"პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებსაც უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი - ადამიანის გატაცება, წამება..."

"პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებსაც უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი - ადამიანის გატაცება, წამება..."

გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე თვალსაზრისს დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჟვანია გამოხატავს.

- ბოლო ხანს საზოგადოების ყურადღების ცენტრში თბილისის მერისა და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა მოექცა...

- თუ დამტკიცდება, რომ ახლანდელმა და ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, პასუხი უნდა აგონ; მიმდინარე პროცესები გამჭვირვალეა, არაფერია დაფარული როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის; მას აკვირდებიან ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები. ზოგიერთებს რატომღაც ჰგონიათ, რაკი ხელისუფლებაში არიან და იყვნენ, მაღალი თანამდებობებიც ეკავათ, ჩადენილ დანაშაულზე პასუხი აღარ მოეთხოვებათ, არადა, პირიქით არის - მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

ჩემი აზრით, პროკურატურას არ ჰყოფნის ადამიანური რესურსი, რომ ყველას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი აგებინოს, ამჟამად პროკურატურაში 18 ათასი საჩივარია შესული. ვიცი, რომ დღეს პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაული: ადამიანის გატაცება, წამება და ა.შ.

- უფრო კონკრეტულად, რომელ თქვენს კოლეგა-დეპუტატზე გაქვთ ამგვარი ინფორმაცია?

- ისინი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არიან, ეს ფაქტები სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიცი, მაგრამ ამ საკითხებზე მოკვლევის ჩატარება საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა.

- ბუტა რობაქიძის საქმეში დამატებითი მასალების, კერძოდ, ცნობილი ვიდეოჩანაწერის გაჩენა ხომ არ შეცვლის გამოძიების ვექტორს?

- ამ ვიდეოფირს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა, როგორც ვიცი, ეს პროცესი მიმდინარეობს; ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს ვენდობი და ვიმედოვნებ, ისინი საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ. მიკვირს, როცა მასმედიის საშუალებით ამგვარ კადრებს სპეციალური დაფარვის გარეშე ავრცელებენ; შეიძლება ადამიანებს აყურებინო, როგორ კვდება, იცლება სისხლისგან მათი შვილი? ამგვარი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

- ახლახან, ზურაბ ჟვანიას საქმეზე საუბრისას, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ახსენა სიტყვა "მოწამვლა", იყო ერთგვარი მინიშნება "იმ ბინაში ჟვანიას ყოფნის" თაობაზე. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ მიმდინარე გამოძიებაზე?

- ზურაბ ჟვანიას საქმეში ძალზე მნიშვნელოვანი ახალი დეტალები იკვეთება და მის ლოგიკურ დასასრულსაც მალე ვიხილავთ.

- რაც შეეხება კონკრეტულ გარემოებებს, ანუ როცა ლაპარაკია მოწამვლაზე, იმაზე, თუ სად განვითარდა მოვლენები?

- ამის თაობაზე ჩვენს ოჯახს ადრეც უსაუბრია, გარკვეული მტკიცებულებები გვქონდა, ახლა კი ჩვენი პოზიცია გამყარდა, მივიჩნევ, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის.

- იკვეთება თუ არა ზურაბ ჟვ­ანიას საქმეში მაღალჩინოსნების ბრალი?

- უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობების პირებმა, სულ მცირე, დანაშაული დაფარეს, დანარჩენს გამოძიება დაადგენს.

- რას იტყვით ირ­აკლი ოქრუაშვილის მიერ პოზ­იციის შეც­ვლასა და მის უკანასკნელ განცხადებაზე, რომ "ეს არ იყო მკვლელობა".

- მან თავისივე სიტყვები გადათქვა და ჩნდება კითხვა: როდის თქვა სიმართლე? გამოძიებისთვის მთავარი არ არის, რას იტყვის ოქრუაშვილი, საქმეში ბევრი მტკიცებულებაა.

- თქვენი აზრით, ვის და რას უშლიდა ხელს ზურაბ ჟვანია?

- მისი სიკვდილის შემდეგ პოლიტიკური ვექტორი იმ მიმართულებით შეტრიალდა, რაც ზურასთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო; ის არ დაუშვებდა სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას, ძალადობას საკუთარ მოქალაქეებზე, მონოპოლიებს ეკონომიკაში; ყველაფერ ამის წინააღმდეგ თანმიმდევრულად იბრძოდა; შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა. 1-ლი ოქტომბრის არჩევნებიც სახალხო წინააღმდეგობის შედეგი იყო.

- როდის მოუსმენს პარლამენტი პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის გამოსვლის გადადებას ამდენი ხმაური მოჰყვა? გაქვთ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას ხმების საჭირო რაოდენობა იმ საკონსტიტუციო ცვლილების გასატანად, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ზღუდავს?

- გავრცელებული ხმები, რომ ჩვენ დეპუტატთა საჭირო რაოდენობის მხარდაჭერა გვექნება, გადაჭარბებული არ არის! კონსტიტუციით, პრეზიდენტს აქვს უფლება, წელიწადში ერთხელ წარდგეს პარლამენტის წინაშე. ვფიქრობ, სჯობდა ის თებერვალში გამოსულიყო პარლამენტში და დებატებიც გამართულიყო.

- როგორ შეაფასებთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრ­ილს დაანონსებულ მიტინგს?

- "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი ამ ეტაპზე სწორედ პროვოკაციების მოწყობაა. მათ არა აქვთ მოსახლეობის მხარდაჭერა, ამიტომ ამ დღისათვის პარტიის აქტივისტების, მომხრეების მაქსიმალურ მობილიზებას აპირებენ, რასაც შესაძლოა მოჰყვეს დაპირისპირება მოსახლეობასა და მათ მომხრეებს შორის და რაზეც პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას შეეცდებიან. ამიტომ "ქართული ოცნების" მომხრეებს თავშეკავებისკენ უნდა მოვუწოდოთ. "ნაციონალების" ყველა ქმედება ამაზეა აგებული, ამის ნათელი მაგალითია 8 თებერვლის მოვლენები; როცა ამ მოვლენებში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, რატომღაც არაფერს ამბობენ გიგი უგულავაზე, რომელიც თბილისის მერი, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირია და მას სხვაზე მეტადაც მოეთხოვება წესრიგის დაცვა, ის კი ისედაც გაღიზიანებული ადამიანების გარემოცვაში, შეურაცხმყოფელი შეძახილებით აშკარა პროვოკაციაზე წავიდა. საზოგადოებაში ერთგვარი შიშია: ხომ არ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში "ნაციონალები"? ვერ დაბრუნდებიან, რადგან ისინი ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის მიუღებლები არიან, მათ ეს მაშინ ვერ მოახერხეს, როცა მთელი პოლიციური აპარატი, დიდი ფინანსები ჰქონდათ ხელთ. ახლა მათი ერთადერთი ბერკეტი, რაშიც საკმაო გამოცდილება აქვთ, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ შავი პიარის აგორება, თავის ჩაგრულ დემოკრატებად წარმოჩენაა, რაც აქამდე კარგად გამოსდიოდათ. თუმცა, როცა ჩემს ლიტველ მეგობრებს გოგა ხაინდრავას ფილმი "დემოკრატიის შუქურა" ვაჩვენე, შოკში ჩავარდნენ. ასე რომ, დასავლეთის დამოკიდებულებაც თანდათან იცვლება, ამას მოწმობს თუნდაც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ბოლო განცხადება: "სრული პატივისცემით ვეკიდებით საქართველოს უფლებებსა და პასუხისმგებლობას, აღასრულოს მართლმსაჯულება"! ეს ძალზე განსხვავდება ადრე გაკეთებული განცხადებებისგან.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა