უამინდობის გამო, "ერისიონი" გასტროლებზე დღეს ვერ გაემგზავრა. როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკუასელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, დიდთოვლობის გამო გამგზავრება შეფერხდა, თუმცა "კომპანია" აირზენას დახმარებით, მოსკოვში ხვალ დილით გაფრინდებიან.
ამასთან, ჯემალ ჭკუასელმა კომენტარი გააკეთა იმ უარყოფით შეფასებებზე, რომელიც რუსეთში დაგეგმილ გასტროლებს მოჰყვა.
"ჩვენი პოლიტიკა ხელოვნებაა. ნუ ურევენ პოლიტიკას, სპორტს და ხელოვნებას ერთმანეთში. ჩვენ ვერავინ გვასწავლის ვინაა, რუსეთი, რა ხალხია და რა დამპყრობლები არიან. თუ მეტყვიან წამოდი დავცხოთო, გავყვები მუშტითაც და ზარბაზნითაც. რატომ არ იხსენებენ 26 მაისს? მაგრამ ამ ამბის გადაფარვა უნდათ, 26 მაისი რა არის, ნახეთ "ერისიონი", რას გვიშვებაო. ჩვენ დღეს ვერ წავედით, თუმცა ხვალ აუცილებლად გავფრინდებით რუსეთში და გავმართავთ კონცერტებს, რადგან სუროგატ ანსამბლებს არ მივცეთ საშუალება, ჩვენი სახელით გამართონ კონცერტები", - განაცხადა ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა.
"ერისიონის" გასტროლები მოსკოვში რუსეთში მოქმედი ებრაული საპროდიუსერო კომპანიის ეგიდით იმართება. კონცერტები, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, კრემლის საკონცერტო დარბაზიც გაიმართება. ტექნიკურ მხარდაჭერას მათ ფრანგი სპეციალისტები გაუწევენ. ანსამბლი საქართველოში 12 მარტს დაბრუნდება.