ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ ტერაქტში ბრალდებული, ვოვა არუთინიანის საქმე არ გადაიხედება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრალდებულ ვოვა არუთინიანის დედა, ანჟელა არუთინიანი ავრცელებს.
მან დღეს პრესკონფერენცია "პირველი რადიოს" ოფისში გამართა და განაცხადა, იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო პასუხი მის წერილზე, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ მისი შვილის საქმე არ გადაიხედება.
ანჟელა არუთინიანი ამბობს, რომ წერილი მან მისი შვილის საქმის გადახედვის მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტროში 4 იანვარს გააგზავნა, ხოლო პასუხი 4 თებერვალს მიიღო.
"მივიღე პასუხი 4 თებერვალს, სადაც წერია, რომ აღნიშნული განაჩენი არის კანონიერ ძალაში შესული და მისი გაუქმებისთვის დღეის მდგომარეობით არ არსებობს ახლადგამოვლენილი არც ერთი გარემოება, ე.ი. არ გადახედავენ საქმეს", - განაცხადა ანჟელა არუთიანიანმა.
ანჟელა არუთინიანი მიიჩნევს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და მას პოლიტპატიმრის სტატუსი უნდა მიენიჭოს და მოითხოვს მის გათავისუფლებას. არუთინიანი ისევ გეგმავს შესაბამისი უწყებებისთვის ოფიციალური წერილის მიწერას და ახალი გარემოებების სახით, როგორც ის აცხადებს, თან დაურთავს გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებს, სადაც პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე წერს, რომ ე.წ. ლიმონკის სროლის ფაქტი არ არის დაფიქსირებული.
"ჩემი შვილი უდანაშაულოა, ჩემს შვილს საქართველოსთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. მართალია, ჩვენ სომხები ვართ, მაგრამ ეს ჩვენი სამშობლოა და გვიყვარს. ჩემს შვილს არც ამერიკასთან და არც რუსეთთან საქართველო არ გაუყიდია", - აცხადებს ანჟელა არუთინიანი.
ვოვა არუთინიანს 2006 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის დროს, პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებაში ედება ბრალი. ვოვა არუთინიანს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ბრალს #7 დაწესებულებაში იხდის.