საქართველოს თითქმის ყველა რაიონში დენის გათიშვა გახშირდა

საქართველოს თითქმის ყველა რაიონში დენის გათიშვა გახშირდა

საქართველოს თითქმის ყველა რაიონში დენის გათიშვა გახშირდა. ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიები ამ ფაქტს მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირებენ. მოსახლეობამ კი გახშირებულ გათიშვას პოლიტიკური სარჩული დაუდო, ვინაიდან მათი განცხადებით, არჩევნებამდე დენი ასეთი ინტენსივობით არ ითიშებოდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც (სემეკი) ადასტურებენ, რომ დენის ხშირი გათიშვის შესახებ მათთანაც შემოდის ინფორმაციები.

ბოლო პერიოდში გაზეთ "რეზონანსის" რედაქციაში ხშირად რეკავს მომხმარებელი თხოვნით, რათა დავეხმაროთ კომპანიებთან კომუნიკაციაში და გავარკვიოთ, რატომ ითიშება ელექტროენერგია ხშირად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრ აბონენტს ეს პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს და ამბობს, რომ დენის ინტენსიური გათიშვა წინა ხელისუფლების პერიოდში არ ყოფილა.

"მეტრეველის ქუჩაზე ვცხოვრობ. კვირას დაახლოებით 4 საათი გაითიშა დენი. მერე ღამის თორმეტ თუ პირველ საათზე ისევ გაითიშა. მინდა გითხრათ, რომ ელექტროენერგია თვეში რამდენჯერმე ითიშება, შეიძლება გაითიშოს კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

ადრე მსგავსი რამ არ ხდებოდა, შეიძლება თვეები გასულიყო და ელექტროენერგია რამდენიმე წუთითაც კი არ გათიშულიყო. ცხელ ხაზზე გვპასუხობენ, რომ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, საინტერესოა, ადრე სარემონტო არ ხორციელდებოდა? გარდა ამისა, ხომ უნდა გაგვაფრთხილონ, რომ კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ პერიოდში დენი გაითიშება. ხშირად სახლში ვმუშაობ კომპიუტერზე და დენის გათიშვის გამო მასალები წამეშალა, რომლის თავიდან გაკეთება საკმაოდ შრომატევადია. ეს პროცესი მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ეს არის საბოტაჟი, ვინაიდან გახშირებული გათიშვის გამო ბევრი ადამიანი უკვე ლანძღავს ენერგეტიკის მინისტრსა და საერთოდ ახალ ხელისუფლებას", - ამბობს გიორგი ბარბაქაძე.

დენის გათიშვის გამო პრეტენზიებს გამოთქვამენ დიდუბეში - ქურდიანის, საბურთალოზე - გამსახურდიას, ვაჟა-ფშაველას და სხვა ქუჩებზე მცხოვრებნი.

"დიდი ხნით არ ითიშება, თუმცა ამ პროცესმა ინტენსიური ხასიათი მიიღო. ხან არის, რომ 5 წუთში ერთხელ ითიშება, თან ძალიან ცუდად და დავრბივართ სახლში, გამოვრთოთ ტექნიკა, რათა არ გადაიწვას. ეს რომ იშვიათად ხდებოდეს, გასაგებია, მაგრამ თვეში უკვე რამდენჯერმე მოხდა. სიმართლე გითხრათ, შარშან და შარშანწინ ზამთარში მსგავსი ფაქტები არ შეგვიმჩნევია", - ამბობს თამარ ხარაბაძე.

კომპანია "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ფანცულაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გათიშვა ხდება მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ამის შესახებ კომპანია წინასწარ ყოველთვის ავრცელებს ინფორმაციას.

"დენის გათიშვა ხდება, ჩვეულებრივ, დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების დროს. საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ყოველთვის ვაფრთხილებთ მოსახლეობას. თუ დენის გათიშვა ავარიულად მოხდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავაფრთხილებთ. სარემონტო სამუშაოები მიდის იმ გრაფიკით, როგორც ყოველთვის ხდებოდა. არა მგონია, რომ დედაქალაქში ელექტროენერგიის გათიშვას ინტენსიური ხასიათი ჰქონდეს", - ამბობს ვალერი ფანცულაია.

ელექტროენერგიის ხშირად გათიშვას აპროტესტებენ რეგიონებში - ხაშურში, მარტვილში, ქუთაისში, თერჯოლაში და ა.შ.

"ბოლო რამდენიმე დღეა, მარტვილში დენი ყოველდღე ითიშება. საერთოდ, ელექტროენერგიის შეწყვეტის ხშირი შემთხვევებია. სიმართლე გითხრათ, ადრე მსგავსი რამე არ შემიმჩნევია. ხალხს უკვე ეშინია, რომ ნაციონალური მოძრაობის წინასწარმეტყველება ხომ არ ახდება - სიბნელეში დაბრუნებასთან დაკავშირებით", - ამბობს მარტვილელი ლელა საჯაია.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ავთო დვალიშვილის განცხადებით, ზამთარში განსაკუთრებით მთიან რაიონებში ელექტროენერგია სარემონტო სამუშაოების გამო ყოველთვის ითიშებოდა და ეს ზამთარი ამ მიმართულებით გამორჩეული არ არის.

"არ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ ზამთარს რაღაც განსაკუთრებული ხდება. ელექტროენერგია წელსაც იმ ინტენსივობით ითიშება, როგორც წინა წლების ზამთრის პერიოდში. ამ დროს დაზიანება ხშირია, ამიტომ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ამის შესახებ მოსახლეობას ყოველთვის წინასწარ ვაწვდით ინფორმაციას", - ამბობს ავთო დვალიშვილი.

სემეკში აცხადებენ, რომ დენის გახშირებული გათიშვების გამო ორგანიზაციაში ოფიციალური საჩივრები არ შემოსულა, თუმცა მათაც აქვთ ინფორმაცია, რომ დენი განსაკუთრებით რაიონებში ხშირად ითიშება.

"მინდა გითხრათ, რომ გათიშვის სიხშირის შესახებ ჩვენ სრული ინფორმაცია არ გვაქვს. ამასთან დაკავშირებით არც ოფიციალური საჩივრები არის შემოსული, თუმცა მოდის ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით, რაიონებში ელექტროენერგია ხშირად ითიშება. კომპანიები ამ ფაქტს გეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარებით ხსნიან", - ამბობს სემეკის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი.

მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ თუ ლიცენზიატმა დაარღვია კომერციული მომსახურების შესახებ კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტები (დადგენილება №6, 2012 წელი), მაშინ კომპანია ვალდებულია, მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე დარიცხოს თანხა დეპოზიტის სახით, რომელიც მიმდინარე გადასახადში გაიქვითება.

ამ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი თვლის, რომ კომპანიამ ეს სტანდარტები დაარღვია (აღნიშნული სტანდარტების ნახვა შესაძლებელია სემეკის ვებ-გვერდზე), საჩივრით უნდა მიმართოს სემეკს. ორგანიზაცია მის საჩივარს განიხილავს და კომპანიის მიმართ შესაბამის ზომებს გაატარებს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"