პრეზიდენტმა აეროპორტში დაცვის სამსახურის დახვედრას "მთავრობის მიერ დადგმული საცირკო წარმოდგენა" უწოდა

პრეზიდენტმა აეროპორტში დაცვის სამსახურის დახვედრას "მთავრობის მიერ დადგმული საცირკო წარმოდგენა" უწოდა

საქართველოს პრეზიდენტი აეროპორტში მისთვის დაცვის სამსახურის დახვედრას "მთავრობის მიერ დადგმულ საცირკო წარმოდგენას" უწოდებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმდენი მანქანა, რამდენიც დღეს აეროპორტში დაახვედრეს, არათუ საკუთარში, არამედ უცხო ქვეყნების პრეზიდენტების ესკორტშიც არ უნახავს. პრეზიდენტმა მთავრობას ურჩია, დაცვის სამსახურის ავტომანქანებში ჩასასხმელი ბენზინის ფული გაჭირვებულ მოქალაქეებს მოახმაროს.

"მთელი ეს თვეები ისტერიულად ეძებენ ჩვენს მიერ თითქოსდა მოპარულ მილიონებს, მაგრამ რაც არ არის, ვერ იპოვი. შავ ოთახში შავი კატა არ არის და მეცოდება ის ხალხი, ვინც ეს დაიჯერა. დღეს მეორე საყვარელი გატაცება აქვთ - საშინელი წინა მთავრობის მიერ რეზიდენციებზე, ჭამა-სმასა და დაცვაზე დახარჯული ფული. აღმოაჩინეს ამერიკა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს დაცვის თანამშრომლები დაჰყვებათ. დაიწყეს ჩვენი დაცვის თანამშრომლების ტერორი, აღძრეს საქმეები. ეუბნებოდნენ, მიეტანათ ინფორმაცია ჩემი გადაადგილების მარშრუტებსა და ჩემი საუბრის შინაარსზე. ვუთხარი, რომ არ მინდა დაცვა, გადავადგილდები ჩვეულებრივი მანქანით და მეორედ აღარ ამოიღოთ ხმა, რამდენ ფულს ხარჯავს სახელმწიფო დაცვის კორტეჟებზე. მოიყვანეს უფრო მეტი მანქანა, ვიდრე ცხოვრებაში მინახავს არა მხოლოდ ჩემს ესკორტში, არამედ სხვა ქვეყნებში. კატეგორიულად ვაცხადებ და მინდა ვუთხრა პრემიერს, რომელსაც აქედან რაღაცის მოწყობა უნდა - ეს არის ხალხის რესურსების ტყუილი ყრა გაურკვეველი პოლიტიკური ცირკებისთვის. რა არის ეს 30 მანქანა, რომელიც აქ არის?! რატომ უნდა დამყვებოდნენ, რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი.?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც მოქალაქეს, უფლება აქვს, უკან არავინ დაყვებოდეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პირველ რიგში დაცვა სწორედ ასეთი ხალხისგან სჭირდება. "ძალიან მარტივია, ეს მანქანები წაიყვანონ "გარაჟში". მათი ბენზინის ფული გადაუნაწილონ იმ გაჭირვებულებს, ვისაც ჰპირდებოდნენ ორჯერ შემცირებულ ბენზინის ფასს, გაზის ფასს და ყველაფერში მოატყუეს. მე ვივლი ეკონომიური ელექტრომობილით, რომელიც ძალიან ცოტას წვავს და არის ადმინისტრაციის ბალანსზე. სავალალოა ასეთი შოუების დადგმა. მე არავის ვავალდებულებ, რომ მე, როგორც პიროვნებას, პატივი მცეს, ეს არის ინსტიტუტების პატივისცემა, ყველამ მიხედოს თავის საქმეს. ცირკის მდგომარეობაში თავს ნუ იყენებენ და საქმეს მიხედონ", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, სჯობდა მთავრობას "აეროპორტში კომედიის დადგმის ნაცვლად" ხალხისთვის სასარგებლო საქმის გაკეთებაზე ეფიქრა. "ამაზე ბევრი აქვს ნაფიქრი მთავრობის მთელ ხელმძღვანელობას. ხალხო, მიხედეთ საქმეს, დამივიწყეთ და გადადეთ გვერდზე ჩემი თემები. ღმერთო დამიცავი ასეთი დაცვისგან და მტრებისგან თავს თვითონ დავიცავ. ეს დაცვის მეტი ყველაფერია. დაუნიშნეს მეთვალყურეობა პრეზიდენტს, რომ იცოდნენ სად გადავადგილდები, რას ვლაპარაკობ, ვის ვხვდები. ამას ტელევიზიითაც ვეტყვი. მე ვარ ჩემი მანქანით, სხვა ყველაფერი არის იძულებითი, ძალდატანებითი და სასაცილო მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მთავრობას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი აეროპორტში ელექტრომობილის საჭესთან თავად დაჯდა და რეზიდენციისკენ გაემართა, დაცვის ესკორტი კი პრეზიდენტის მგზავრობისას მიმდებარე პერიმეტრს აკონტროლებდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა