"ეკა ხერხეულიძის სახლიდან სუბოტექსი ამოიღეს"

"ეკა ხერხეულიძის სახლიდან სუბოტექსი ამოიღეს"

პოლიტპატიმრის სტატუსი პარლამენტმა ერთადერთ ქალს, ყოფილ პროკურორ ნანა თხელიძეს მიანიჭა. იგი მომღერალ მარიკა თხელიძის მამიდაა. ქალთა დაწესებულებაში 2 წელი და 7 თვე გაატარა, რომ არა ხელისუფლების ცვლილება, გისოსებს მიღმა 9 წელიწადი მოუწევდა ყოფნა. 1992 წლიდან პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლოს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ზედამხედველი პროკურორი იყო. სისტემიდან პირადი განცხადებით წავიდა, ამის მიზეზი ზურაბ ადეიშვილთან დაპირისპირება გახდა.

მალე ადვოკატურაში გადაბარგდა და რამდენიმე თვეში დააკავეს. განაჩენის მიხედვით, ადვოკატმა ნანა თხელიძემ ოლქის პროკურორებზე ზეგავლენა მოახდინა და ამის გამო 3 ბრალდებულს საპროცესო გარიგება არასწორად გაუფორმეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით (ზეგავლენით ვაჭრობა) წაუყენეს ბრალი. თხელიძის მტკიცებით, ბრალდება შეთითხნილია. კარგად იცის, რა მეთოდებით მუშაობდა ადეიშვილის დროს პროკურატურა, ისიც ახსოვს, როგორ აღმოაჩინეს ეკა ხერხეულიძის სახლში სუბოტექსი, რატომ არ დააკავეს მინისტრის მოადგილის, თინათინ ბურჯალიანის ძმა და რა ფორმით ცდილობდა წილებში ჩაჯდომას ზურაბ ადეიშვილი.

ყოფილი პატიმარი ნანა თხელიძე: - ადეიშვილის პირადი პატიმარი ვიყავი. თბილისის პროკურორ მამუკა გვარამიას პირდაპირ მივახალე, იმის კაცობაც არ გყოფნის, სიმართლე მითხრა-მეთქი. გვარამიამ სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დამიპირა, საქმე გავუიოლე და პირადი განცხადებით წამოვედი.

- ადეიშვილთან დაპირისპირების მიზეზი რა იყო?

- ჩემს მეუღლეს რკინიგზის ტენდერი ჰქონდა მოგებული. დაიბარეს და წილი - 1 500 000 დოლარი მოსთხოვეს. ირაკლი ეზუხბაიას ოთხივე მოადგილე რამდენიმე დღე შინ გვეჯდა და ულტიმატუმს გვიყენებდა. პირდაპირ გვითხრეს, ადეიშვილის დავალებით ვართ მოსულებიო. გადავწყვიტეთ, მოლაპარაკებაში მისი მარჯვენა ხელი, ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ჩაგვერთო. ის ეზუხბაიას კაბინეტში შეხვედრას დაესწრო და თანხა 2 მილიონამდე გაზარდეს. ვუთხარით, რომ არაფერს გადავიხდიდით.

ყავლაშვილმა იმავე საღამოს პასუხი მომიტანა, არ უნდა გაახმაურო გამოძალვის ფაქტი, არც ის თქვა, რომ ზაქარიაძეს ეზუხბაიას კაბინეტში სცემეს და შეგეშვებიანო. ზაქარიაძე ეზუხბაიას მოადგილე იყო, ამ პროექტს კურირებდა. რატომღაც მიიჩნიეს, რომ მან თავისი წილი აიღო და ამიტომ სცემეს. მერე საქართველოდან გაიქცა. ჩემი ქმრის სამსახურში ფინანსური პოლიცია მაინც შევიდა, დარღვევა ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ ტენდერი ისე გაუუქმეს, რომ შესრულებული სამუშაოს თანხაც არ გადაუხადეს. ადეიშვილს შვილობილი ჰყავდა, მარეგულირებლის ხელმძღვანელი გიორგი არველაძე, მას ჰქონდა დავალებული წილების კონტროლი, ისიც გვირეკავდა.

საჩივარი შევიტანე სასამართლოში და 2 მილიონი, შესრულებული სამუშაოს თანხა მოვითხოვე, პრეზიდენტსაც გავუგზავნე წერილი. ბოლოს ჩემს ქმარს ისე გაუხადეს საქმე, რომ საქართველოდან გაიქცა, მე კი ულტიმატუმი წამიყენეს, სარჩელი უკან გამომეტანა. ეს არ გავაკეთე. მეტიც, ვამხილე ადეიშვილი და მისი აგენტების გვარებიც დავასახელე. ისიც გავახმაურე, როგორ ამოიღეს ეკა ხერხეულიძის სახლიდან სუბოტექსი და როგორ დახურეს ეს საქმე ისე. პროკურატურაში საპატრულო პოლიციას ვკურირებდი და ყველა ინფორმაცია ჩემთან იყრიდა თავს.

იმდენი რამე ვიცი, ვერც კი წარმოიდგენთ. თინა ბურჯალიანის ძმაც დააკავეს ნარკოტიკებისთვის, გაგიჟდა ბურჯალიანი. პროკურორებს აიძულებდნენ საპროცესოს თანხა, 2 000 ლარი მათ გადაეხადათ.

- ხერხეულიძის სახლიდან ამოღებული სუბოტექსი ვის ეკუთვნოდა?

- ხერხეულიძეს ნახევარძმა ჰყავს, ის დააკავა საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკზე და როცა სახლის ჩხრეკა ჩატარდა, 150 აბი სუბოტექსი იპოვეს, მაგრამ ეს საქმე შეწყდა...

პროკურატურა აგენტების დახმარებით აუბედურებდა ათასობით ადამიანს, მათი ცოდვა ამათ კისერზეა. აგენტების გაშიფვრა სახელებით და გვარებით ვცადე, ამან გააგიჟა ადეიშვილი... ერთ დღეს გამომძიებელმა ნიკა ბიწკინაშვილმა პროკურატურაში მისვლა მთხოვა, იქ გავარკვიე, რომ აბსურდულ ბრალდებას მიყენებდნენ. ადეიშვილს წერილი მივწერე: შენ გინდა შემაშინო, მაგრამ არ გამოგივა. გაფრთხილებ, ჩემს ოჯახს არ შეეხო, შე ვირთხა-მეთქი.

- რას გედავებოდნენ?

- თითქოს ადვოკატმა ჯინჭარაძემ საპროცესო გარიგებაში დახმარება მთხოვა. დავუკავშირდი შიდა ქართლის პროკურორ გელა მამალაძეს, ასევე ქვემო ქართლის პროკურორ მიშა აბულაძეს და თითქოს მათზე მოვახდინე ზეგავლენა - იმაზე ნაკლები სასჯელი მივაცემინე ბრალდებულთათვის, რაც ადეიშვილის გაიდლაინში იყო მითითებული. თურმე ადეიშვილზე მეტად ჩემი სიტყვა გაითვალისწინეს.

- პროკურორები გაიდლაინებით სარგებლობდით?

- წერილობით არ არსებობდა, ეს იყო ჰაერში დაწერილი და ყველამ იცოდა.

იმდენად არ ჰქონდათ სამხილი, რომ ჩემი დაკავება პროკურორ ლევან ბოჭორიშვილისა და მოსამართლე დიტო მჭედლიშვილის ქრთამზე დაკავების ფაქტს დაამთხვიეს. მათთან ერთად ტელევიზიით ჩემი გვარიც გამოცხადდა, არადა, არანაირი შეხება იმ საქმეებთან არ მქონია. დაკავების დღიდან საქმის მასალებს ვითხოვდი, მეუბნებოდნენ, აუდიოჩანაწერი გვაქვს, ტელეფონზე ლაპარაკობდიო. მომასმენინეთ-მეთქი, გრიფი "საიდუმლო" ადევსო. ვუჩივი პროკურორებს: ქარქუსაშვილს, მჟავიას და სამივე ინსტანციის მოსამართლეს: მარინა ცერცვაძეს, მზია ლომთათიძეს და მაია ოშხერელს. ისე გამომიტანეს განაჩენი, სიტყვაც არ მათქმევინეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ