თემურ ქევხიშვილი გიორგი უშიკიშვილს უპირისპირდება - "უშიკიშვილთან დაკავშირებით ბევრი მაქვს სათქმელი”

თემურ ქევხიშვილი გიორგი უშიკიშვილს უპირისპირდება - "უშიკიშვილთან დაკავშირებით ბევრი მაქვს სათქმელი”

"ვარანცოვზე", აღმაშენებლის გამზირზე წამოჭიმულ უზარმაზარ თეთრ შენობაში, რომელშიც თავის დროზე "ესთეტიკის ცენტრი" იყო განთავსებული და საიდანაც დაახლოებით 130 პედაგოგი და ცხრაასი ბავშვი გამოაძევეს, მიხეილ სააკაშვილის კარის მუტრიბმა და "ფოლკლორის ცენტრის" დირექტორმა - გიორგი უშიკიშვილმა კაფე გახსნა, სადაც, ხალხური სიმღერის გარდა, ყველაფერი შეიძლება ისწავლოს კაცმა. საქართველოს სახალხო არტისტი, შესანიშნავი ლოტბარი და ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი - თემურ ქევხიშვილი, რომლის "ურმულიც" სულხან ცინცაძემ "ჯარისკაცის მამაში" გოდერძი მახარაშვილის პერსონაჟს სიკვდილის წინ ამღერა, უშიკიშვილის მიერ კაფედ, რესტორნად თუ საეჭვო რეპუტაციის სახლად გადაკეთებულ "ესთეტიკის ცენტრს" სინანულით იხსენებს და კულტურის სამინისტროს საგანგებო ყურადღების გამოჩენას ურჩევს!..

"ქრონიკას" თემურ ქევხიშვილი ესაუბრა:

- ბატონო თემურ, რა ხდება ესთეტიკის ყოფილ ცენტრში, რომელიც ახლა უკვე უშიკიშვილის გამგებლობაშია?

- ყოველ დარგს უნდა ხელმძღვანელობდეს თავისი საქმის პროფესიონალი, რომელსაც ცოდნაც ექნება და გამოცდილებაც!.. არ შეიძლება, დარგი ვინმეს ჩააბარო იმ ნიშნით, რომ ის შენი სამეგობროს წარმომადგენელია. როცა ქართული პასპორტები შემოიღეს, მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი, ჩემთან ინტერვიუზე შემოვიდნენ და მკითხეს, - ბატონო თემურ, ეროვნულ პასპორტზე რა აზრის ხართო!.. მე ვუპასუხე, - ქართულ პასპორტში უნდა იყოს გრაფა, - "მღერის ამა და ამ ხმას"... თუ სიმღერა არ შეუძლია მაშინ უნდა ეწეროს, - "უყვარს მოსმენა", ხოლო თუ ესეც არ შეუძლია, მაშინ ასეთ ადამიანს ქართული პასპორტი რად უნდა-მეთქი?! ქართული სიმღერა და ცეკვა არის უნიკალური მოვლენა, ჩვენი საგანძური, რაშიც ჩვენ მთელ მსოფლიოში ვერავინ ვერ შეგვეჯიბრება!.. არ შეიძლება ამ საქმის არმცოდნე პიროვნება ამ სფეროს ჩვენი რესპუბლიკის მასშტაბით განაგებდეს!..

- უშიკიშვილს გულისხმობთ?

- დიახ!.. უშიკიშვილს არ აქვს შესაბამისი განათლება და მე ძალიან კარგად ვიცი, რა განათლება და გამოცდილება აქვს მას...

- რა ვიცი, ბატონო თემურ, ამბობენ, რომ კარგად მღერისო და...

- კარგად ეგ ბავშვობაში მღეროდა და იმედია, ეჭვი არ გეპარებათ იმაში, რომ მე იმის გარკვევა მაინც შემიძლია, ვინ კარგად მღერის და ვინ - არა!.. (იცინის) მე არაფრის პრეტენზია არ მაქვს და ამას ბოღმა, ან ვინმეს დამცირების სურვილი არ მალაპარაკებს!.. მაგ შენობის ამბავი ასე იყო, - ვახტან ჭაბუკიანმა შექმნა ოპერის თეატრის სცენის ზუსტი ასლი, სადაც მსახიობები რეპეტიციებს გადიოდნენ. შევარდნაძის დროს გულგახეთქილი მასწავლებლები მოვიდნენ ჩემთან, - გვიშველეთ, შენობიდან გვყრიან, აზერბაიჯანის საელჩოსთვის უნდათ მისი გადაცემა, ბატონი კოტე მახარაძეც იქნება თქვენთან ერთად და იქნებ შევარდნაძეს სთხოვოთ, რომ "ესთეტიკის ცენტრი" არ მოიშალოსო!.. ისეთი კაცი ვარ, ბატონო დიტო, ვინც მე მიცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ ჩემი გულისთვის გამორიცხულია ვინმე შევაწუხო, მაგრამ ამ საქმისთვის წავედით მე და ბატონი კოტე და შევარდნაძეს პირდაპირ ვუთხარი, - ამის გაკეთება არ შეიძლება, მაშინ ოპერის თეატრი და სხვა მსგავსი დანიშნულების შენობებიც გადავცეთ სხვა სახელმწიფოებს და ჩვენი ბავშვები ქუჩაში დავტოვოთ-მეთქი!.. ძირითადად სულ მე ვლაპარაკობდი, კოტე ჩუმად იყო... შევარდნაძემ მიპასუხა, - ამ საქმეს მივხედავო!.. მივხვდი, შენობა გადავარჩინეთ!.. სულ ბოლოს შევარდნაძე მეკითხება, - თემურ, სულ ეს არის, მეტი არაფერი გაქვს სათხოვნელიო? - არა, სხვა არაფერი მინდა, ეგ არის ყველაზე მთავარი საკითხი, ამისთვის ვარ მოსული-მეთქი!.. - გადამრევს ეს კაციო! - გაიკვირვა შევარდნაძემ და გამოვემშვიდობეთ!.. ახლა ცოტა უნდა გავბრაზდე, - თუ საქმე საქმეზე მიდგება, მე დიახაც მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ამ შენობამ თავისი სახე არ დაკარგოს და იქ ბავშვები ქართულ ხელოვნებასა და კულტურას დაეუფლონ!.. შებრძანდით ნებისმიერ მაღაზიაში, ყველგან უცხოური მუსიკა თუ საშინელება - ჯაგა-ჯუგი ისმის... ეს არის დივერსია ქართული სიმღერის წინააღმდეგ და მე "პოპულში" როცა ვიკითხე, - მოგწონთ, ეს სიმღერები, ეს მუსიკა-მეთქი? - იცით, რა მიპასუხეს? - არ მოგვწონს, მაგრამ რა ვქნათ, უფროსობა ასე გვავალებსო!.. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, - ამ საქმეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიხედავს ის ადამიანი, რომელსაც საამისო განათლება და გამოცდილება არ აქვს!.. არ შეიძლება ხელმძღვანელმა და საერთოდ კაცმა ყველაფერზე მოაწერო ხელი!.. საერთოდ მე უშიკიშვილთან დაკავშირებით ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ეს არ არის სახალხოდ სალაპარაკო თემა... მაგრამ თუ დასჭირდება, მე მაგას ავუხსნი ყველაფერს და ვეტყვი, რომ არ ჰყოფნის არც კულტურა და არც არაფერი!.. თუ რამ იცის და ვისგანაც რამე ისწავლა, იმ ხალხს არის გადაკიდებული სწორედ, იმათი ხსენება არ უნდა!..

- ბატონო თემურ, ვისზეა ლაპარაკი?

- ანზორ ერქომაიშვილზე, გომარ სიხარულიძეზე... ჩემგან მაგას სიმღერა არ უსწავლია, თორემ მე მაგას ცოტა სხვანაირად დაველაპარაკებოდი!..

- რატომ არის გადაკიდებული უშიკიშვილი ანზორ ერქომაიშვილსა და გომარ სიხარულიძეზე?

- ეს პიროვნება არის სააკაშვილის კარის მომღერალი... მე ვიცი, საიდან დაიწყო მათ შორის კონფლიქტი და რა მოხდა, მაგრამ არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი.

- უშიკიშვილს ხომ არ უნდოდა ერქომაიშვილის ნაცვლად დეპუტატობა?

- არაფერზე ეგ უარს არ იტყვის!.. სააკაშვილმა მაგას სიმღერა დაუფასა და თავზე ხელი გადაუსვა... ახლა, როგორ მღერის, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ამათაც მეტი არ უნდოდათ და ერთობოდნენ და ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს!.. დაღუპეს ის დარგი, რასაც ქართული ხალხური სიმღერა და ცეკვა ჰქვია... მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ესენი ამ დარგში მზის სათვალეებით დადიან და ვერავის ვერ ამჩნევენ!.. თუ დღეს ქართული სიმღერისა და გალობისკენ გამოიხედა ხალხმა, ეს არის ჩვენი დამსახურება. ანზორ ერქომაიშვილს აქვს ეს დაწერილი თავის მოგონებებში, - ახალგაზრდა ბიჭები ვიყავით, რომ ვაკის პარკში კონცერტი გვქონდა, "შავი შაშვი" ვიმღერეთ. მოგეხსენებათ, ეს მონადირის სიმღერაა და სიმღერაში ძაღლების ყეფის იმიტაციაც ისმის... სიმღერა რომ ვიმღერეთ, დარბაზმა ყეფა დაგვიწყო და დაგვცინეს... სცენიდან რომ გამოვედი, დასაბმელი ვიყავი და ბიჭები მაკავებდნენ, - ვიღაცას მოვკლავდი!.. აი, ამ დონეზე ვიყავით მაშინ, ასე ხვდებოდა ხალხი ქართულ ხალხურ სიმღერას. დღეს რომ მსმენელი ქართულ ხალხურ სიმღერას უსმენს, ეს არის ანსამბლ "გორდელასა" და იმ გაკვეთილების დამსახურება, რომელსაც მე შეგნებულად მოვაწერე ხელი ტელევიზიაში მუშაობის დროს. ნუგზარ ფოფხაძე იყო მაშინ ტელევიზიის ხელმძღვანელი და მისი ინიციატივა გახლდათ ეს პროექტი. სამი გაკვეთილის შემდეგ შემოვიდა ნუგზარი და მეუბნება, - ძალიან ცუდად არის საქმე, განუწყვეტლივ რეკავენ და მეუბნებიან, - ქევხიშვილი ამას და ამას არასწორად გადასცემს, აქ სწორი არ არის, იქ სწორი არ არისო!.. მე ვუპასუხე, - რა განერვიულებს, კაცო, გამოვაცხადოთ, რომ თემურ ქევხიშვილი მზად არის, მრგვალ მაგიდასთან, პირდაპირ ეთერში მოგიწვიოთ და ყველას გაგცეთ პასუხი-მეთქი!.. ამის შემდეგ ზარები შეწყდა.. მე არავის არ ვერჩი, მე მაწუხებს ჩვენი ფოლკლორის, ჩვენი სიმღერის მომავალი, რომელსაც ვსპობთ!..

- ბატონო თემურ, რას აპირებთ, რა ეშველება ცენტრს, სადაც ჩემი თვალით ვნახე, რომ უშიკიშვილს სავაჭრო დახლი აქვს გაშლილი?

- მე არ ვიქნები რაიმეს ინიციატორი, რადგან ეს საზოგადოების თვალში ჩემი მხრიდან შეიძლება ცუდად გამოჩნდეს, მაგრამ ყველას გვერდში დავუდგები, ვინც ჩვენი ბავშვებისა და ხელოვნების გადასარჩენად იბრძოლებს!..

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

ვარსკვლავების იახტები, თვითმფრინავები და გადაადგილებაში დახარჯული მილიარდები - რა ღირს კომფორტი ჰოლივუდში

მაკა ასათიანის ულამაზესი შვილიშვილის აქამდე უცნობი ფოტოები - ლეას, რომელიც საქართველოში იზრდება, პოპულარულ ბაბუას ამსგავსებენ

"მუსიკოსებსაც რა ვუთხრა, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ფირფიტებს რომ ყიდიან" - "ბასიანის" თანადამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ემოციური პოსტი