საქართველოსთვის სტალინის სსრ-ს დარქმევა სურდათ

საქართველოსთვის სტალინის სსრ-ს დარქმევა სურდათ

”საქართველოსთვის სტალინის სსრ-ს დარქმევა უნდოდათ”, - გამოცემა Комсомольская правда ამ სათაურით ალექსეი ბოგომოლოვის სტატიას აქვეყნებს. ავტორი სტატიაში რუსეთის საბჭოთა ისტორიის არქივის მასალებს ეყრდნობა.

”დაახლოებით 60 წლის წინ გარდაცვლილი იოსებ სტალინის ხსოვნის უკვდავყოფის იდეა ჯერ კიდევ მის ფიზიკურ აღსასრულამდე გაჩნდა. ცკ-ს პრეზიდიუმის წევრებმა მისი ავადმყოფობის შეუქცევადი ხასიათის შესახებ ჯერ კიდევ 2 მარტს იცოდნენ. ამიტომ სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს 7 მარტის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო: დიდი ბელადების და საბჭოთა გამოჩენილი მოღვაწეების ხსოვნის უკვდავსაყოფად, მოსკოვში მონუმენტური შენობა უნდა აგებულიყო - საბჭოთა ქვეყნის დიდი ადამიანების მარადიული დიდების ძეგლი.

პანთეონის აგების შემდეგ მასში ი.ვ ლენინის და ი.ვ.სტალინის სარკოფაგები უნდა განეთავსებინათ”, - წერს სტატიის ავტორი.

”დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მაცხოვრებლებს ამჟამად, ეჭვიც კი არ აქვთ, რომ მათ შეიძლებოდათ ეცხოვრათ რაიონში სახელად "ამხანაგ სტალინის ხსოვნით". მისი აშენების იდეა გიორგი მალენკოვს ეკუთვნის, რომელმაც სტალინი სსრკ მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პოსტზე ჯერ კიდევ 1953 წლის გაზაფხულზე შეცვალა. ხუთ წელიწადში სტალინის სახელობის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის, მუზეუმის, სტადიონის, საცხოვრებელი რაიონების და ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის აგება იგეგმებოდა. ეს ერთგვარი "ეროვნულ-ეკონომიკური მიღწევების გამოფენა" უნდა გამხდარიყო.

აპირებდნენ სხვადასხვა უწყებებისთვის სახელის გადარქმევასაც. მაგალითად, საბჭოთა არმიისთვის "სტალინსკოის" დარქმევა უნდოდათ. ლენინგრადის პროსპექტი და ლენინგრადის გზატკეცილი სტალინის პროსპექტი უნდა გამხდარიყო, ხოლო საქართველოს "სტალინის სსრ" უნდა დარქმეოდა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ქალაქები - სტალინგრადი (ვოლგოგრადი), სტალინი (დონეცკი), სტალინაბადი (დუშანბე) უკვე არსებობდა”- წერს Комсомольская правда.

”საბჭოთა ხელმძღვანელობის ფანტაზია ნამდვილად შეუზღუდავი იყო, - წერს ალექსეი ბოგომოლოვი, არსებობს სტალინის ორდენის გამოცემის მოსამზადებელი რამდენიმე ვარიანტი, ბელადის სახელის დარქმევა ყველაფრისთვის - ავტომობილიდან რაკეტამდე, სოფლებიდან მეგაპოლისებამდე უნდოდათ. მაგრამ ხანდახან საღი აზრი იმარჯვებდა.

ცკ-სა და მინისტრთა საბჭოს რეზოლუციით, სტალინის პანთეონის აგება სერიოზულად იგეგმებოდა. ამ მშენებლობის პროექტები როგორც კრემლში, ისე მის გარეთაც კი არსებობს. მაგალითად, მთავარი უნივერსალური მაღაზიის (ГУМ) ადგილზე”.

ალექსეი ბოგომოლოვის  აზრით, იდეები ორი მიზეზით არ განახორციელეს. პირველ რიგში, ძალაუფლებაში ხრუშჩოვის მოსვლით "ბელადის ხსოვნის უკვდავყოფასთან" დაკავშირებული ინიციატივები ჩაწყნარდა. მეორეც, ხაზინიდან პანთეონის აგებისთვის დაახლოებით 300 მლნ რუბლის და რაიონის ასაშენებლად ასჯერ მეტის დახარჯვა მფლანგველობად მიიჩნიეს.

მომზადებულია Комсомольская правда-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"