გოგა ხაჩიძე - საელჩოები არ განსაზღვრავენ, ვის რა განათლება აქვს

გოგა ხაჩიძე - საელჩოები არ განსაზღვრავენ, ვის რა განათლება აქვს

იურიდიული განათლების ხარისხს არა საელჩოები, არამედ სასწავლო დაწესებულებები განსაზღვრავენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თეა წულუკიანის განათლებაზე საფრანგეთის საელჩოს პრესატაშის განცხადების კომენტირებისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ENA თეა წულუკიანმა საჯარო ადმინისტრირების განხრით დაამთავრა და არა - იურიდიულით.

ამავდროულად, გოგა ხაჩიძე ეჭვობს, რომ პრესატაშე ქსავიერ როუარდის განცხადება საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური პოზიცია არ არის.

"საელჩოს ოფიციალური ინფორმაცია ამ საკითხზე არ გაუვრცელებია და ეჭვი მეპარება, მსგავს საკითხებში ერეოდეს რომელიმე ქვეყნის, მით უმეტეს, საფრანგეთის საელჩო. გარდა ამისა, განათლებასთან დაკავშირებულ იურიდიულ დოკუმენტებს გასცემენ საგანმანათლებლო დაწესებულებები - უმაღლესი სასწავლებლები თუ სხვადასხვა ტიპის კოლეჯები და არა - საელჩოები. ასევე, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ENA-ს სასწავლებელი თეა წულუკიანს დამთავრებული აქვს საჯარო ადმინისტრირების და არა იურიდიული განხრით", - განაცხადა ხაჩიძემ.

მისივე თქმით, ქსავიერ როუარდის განცხადება საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური პოზიციაც რომ იყოს, ამით მაინც არაფერი იცვლება.

"საელჩოები არ განსაზღვრავენ, ვის რა განათლება აქვს. დიდი კითხვის ნიშანი მაქვს იმაზე, იცოდა თუ არა ქსავიერ როუარდმა კანონის ის კონკრეტული მოთხოვნა, რაზე დაყრდნობითაც ეს კითხვები გაჩნდა. ერთია, რას ამბობს საფრანგეთის საელჩო და მეორე - რას ამბობს ქართული კანონმდებლობა", - აღნიშნა ხაჩიძემ.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშე ქსავიერ როუარდმა დღეს "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება.

მისივე განმარტებით, ამის დამადასტურებელი საუკეთესო მაგალითი ის არის, რომ ENA -ს საუკეთესო კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა.

"ისინი მუშაობენ კონტროლის პალატაში, რომელიც სასამართლო ორგანოა, ასევე იმ ინსტიტუტებში, სადაც საჭიროა იურიდიული განათლება. თეა წულუკიანმა შეძლო მუშაობის დაწყება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ამიტომაც, ვადასტურებ, რომ, როგორც ENA-ს ყველა კურსდამთავრებულს, ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება", - აღნიშნა ქსავიერ როუარდმა.

არსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანის განათლებაზე კომენტარი საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენე სალენსმაც გააკეთა.

წულუკიანის განთლებასთან დაკავავშირებით ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არ აქვს იურიდიული განათლება და, შესაბამისად - უფლება, იყოს იუსტიციის მინისტრი.

გარდა ამისა, იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა "საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც".

სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი უდასტურებს.

კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს.

მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიამ თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია მიანიჭა, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თეა წულუკიანმა 2000 წელს დაამთავრა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა (ENA) და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა