ბიძინა ივანიშვილის ქონება 1.1 მლრდ-ით შემცირდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება 1.1 მლრდ-ით შემცირდა

ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ქონება გასულ წელთან შედარებით 1,1 მილიარდი დოლარით შემცირდა.

გამოცემამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი 229-ე ადგილს იკავებს. გამოცემის ცნობით, საქართველოს პრემიერის ქონება 5,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 1,1 მილიარდი დოლარით ნაკლებია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. 2012 წელს გამოქვეყნებული "ფორბსის" რეიტინგის თანახმად, საქართველოს პრემიერის ქონება 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

"ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის ოქტომბერში გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც მისმა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა პოლიტიკაში წასვლა  ერთი წლით ადრე გადაწყვიტა და რამდენიმე თვეში რუსეთში არსებული თავისი ბიზნესი 1,3 მილიარდ დოლარად გაყიდა. მეშახტისა და დიასახლისის 5-შვილიან ოჯახში დაბადებული ივანიშვილი და-ძმებს შორის უმცროსია", - აღნიშნავს გამოცემის ვებგვერდი.

გამოცემის ინფორმაციით, 1984 წელს ივანიშვილი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო. რუსეთში პრივატიზაციის ეპოქის პერიოდში, ის და მისი პარტნიორი ვიტალი მალკინი ლითონებისა და ძვირფასი მეტალების შეძენით დაკავდნენ. მათ ასევე ერთად დააფუძნეს "როსისკი კრედიტ ბანკი" და უძრავის ქონების პროექტებში დაიწყეს ინვესტიციების განხორციელება. 2003 წელს ივანიშვილი საქართველოში გადაბარგდა. ამ წლების განმავლობაში მან გაყიდა თავისი ბიზნესები და ოქროში, რუსულ და ამერიკულ აქციებსა და ხელოვნების ნიმუშებში ახდენს რეინვესტირებას.

"ივანიშვილს 1 მილიარდი დოლარის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია აქვს, მათ შორის პაბლო პიკასოს "დორა მაარი კატასთან ერთად", რომლის სანაცვლოდ მან 2006 წელს "სოთბის" აუქციონზე 95 მილიონი დოლარი გადაიხადა", - ნათქვამია "ფორბსის" ვებგვერდზე.

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს მექსიკელი კარლოს სლიმი ლიდერობს, რომლის ქონება 73 მილიარდს შეადგენს. მეორე ადგილს, 67 მიალიარდი დოლარით, ამერიკელი ბილ გეითსი იკავებს. მესამე ადგილზე პირველად აღმოჩნდა ესპანური ბრენდის, "ზარას" ქსელის დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა – 57 მილიარდით. მეოთხე ადგილი ერგო ცნობილ ქველმოქმედს უორენ ბაფეტს – 53,5 მილიარდი დოლარი.

მომზადებულია forbes.com-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა