გოგიტა გაბაიძე - "ჩვეულებრივი ადამიანების რიგი დგას პროკურატურასთან. ერთ საქმეზეც არ არის ხელახალი გამოძიება დაწყებული"

გოგიტა გაბაიძე - "ჩვეულებრივი ადამიანების რიგი დგას პროკურატურასთან. ერთ საქმეზეც არ არის ხელახალი გამოძიება დაწყებული"

ადვოკატი გოგიტა გაბაიძე დღეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ოპოზიციისთვის მეტად საჭირო ადვოკატად მიიჩნევა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მისი პროფესიონალიზმით პირველად გიგი კალანდაძის სასამართლო პროცესზე მოიხიბლნენ და მას შემდეგ ახალგაზრდა ადვოკატს არაერთი სკანდალური სახის დაცვა უწევს.

- იურიდიული განათლება საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში მივიღე. ლექციებს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები გვიკითხავდნენ. შემდეგ იყო საქართველოს ადვოკატთა პრეზიდიუმი და კოლეგია. კოლეგიაში ტესტირება გავიარე და ვაკის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატად გამანაწილეს. ექვსი თვის შემდეგ კიდევ ერთი ტესტირება გავიარე, კოლეგიის წევრად ამირჩიეს და მას შემდეგ, 2001 წლიდან ადვოკატთა კოლეგიის წევრი ვარ... ჩემდა საბედნიეროდ, არასდროს არც ერთ საჯარო დაწესებულებაში არ მიმუშავია, არც პროკურორად და არც გამომძიებლად. ღმერთმა დამიფაროს!

- რატომ, ასე მიუღებელია თქვენთვის?

- კატეგორიულად მიუღებელია. არ შემიძლია, ადამიანს განაჩენი გამოვუტანო. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, დამსჯელი ვერასდროს ვიქნები, არ შემიძლია.

- გულჩვილი ხართ?

- ძალიან. ადამიანი, ვინც უნდა იყოს, მეცოდება, თუ რაღაც განსაკუთრებით სადისტურად ჩადენილ დანაშაულში არ არის ბრალდებული. შეიძლება, რაღაც შეცდომები დავუშვათ ადამიანებმა ცხოვრებაში, მაგრამ სხვისი მოსამართლეობა მაინც არ მინდა.

- თქვენი მამიდა იყო საკმაოდ ცნობილი ადვოკატი, გულიკო გაბაიძე, რომელსაც სასამართლო პროცესებზე დაჰყავდით და "ნათლობაც" მასთან მიიღეთ...

- ის ქალბატონი ნამდვილი მამიდა, ანუ მამაჩემის და არ ყოფილა. მოგვარე და შორეული ნათესავი იყო. ისიც იმ ადვოკატურაში მუშაობდა, პროცესებზე ერთად დავდიოდით. თუ ამას შეიძლება დაკვალიანება დავარქვათ, ასე იყო. სხვა მნიშვნელოვანი დეტალები არასდროს აუხსნია. გულიკო არ იყო ის ქალი, ვინმესთვის მასტერკლასი ჩაეტარებინა. ამის დროც არ ჰქონდა და არც ისეთი იყო, ვინმესთვის რამე ესწავლებინა, თავისებური ქალბატონი გახლდათ. უნივერსიტეტში საკმაოდ კარგი ცოდნა მივიღე და პრაქტიკის მისაღებად, თუ გონება გიჭრის, სავსებით საკმარისია, სასამართლო პროცესზე დაჯდე. არც მე არ მაქვს ახლა იმის დრო, ვინმეს რამე ვასწავლო. თუ ნორმალური იურიდიული განათლება გაქვს, მიხვდები, ვის რა პოზიცია უჭირავს და აზრის გამოტანა არ გაგიჭირდება...უკვე ხუთი წელია, რაც ქალბატონი გულიკო გარდაიცვალა. ბოლო წლებში მასთან ურთიერთობა თითქმის არ მქონდა, თავისებური ადამიანი იყო.

- თქვენზე ითქვა, რომ "ქართული ოცნების" წევრი ხართ...

- არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ეტყობა, დავით დეკანოიძეში ავერიე, რომელიც ბაჩო ახალაიას ადვოკატი და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

- წინა ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების დაცვა გიწევთ, რომელთაც საკმაოდ მძიმე ბრალდებები აქვთ წაყენებული...

- კი ბატონო, წინა ხელისუფლებიდან პირველი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიგი კალანდაძე იყო, რომელიც ჩემი მეგობრის ნათლულია. თუმცა მანამდე მასთან ურთიერთობა არასდროს მქონია. მის სასამართლო პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები და მოქმედი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ, რომელთაც ჩემი გამოსვლა მოეწონათ. შეიძლება ითქვას, რომ ის პროცესი მოვიგე, რადგან გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე პროცესი იყო, სადაც ეჭვმიტანილს ბრალი ვერ დაუმტკიცდა, მერე კი აღმკვეთი ღონისძიება მოვახსნევინე, სასამართლოს დავუსაბუთე, რამდენად უკანონო იყო მისი მოთხოვნა... ამის შემდგომ სხვებმაც მომმართეს და უარი როგორ მეთქვა? პოლიტიკა არ მაინტერესებს, მე ჩემი საქმე მაქვს, რომელსაც კეთილსინდისიერად ვასრულებ.

- თუმცა ისეთი ადამიანების დაცვა გიწევთ, რომელთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ობიექტური მართლმსაჯულების პირობებში ალბათ შეუძლებელი იქნებოდა...

- არა, რატომ?.. სხვა საკითხია, საზოგადოებაში რა ხმები ვრცელდება. იურისპრუდენციაში სხვაგვარად ხდება... ახლა რომ გითხრათ, რაღაც დანაშაული გბრალდებათ-მეთქი, ეს ხომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა იქნება?.. დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ საზოგადოების ძალიან ბევრმა წევრმა, რომლებიც დღეს ბევრს ლაპარაკობენ, წერა-კითხვაც არ იციან. ბევრი სადღაც ყურმოკრულს სინამდვილედ ასაღებს. ბაჩო ახალაიაზე ამბობდნენ, მკვლელიაო და ლამის ადამიანის ხორცის ჭამაც დააბრალეს, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რა ბრალდებით გაასამართლეს...

- თქვენ არ გჯერათ, რომ ციხეში პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ?

- კი ბატონო, მეც ვნახე ის კადრები, თქვენ გგონიათ, ბრმა ვარ?.. ვინც დამნაშავეა, ციხეში ზის და მეტი რა ვუყოთ, დავხვრიტოთ?!. როდესაც ციხეში ჩემს პატიმართან შევდიოდი, ერთი ადამიანი ჩემი თანდასწრებით ჰყვებოდა, თუ რა ხდებოდა ციხეებში, როგორ აწამებდნენ და რას უშვრებოდნენ პატიმრებს. ვკითხე, ეს ყველაფერი თქვენი თვალით გინახავთ-მეთქი? კიო. მერე, დაწერე საჩივარი და ჩვენება მიეცი-მეთქი, მაშინვე უკან დაიხია, მე რატომ უნდა მივცე ჩვენებაო... დალოცვილო, თუ ფაქტის მომსწრე ხარ, მიეცი ჩვენება, თუ არ იცი, რატომ ლაპარაკობ? ეს ქართველების ხასიათიდან გამომდინარე ხდება, ერთს იტყვი და სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციით ვრცელდება. თუ ბაჩო ახალაიამ ან გიგი კალანდაძემ დანაშაული ჩაიდინეს, რატომ არ დაუმტკიცდათ ბრალი, ვინმე აფარებს ხელს?..

- ქართული პრესის თითქმის ყველა გამოცემაში იბეჭდება ციხეში ძალადობის მსხვერპლთა ინტერვიუები...

- კი ბატონო, მაშინ დაუმტკიცონ ბრალი... მე ვისაც ვიცავ, მათ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ და ეს უნდა დავამტკიცო კიდეც. ამას მავალდებულებს ეთიკის კოდექსი და კანონი ადვოკატის შესახებ. ამ შემთხვევაში საზოგადოების აზრი საერთოდ არ მაინტერესებს... გიგი უგულავას სასამართლო პროცესს დაესწარით? ვერავინ მიხვდა, რას ითხოვდა პროკურორი...

- რატომ, უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პროკურატურამ ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა, ასევე მისთვის ქვეყნის დატოვების უფლების აკრძალვასა და კვირაში ერთხელ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ ვალდებულების დაკისრების შუამდგომლობას აყენებდა...

- მას რამდენჯერმე მისცეს შენიშვნა, მიკროფონში წესიერად ესაუბრა, მაგრამ განგებ ლაპარაკობდა ისე, რომ ვერავის ვერაფერი გაეგო, რადგან მისი შუამდგომლობა არგუმენტებით არ იყო გამყარებული. ამიტომაც არ დაუკმაყოფილა სასამართლომ. მისგან განსხვავებით, მე ძალიან ხმამაღლა ვკითხულობდი ჩემს შუამდგომლობას, რათა საზოგადოებას გაეგო ყველაფერი და შემდგომ კითხვები არ გაჩენილიყო, რაც სასამართლომ გაითვალისწინა. 50-ტომიანი საქმე გვაქვსო, ამბობენ, ხომ უნდა დაასაბუთონ, აბსურდული ბრალდებით ხომ არ შეიძლება ადამიანის დაკავება?.. 20 მილიონი აქვს არამიზნობრივად დახარჯულიო და ვერ დაასაბუთეს.

- უგულავა თავიდანვე მეტად თავდაჯერებული იყო. არ მიგაჩნიათ, რომ სასამართლო ჯერ კიდევ არ არის დამოუკიდებელი?

- პოლიტიკურ განცხადებებს მოვერიდები, მაგრამ თუ ვინმეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონს, არსებობს ზემდგომი ინსტანცია და იქ გაასაჩივროს. თავდაჯერებული იყო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მე ის დავარწმუნე, რომ სასამართლოს მიმართ ყველამ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს. გარდა ამისა, ვუთხარი, მე სასამართლოს დავარწმუნებ, რომ შენ აღმკვეთი ღონისძიება არ უნდა შეგეფარდოს-მეთქი. ვერავინ დამარწმუნებს, რომ მთავარმა პროკურორმა უგულავას 50-ტომიანი საქმე წაიკითხა, რადგან მან ისიც კი არ იცოდა, რომ კეზერაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა. გარდა ამისა, თუ მერის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანენ, სახელმწიფო ვალდებული იქნება ტელეკომპანია "იმედი" ჯოზეფ ქეის დაუბრუნოს, მისი ჩვენებიდან გამომდინარე.

მინდა ისიც გითხრათ, რომ არ მახსოვს შემთხვევა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ჩემი თანდასწრებით ზეწოლა განეხორციელებინათ. რამდენიმე ბრალდებულის დაცვა იმიტომ შევწყვიტე, რომ ნაცემი ვნახე და საჩივარი არ დამაწერინა, არადა, შემეძლო მისთვის გარანტია მიმეცა, რომ თითსაც ვერ დააკარებდნენ.

- მაშინ ამის გარანტიები არსებობდა?

- კარგით რა, მე რატომ არ მეშინოდა, როდესაც საჩივრებს ვწერდი?!. ჩემი კოლეგები წიოდნენ, გვემუქრებიანო, მე რატომ არ მემუქრებოდნენ?.. მართლმსაჯულება საერთოდ არ არსებობდა?.. ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე ახლა რომ ამბობენ, მოწმეებს ჩვენება ზეწოლით მიაცემინესო, გააღონ ციხის კარი და გამოუშვან ყველა, ვინც 2003-2012 წლებში გასამართლდა. მე თანახმა ვარ, ყველა გამოუშვან. რატომ არ ინტერესდებით იმ ჩვეულებრივი ადამიანების საქმეებით, რომელთა რიგი დგას პროკურატურასთან. ერთ საქმეზეც არ არის ხელახალი გამოძიება დაწყებული. მათ შორის არის ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც წერს, თუ როგორ აწამებდა მას ვლადიმერ ბედუკაძე. ორჯერ მივმართე პროკურატურას საჩივრით, მაგრამ არავინ დაინტერესებულა. ეს დოკუმენტები შენახული მაქვს. კი ბატონო, გირგვლიანის, რობაქიძისა და ვაზაგაშვილის საქმე უნდა გამოიძიონ, მაგრამ ჩვეულებრივმა ადამიანებმა რა დააშავეს. რამდენიმე დღის წინ ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი, თემურ ახვლედიანი, ჩემი სიძის დეიდაშვილი, რუსთავის ციხეში გარდაიცვალა. სოზარ სუბარმა ის ამნისტირებულთა სიაში არ შეიტანა, იმიტომ, რომ იმ სიაში ყველა ნაცნობ-მეგობრობით მოხვდა. არ მინდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, თორემ ისეთ დოკუმენტებს განახვებთ, საზოგადოებას ყბა ჩამოუვარდება, მაგრამ ჯერჯერობით არ არის საჭირო.

- არჩევნებამდელსა და ახლანდელ მართლმსაჯულებას შორის განსხვავებას თუ ხედავთ?

- ეს ხელისუფლება, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ხომ ამბობდა, მართლმსაჯულება მარწუხებისგან უნდა გათავისუფლდესო, გათავისუფლებულია და დაანებონ თავი... თუ ახლა სასამართლოს ხელში ჩაგდება თავად უნდათ?.. მე წინა სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც ვასაჩივრებდი, არც მაშინ ვიყავი არხეინად და არც ახლა ვარ. უამრავი მოსამართლის წინააღმდეგ მაქვს საჩივარი შეტანილი. თქვენ მითხარით, რომ პრესაში ნაწამები პატიმრების ინტერვიუები იბეჭდება, ეს პროკურატურას უნდა უთხრათ, რატომ არ სწავლობს მათ საქმეს?.. სამაგიეროდ, პარლამენტში პრეზერვატებზე მსჯელობისთვის სცალით. ბევრი ჩემი კოლეგა, რომელიც დღეს პარლამენტში მოკალათდა, სასამართლოს ასე არ უნდა ელაპარაკებოდეს. ახლა ისეთ რამეს გეტყვით, ვიცი, რომ ქვეყანა დაიმხობა. კლიენტის ანონიმურობას ვერ დავარღვევ, მაგრამ გეტყვით, რომ ეკა ბესელიამ, რომლის მიღებულიცაა პოლიტპატიმართა სია, იქ ერთ-ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული ადამიანი ჩასვა. მას 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ ვინმემ ამიხსნას, პოლიტიკასთან რა შუაში იყო?.. ის ადამიანი ციხეშიც კი არ მჯდარა, ძებნილი იყო და რატომ იყო პოლიტდევნილი? მაშინ სხვებმა რა დააშავეს, ყველა გამოუშვან, მე მივესალმები.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ