა სწორედ ამ ზონაში დაიწყო. არქეოლოგებმა მაშინვე აცნობეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მშენებლობა დროებით შეჩერდა. 2010 წელს მშენებლობა ისევ წამოიწყეს. ამჯერად კულტურის სამინისტროს წერილის საფუძველზე, მცხეთის გამგეობამ შეაჩერა სამშენებლო სამუშაოები. გარკვეული დროის მანძილზე მშენებლობა დაკონსერვებული იყო, თუმცა 2013 წელს ისევ განახლდა. გაირკვა, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე "მოგვარდა". კერძოდ, 2013 წელს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 17 სექტემბერს გამოცემული განკარგულება (# 1750) "ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ", რომლის თანახმადაც სამთავროს არქეოლოგიურმა ზონამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა – ზონის გარეთ აღმოჩნდა სწორედ ის ტერიტორია, სადაც სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო.