რაზე ჩხუბობდნენ ეკა ხერხეულიძე და ლევან გოგიჩაიშვილი ციხეში

რაზე ჩხუბობდნენ ეკა ხერხეულიძე და ლევან გოგიჩაიშვილი ციხეში

პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი 2009 წელს ირინა ბათიაშვილის დაბადების დღის შემდეგ წყნეთში მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. ბათიაშვილის დაბადების დღიდან წამოსულ სტუმრებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ვინმე დავით ლეჟავა დაიჭრა. ბრალდებულის სკამზე გოგიჩაიშვილი აღმოჩნდა, თუმცა ბრალი არ უღიარებია. ციხეში სამი წელი და შვიდი თვე გაატარა. არ სცემდნენ, არც აწამებდნენ, მაგრამ სამარტოო საკანში ყოფნა და სხვისი წამების მოსმენა დღემდე ყველაზე მძიმედ ახსენდება.

-  ლევან, როგორ გრძელდება ცხოვრება მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრის სტატუსით ციხე დატოვეთ?

-  პირველ რიგში, მადლობა, რომ შეწუხდით და პატივი დამდეთ, ჩემგან აგეღოთ ინტერვიუ. ციხეში ხშირად ვკითხულობდი თქვენს ჟურნალს. ინფორმაციას ვიგებდი და სასიამოვნო საკითხავი იყო. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, გახარებული ვარ, კარგად ვგრძნობ თავს და ყველას დიდი მადლობა, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენი, პოლიტპატიმრების გამოშვებაში. ეს სტატუსი სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა. ვფიქრობ, მათ იმედებს გავამართლებ.

-  ოფიციალურად გათავისუფლებამდე რამდენი წელი გქონდათ დარჩენილი?

-  სამი წელი და ხუთი თვე. ციხეში სამი წელი და შვიდი თვე გავატარე. ბუნებრივია, რომ არა ჩემი პოლიტაქტიურობა, არავინ დამაკავებდა. მათ იცოდნენ, რომ მომხდარში დამნაშავე არ ვყოფილვარ. ის ადამიანი, ვის გამოც დამიჭირეს, რამდენადაც ვიცი, შეწუხებულია და სახარბიელო სიტუაციაში არ არის. მაინც საქართველოა და რთულია იმ ტვირთით სიარული, რაც საკუთარ თავზე აიღო. მის ოჯახს წიხლს არ ვაჭერ და პირიქით, მინდა, ისინი ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანო.

-  რა მოხდა რეალურად იმ საბედისწერო ღამეს?

-  არ ვიცი, ამას პროკურატურა გამოიძიებს და სიმართლე დადგინდება. ფაქტია, რომ მე დამიჭირეს. ამ საქმეს აუცილებლად მივიყვან ბოლომდე.

-  ლევან, როდესაც დაგაკავეს, მაშინ ვინ იყო სასჯელაღსრულების მინისტრი?

-  დიმიტრი შაშკინი. ციხეში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, როგორც ახალაიას და კალმახელიძის დროს, ანალოგიურად აწამებდნენ პატიმრებს. სიტუაცია მას შემდეგ გამოსწორდა, რაც სოზარ სუბარი დაინიშნა. დაკავებიდან თხუთმეტი თვის განმავლობაში გლდანის ციხეში სამარტოო საკანში ვიჯექი. მთელ დღეს წიგნისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კითხვაში ვატარებდი. ენერგიული ადამიანი ვარ და ვცდილობდი, ენერგია გონებრივ მუშაობაში დამეხარჯა.

-  აღიარების სანაცვლოდ გარიგება თუ შემოგთავაზეს?

-  თავიდან იყო მსგავსი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. აღიარების სანაცვლოდ გამიშვებდნენ. ამაზე უარი განვაცხადე და შემდეგ პრეზიდენტის სახელზე შეწყალებას მთავაზობდნენ. ამასაც არ დავთანხმდი, ბოლოს თავი დამანებეს და ციხეში გამიშვეს.

-  ამბობენ, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების ნაწილს ციხის ბადრაგი კარგად ექცეოდა.

-  პოლიტიკური პატიმრებიდან ყველა არ იყო ცნობილი და მათ ისე ექცეოდნენ, როგორც დანარჩენ პატიმრებს. მაგალითად, ჩემს მეგობარ შაკო გოგინაშვილს საშინლად გაუსწორდნენ. ზეწარში ახვევდნენ და ისე სცემდნენ. გიორგი ალხაზიშვილს სცემდნენ, კაკი დარასელიას ჰქონდა პრობლემები. მართალია, ფიზიკურად მე არ შემხებიან, მაგრამ ცდილობდნენ, სამარტოო საკანში ჭკუიდან გადავსულიყავი.

-  ყოფილი პატიმრები ამბობენ, რომ ღამე ციხეში კვნესისა და წამების ხმა ისმოდა.

-  დიახ, საშინელი ხმები იყო, ყვირილი, წივილი. ის, რაც ყველაზე საშინელ წიგნში წაგიკითხავთ. ეს ხმები მძიმედ მოქმედებდა ფსიქიკაზე. ხანდახან პატიმარს გერჩივნა, რომ შენ ეცემე, ვიდრე ეს ხმები მოგესმინა.

-  ყველაზე მძიმედ ე.წ. კარანტინის დაშლას აღწერენ. თქვენ თუ შესწრებიხართ მსგავს ფაქტებს?

-  დიახ, ამ დროს ადამიანებს საშინელ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სულში აფურთხებდნენ. ერთნაირად სცემდნენ 18-80 წლამდე ადამიანებს. არანაირი მორიდება არ ჰქონდათ, ვინ რისთვის იყო დაკავებული.

-  ბადრაგები, რომლებიც წამებაში მონაწილეობდნენ, დღეს ყველა დაკავებულია?

-  სამწუხაროდ, ყველა არა და იმედია, ამას მიხედავენ. ყველას მიუკაკუნებს მართლმსაჯულება.

-  ხანდახან პატიმრები იმდენად მძიმე ისტორიებს ჰყვებიან, რომ რთულია დაიჯერო. მაგალითად, ის, რომ ხათუნა კალმახელიძე პატიმრებს საკუთარი ფეხსაცმლით სცემდა.

-  თუ ის ადამიანი ჰყვება, რომ მას ასე ექცეოდნენ, მჯერა, გამორიცხული არაფერი არ არის. ადამიანის მანიაკურობას ზღვარი არ აქვს. არ გამოვრიცხავ, მაგრამ პირადად მე არ მინახავს. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ის პირადად უსწორდებოდა პატიმრებს და ის ადამიანები დღემდე უჩივიან. ახალაია პატიმრებს ჯოხით სცემდა, იარაღის ტარს, წიხლებს ურტყამდა. შაშკინი და კალმახელიძე ფორმალური მინისტრები იყვნენ და რეალურად ძალაუფლებას ახალაია ინარჩუნებდა. თანამდებობა შეიცვალა, თორემ გავლენა არ დაუკარგავს, ყველა საკითხს ის წყვეტდა.

-  ფაქტია, რომ ახალაიას დღეს ბევრ ბრალდებას ვერ უმტკიცებენ.

-  არაფერს დამტკიცება არ უნდა, უბრალოდ, ამ მხრივ გამოძიება არ წასულა. 8 ათასი კაცია გამოსული და ყველა მზად არის, ჩვენება მისცეს. შევხედავთ კიდევ ერთ კვირას და ბუნებრივია, ამ საკითხს დავაყენებთ.

-  გლდანის ციხიდან სად გადაგიყვანეს?

-  რუსთავის მე-17 დაწესებულებაში, ორმოცკაციან საკანში შემიყვანეს. იყო პერიოდი, როდესაც 46-48 ადამიანიც ვყოფილვართ საკანში. პოლიტპატიმრებიდან ერთად ვისხედით მე, მელორ ვაჩნაძე, შაკო გოგინაშვილი, თემურ ჟორჟოლიანი, რამაზ სამნიძე, ვახტანგ მაისაია. თავიდან დაგვშალეს, მაგრამ მოვახერხეთ, რომ ისევ ერთ საკანში მოვხვედრილიყავით.

-  ცნობილი კადრების გამოქვეყნებამდე იცოდით, რომ ციხეში პატიმრებს აუპატიურებდნენ?

-  რა თქმა უნდა, ამაზე ხშირად ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, მაშინდელი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც ამაზრზენად იქცეოდა და მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ნათია იმნაძეც, რომელიც ყველა ინფორმაციას ბლოკავდა.

-  ეს ქალბატონი მოგვიანებით სახალხო დამცველობის კანდიდატი იყო.

-  დიახ, ძალიან სასაცილოა. ადამიანის თავხედობას საზღვარი არ აქვს. წარმოიდგინეთ, რა ამპარტავნებაა, რომ ამ ადამიანმა თავს უფლება მისცა, სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატურა წამოეყენებინა.

-  თქვენ მას პირადად უყვებოდით, რა ხდებოდა ციხეებში?

-  მე მასთან კონფლიქტი მქონდა. მან და მისმა თანამშრომლებმა ძალიან დიდი სიბინძურეები აკეთეს. როდესაც პატიმარ ელდარ მამეზადეს რუსთავის მე-17 დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სცემა, ოთო კახიძე (მონიტორინგის ჯგუფი) თავზე დაადგა და აიძულა, საჩივარი გამოეტანა. ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტპატიმრებმა განცხადება უკვე გავაკეთეთ და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. სადაც უნდა იყვნენ, რაც უნდათ, ის ქნან, სადაც უნდა იმუშაონ, მაგრამ არა სახალხო დამცველის აპარატში.

-  შეგიძლიათ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან დაასახელოთ სახელები და გვარები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ციხის სკანდალში?

-  თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ბუცხრიკიძე, რომელიც ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო, უშუალოდ სცემდა პატიმრებს. კლავდა ცემით. იქ ისე გირტყამდნენ, ან მოკვდებოდი, ან დაინვალიდდებოდი.

-  საკმაოდ მძიმე განცხადება გააკეთა ყოფილმა პატიმარმა მალხაზ გველუკაშვილმა ციხეში ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

-  ორგანოებით ვაჭრობაზე პატიმრებიც ლაპარაკობდნენ. ბევრი ადამიანი იღუპებოდა, ყოველდღე სამი-ოთხი გვამი გაჰქონდათ. გამორიცხული არ არის, მაგრამ გამოსაძიებელია, ეს ისეთი ბრალდებაა, რომ უნდა დაამტკიცო.

-  პატიმრობის პერიოდიდან ყველაზე მძიმედ რომელი დღე გახსენდებათ?

-  ერთხელ სასამართლოდან მომიყვანეს და ერთი ძალიან მძიმედ ნაცემი პატიმარი ვნახე, რომელსაც წვივი ჰქონდა მოტეხილი და კიდევ სცემდნენ. პატიმრებმა დიდი ამბავი ავტეხეთ, ვყვიროდით, რომ სხეულს დავიზიანებდით, თუ არ მიხედავდნენ. შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

-  თქვენ ფიზიკურად არასოდეს გაგსწორებიან?

-  არა, მაგრამ ადმინისტრაცია ყოველთვის ცდილობდა პრობლემების შექმნას. ოღონდ ისე, რომ თავად არ ჩარეულიყვნენ. სპეციალური პატიმრები ჰყავდათ, რომელთაც მაპირისპირებდნენ, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდი სიტუაციის განმუხტვას.

-  ამ წლების განმავლობაში რომელიმე მინისტრთან შეხვედრის მცდელობა თუ გქონიათ?

-  არა, მე უფრო დაცული ვიყავი, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ყურადღების ცენტრში გახლდით. ერთხელ თომას ჰამერბერგმაც მნახა.

-  პარლამენტარები თუ შემოდიოდნენ თქვენ სანახავად?

-  რამდენჯერმე ლევან ვეფხვაძე და გიორგი ახვლედიანი იყვნენ. დიმიტრი ლორთქიფანიძე შემოდიოდა.

-  ეკა ხერხეულიძე?

-  შემოდიოდა, მაგრამ (ფიქრობს)... მოდიოდა, მეკონტაქტებოდა, მაგრამ ჩემთან ბოლომდე არ იხსნებოდა, ცოტა ემოციურია ეკა. ისე მიჰყავდა სიტუაცია, რომ საკონფლიქტო ხდებოდა.

-  რაზე საუბრობდით თქვენ და ხერხეულიძე?

-  ბევრი საერთო არ გვქონია. როცა მეუბნებოდა - აღიარეო, უარს ვეუბნებოდი, შემდეგ წამოხტებოდა და მეუბნებოდა, შენც არ მყავდე ახლა მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდიაო (იცინის).

-  როგორ გაიხსენებთ იმ დღეს ციხეში, როდესაც ტელევიზიით წამების სკანდალური კადრები გავრცელდა?

-  მაშინ ვიგრძენით, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დამთავრდა. ბადრაგები აბსოლუტურად დემორალიზებულები იყვნენ და ძალაუფლება პატიმრების ხელში გადმოვიდა, მაგრამ ბევრი არ აგვიღია საკუთარ თავზე.

-  8 თებერვლის ინციდენტი, რო­მ­ელშიც პოლიტპატიმრები მონაწილეობდნენ, პრეზიდენტმა საკმაოდ მძიმედ შეაფასა. უმცირესობამ ნანა კაკაბაძე და მელორ ვაჩნაძე ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილეებადაც კი მოიხსენია.

-  პრეზიდენტი კარგად ვერ შეაფასებდა იმ ადამიანების საქციელს, რომლებიც სიკვდილისთვის გაწირა. იქ ძალიან მშვიდად მიდიოდა ყველაფერი და ეს პროვოკაცია გიგი უგულავამ გამოიწვია. ისე, როგორ წარმოგიდგენიათ, ვინმემ განმისაზღვროს დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, თუნდაც ირაკლიმ. მე ჩემი ჩამოყალიბებული შეხედულება მაქვს სააკაშვილზე და ყველაფერს გავაკეთებ, ეს ადამიანი პოლიტიკურად გავანადგურო.

-  როგორ უნდა გაანადგუროთ?

-  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილი ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს.

-  ქვეყანაში, სადაც ბაჩო ახალაიას გარდა ვერავის დაჭერა ვერ მოახერხეს?

-  თუ ესენი ვერ მოახერხებენ, სხვა ხელისუფლება მოახერხებს, ხალხს დანაშაული ხომ არ დაავიწყდება. სააკაშვილი დამთავრებულია, ის ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში. საკითხი დგას, გასამართლდება თუ არა და როდის. ვფიქრობ, ეს მალე მოხდება. სააკაშვილისთვის რა მნიშვნელობა აქვს, 45 წლის ასაკში ჩაჯდება ციხეში თუ 55-ის, ფაქტია, რომ ჩაჯდება.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ