როდის და ვინ გაარემონტებს პარლამენტის შენობას თბილისში?

როდის და ვინ გაარემონტებს პარლამენტის შენობას თბილისში?

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე კვლავ განხეთქილების ვაშლად რჩება. მთავარი კითხვა: ქუთაისი თუ თბილისი? - პასუხგაუცემელია, თუმცა, პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის რესტავრაციაზე უკვე გამოცხადდა ტენდერი; სატენდერო განაცხადების მიღება ახლახან, 19 თებერვალს დასრულდა; სარესტავრაციო სამუშაოებისთვის პირველ ეტაპზე მილიონ-ნახევარი ლარია გამოყოფილი. სატენდერო პირობებით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

ამ საკითხზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წევრს, დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეს ვესაუბრებით:

- პარლამენტის ადგილმდებარეობა საკონსტიტუციო ცვლილებაზეა დამოკიდებული, ხოლო შენობა, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე მდებარეობს, კვლავ პარლამენტის ბალანსზეა და ჩვენ ვალდებულნი ვართ, მას მოვუაროთ, მოვაწესრიგოთ.

- არის გარანტია, რომ ტენდერი გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ჩატარდება?

- რა თქმა უნდა, ტენდერი გამჭვირვალეა და ნებისმიერ პიროვნებას, კომპანიას აქვს მასში მონაწილეობის უფლება.

მერწმუნეთ, სამუშაოები ამჯერად ხარის­ხიანად ჩატარდება. ამის გარანტიაა სატენდერო პირობებიც; ჩატარებული სამუშაო კი საფუძვლიანად შემოწმდება.

- რა ბედი ელის პარლამენტის შენობას ქუთაისში?

- ეს ცალკე განხილვის თემაა. ცხადია, ქუთაისში პარლამენტის შენობას ბედის ანაბარა არ მივატოვებთ, მასზე დახარჯული მილიონები წყალში რომ არ გადაიყაროს. თუკი პარლამენტი თბილისში დაბრუნდება, ქუთაისის შენობაში რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია განთავსდება, ამისათვის იქაც არის ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები. შესაძლოა, ბინა დაიდოს კულტურულმა დაწესებულებამ ან რომელიმე რეგიონულმა ორგანომ; ვიდრე შენობას პატრონი არ გამოუჩნდება, არ მივატოვებთ.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

აჭარაში ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

"მგონია, რაღაც უხილავი, ჯადოსნური ხელი აქნევს ამ საკითხს, ვიღაც სალამურზე უკრავს და ეს თქვენ ხართ, ჟურნალისტები" - მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯის საქმეზე

"ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა" - რომელი რეგიონები ლიდერობს კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ბოლო 24 საათის მონაცემებით?