ცვლილებები შრომის კოდექსში

ცვლილებები შრომის კოდექსში

კაბალური - ასე მონათლეს საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი სპეციალისტებმა. წერილობითი კონტრაქტების არარსებობა, ხელქვეითების სამუშაოდან დათხოვნის თითქმის შეუზღუდავი უფლება, დაქირავებულთა შრომის უსამართლოდ გამოყენება - ეს იმ ხარვეზების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქართულ შრომის კოდექსს "ამშვენებდა". საბედნიეროდ, ახალი მთავრობა გვპირდება, რომ ქვეყანას განახლებული შრომის კოდექსი მალე ექნება, რომელმაც ეს ხარვეზები უნდა აღმოფხვრას. სწორედ ამ მტკივნეულ საკითხზე გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი გუგული მაღრაძე:

- წინა ხელისუფლების მიერ მიღებული შრომის კოდექსი ყველანაირ საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება, დამსაქმებელს უსაზღვრო უფლებებს ანიჭებს, დასაქმებულს კი თითქმის უუფლებოდ ტოვებს. რაც უნდა ამტკიცონ, ასეთი შრომის კოდექსი ინვესტორების მოზიდვას უწყობს ხელსო, სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოში არც ინვესტიციები გაზრდილა და არც უმუშევრობა შემცირებულა, თანაც ხშირად გვაკრიტიკებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რადგან ის შორს არის ცივილიზებული სამყაროს მოთხოვნებისაგან. შრომის კოდექსის შეცვლის აუცილებლობა საქართველოში კარგა ხანია დგას, მაგრამ მხოლოდ ამ ხელისუფლებამ დაიწყო სერიოზული მუშაობა მის შესაცვლელად. დღეისათვის ჩვენ ასეთი მდგომარეობა გვაქვს: პარლამენტმა და ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით სასწრაფოდ მიიღო რამდენიმე აუცილებელი ცვლილება არსებულ კანონში, რასაც ჰქონდა თავისი მიზეზი: საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო ხანებში ძალიან გახშირდა დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნა, განსაკუთრებით, სამედიცინო დარგის მუშაკებისა. ეს ადამიანები მოდიოდნენ ჩვენთან საჩივრებით და ჩვენც შევიტანეთ შრომის კოდექსში ცვლილებები, რომლის ძალითაც დამსაქმებელს აღარ აქვს უფლება, ყოველგვარი დასაბუთებისა და გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს ადამიანი სამსახურიდან, მან ის 30 დღით ადრე უნდა გააფრთხილოს. თუ ადრე მხოლოდ დასაქმებული იყო ვალდებული, წინასწარ ეთქვა, სამსახურიდან წასვლის შესახებ, ახლა უკვე დამსაქმებელიც ვალდებულია. ჩვენი შესწორებები მთავრობას გადავეცით, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა სახეცვლილი, ფაქტობრივად, ახალი შრომის კოდექსი, რომელშიც რაღაცები დარჩენილია ძველი კოდექსიდან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კორექტივებია შეტანილი.

- ყველაზე მთავარი რა არის განახლებულ კოდექსში?

- ახალი კოდექსით ჩვენ შევეცადეთ თანაბარ მდგომარეობაში ჩაგვეყენებინა დასაქმებულიც და დამსაქმებელიც. მართალია, დამსაქმებელს ახალი ვალდებულებები ეკისრება, მაგრამ, მეორე მხრივ, შრომის კოდექსში შეტანილია ისეთი მუხლები, რომლებიც დამსაქმებლის უფლებებსაც იცავს: კოდექსი მას აძლევს საშუალებას დაასაბუთოს, რატომ არის აუცილებელი ამა თუ იმ თანამშრომლის გათავისუფლება სამსახურიდან. დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებული გაათავისუფლოს იმ შემ­თხვევაში, როდესაც საწარმოს აქვს გა­რკვეული ეკონომიკური პრობლემები, ან მისი რეორგანიზაციაა აუცილებელი, მაგრამ ეს უნდა დაასაბუთოს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეუძლია დასაქმებულის გაშვება სამსახურიდან. დამსაქმებელს ასევე აქვს უფლება, გაათავისუფლოს თანამშრომელი, თუ დაამტკიცებს, რომ მისი უნარ-ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება არ შეესაბამება სამუშაოს, რომელსაც ის ასრულებს. თუ კომპანიაში მასობრივი გათავისუფლებაა დაგეგმილი, მაშინ მისმა ხელმძღვანელმა წინასწარ უნდა აცნობოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს: თუკი სამსახურიდან ათზე მეტ ადამიანს უშვებს - 45 დღით ადრე, ხოლო 90 დღით ადრე უნდა აცნობოს მაშინ, თუ დიდი რაოდენობით ხალხის გათავისუფლებას აპირებს - კერძოდ, 30-დან 300-მდე. ამდენი ადამიანი ერთბაშად უმუშევარი რომ დარჩება, ბუნებრივია, ამან შეიძლება დაძაბული სოციალური ფონი შექმნას.

- ბევრ ადამიანს აინტერესებს, ახალი კოდექსით რა იქნება მიჩნეული ზეგანაკვეთურ სამუშაოდ?

- წინა კოდექსში მკაფიოდ ჩამოყა­ლიბებული არ იყო, რა შეიძლება მივიჩნიოთ ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, ახალში კი ეს ნიუანსი საკმაოდ კარგად არის განსაზღვრული: თუ ადამიანი კვირაში 48 საათზე მეტხანს იმუშავებს, მაშინ მას თითოეულ საათზე ხელფასის 1,25 პროცენტი უნდა გადაუხადონ. ზეგანაკვეთურად უნდა ჩაითვალოს უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოც, გარდა ამისა, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანმა 36 საათზე მეტხანს არ უნდა იმუშაოს, 14-დან 16 წლამდე კი - 24 საათზე მეტხანს. უფრო მკაცრად არის ჩამოყალიბებული შრომითი პირობების დაცვის აუცილებლობაც, რაც წინა კოდექსში ასე მკაცრად არ იყო გათვალისწინებული.­ ხალ კოდექსში მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, რომ შრომითი ხელშეკრულება უნდა იყოს წერილობითი, რომ არ შეიძლება ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმონ ექიმს ან მასწავლებელს, რომელმაც სკოლაში სულ მცირე, ერთი სემესტრის, ან ერთი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს. გამკაცრდება ხელშეკრულების ნაადრევი შეწყვეტის პირობებიც: თუ დასაქმებულის კვალიფიკაცია არ არის საკმარისი, ან ის სისტემატურად არღვევს შინაგანაწესს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს დამსაქმებელი მის დათხოვნას, მაგრამ ყველაფერი უნდა დაასაბუთოს. რა თქმა უნდა, დამსაქმებლებს ეს არ მოეწონებათ, მათთვის უკეთესი იყო, როცა აბსოლუტურად შეუზღუდავები იყვნენ, მაგრამ ეს უსამართლობა იყო. მომავალში დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობას კანონი მოაწესრიგებს. დასაქმებული დაცული უნდა იყოს, მაგრამ არც დამსაქმებლის უფლებებს დავივიწყებთ.

- ქალბატონო გუგული, რა ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში შვებუ­ლებებთან დაკავშირებით?

- შვებულება ანაზღაურდება წელიწადში არანაკლებ 24 დღისა, თუმცა შეიძლება მეტიც იყოს, თუ ამას ხელშეკრულება ითვალისწინებს. დასაქმებულს შეუძლია შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება, გარდა ამისა, წლის განმავლობაში დამატებით კიდევ შეუძლია ანაზღაურების გარეშე 15-დღიანი შვებულება აიღოს. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის ვადა - ავადმყოფობა, მშობიარობა და ა.შ... თანაც, თუ ადრე დროებითი შრომისუუნარობის ვადა 30 დღე იყო, ახლა უკვე 60 კალენდარული დღეა 6 თვის განმავლობაში, რაც წელიწადში 90 კალენდარული დღეა. ასე რომ, დასაქმებული ამ მხრივაც იქნება დაცული. სამაგიეროდ, დამსაქმებელს შეუძლია წინასწარ დაადგინოს, ვინ და როდის გადის შვებულებაში, რომ მისმა საწარმომ ან კომპანიამ ნორმალურად იმუშაოს. დასაქმებულიც ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს ხელმძღვანელი, თუ შვებულებაში გასვლას აპირებს. ასე რომ, ახალი კოდექსით ბალანსი დაცულია - დამსაქმებელსაც შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები და დასაქმებულიც ძველებურად მონურ მდგომარეობაში აღარ იქნება.

- დასასრულ, როდის მიიღებს პარლამენტი განახლებულ შრომის კოდექსს?

- შეტანილ ცვლილებებს ყურადღებით განვიხილავთ და საგაზაფხულო სესიაზე უკვე მივიღებთ. ასე რომ, ზაფხულის დადგომამდე ჩვენს ქვეყანას ახალი შრომის კოდექსი ექნება.

* დამსაქმებელს აღარ აქვს უფლება, ყოველგვარი დასაბუთებისა და გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს ადამიანი სამსახურიდან, მან ის 30 დღით ადრე უნდა გააფრთხილოს;

* კოდექსი დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, დაასაბუთოს, რატომ არის აუცილებელი ამა თუ იმ თანამშრომლის გათავისუფლება სამსახურიდან. დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებული გაათავისუფლოს იმ შემ­თხვევაში, როდესაც საწარმოს აქვს გა­რკვეული ეკონომიკური პრობლემები, ან მისი რეორგანიზაციაა აუცილებელი;

* დამსაქმებელს ასევე აქვს უფლება, გაათავისუფლოს თანამშრომელი, თუ დაამტკიცებს, რომ მისი უნარ-ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება არ შეესაბამება სამუშაოს, რომელსაც ის ასრულებს;

* თუ ადამიანი კვირაში 48 საათზე მეტხანს იმუშავებს, მაშინ მას თითოეულ საათზე ხელფასის 1,25 პროცენტი უნდა გადაუხადონ. ზეგანაკვეთურად უნდა ჩაითვალოს უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოც;

* 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანმა 36 საათზე მეტხანს არ უნდა იმუშაოს, 14-დან 16 წლამდე კი - 24 საათზე მეტხანს;

* შრომითი ხელშეკრულება უნდა იყოს წერილობითი;

* არ შეიძლება ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმონ ექიმს ან მასწავლებელს, რომელმაც სკოლაში სულ მცირე, ერთი სემესტრის, ან ერთი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს;

* შვებულება ანაზღაურდება წელიწადში არანაკლებ 24 დღისა. გარდა ამისა, დასაქმებულს წლის განმავლობაში დამატებით კიდევ შეუძლია ანაზღაურების გარეშე 15-დღიანი შვებულება აიღოს;

* თუ ადრე დროებითი შრომისუუნარობის ვადა 30 დღე იყო, ახლა უკვე 60 კალენდარული დღეა 6 თვის განმავლობაში, რაც წელიწადში 90 კალენდარული დღეს შეადგენს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"