არჩილ ­კბილაშვილი: "სააკაშვილის დაკითხვის შესაძლებლობა არსებობს!"

არჩილ ­კბილაშვილი: "სააკაშვილის დაკითხვის შესაძლებლობა არსებობს!"

სულ რაღაც 5 თვის წინ ადვოკატი იყო და ოპონირებას უწევდა პროკურატურას, შემდეგ დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა. აცნობიერებს ამ რთულ და, როგორც თვითონ ამბობს, სასიამოვნო პასუხისმგებლობას, მშვიდად ხვდება კრიტიკას, არის შედეგებზე ორიენტირებული და სულაც არ თვლის, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი ყოფილი მაღალჩინოსნებისადმი ლოიალურია. ქვეყნის პირველ ბრალმდებელ არჩილ ­კბილაშვილს ამჯერად ჩვენ ვეწვიეთ "დასაკითხად".

- ბატონო არჩილ, ჯერ ის მითხარით, იურისტის დიპლომი თუ გაქვთ, თქვენი კვალიფიკაცია განსჯის საგანი რომ არ გახდეს მომავალში?

- როგორც ვიცი, მაქვს იურისტის დიპლომი, მაგრამ ახლა უკვე დარწმუნებით არაფრის თქმა არ შემიძლია (იღიმის).

- წლების განმავლობაში საზოგადოებაში დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ პროკურორი უნდა იყოს საშიში, პირქუში და მკაცრი, როგორებიც თქვენი წინამორბედები იყვნენ. რას იტყვით, დაამსხვრიეთ ეს სტერეოტიპი?

- ჩემი აზრით, პროკურორი საზოგადოებაში შიშნარევ პატივისცემას უნდა იწვევდეს: შიშს - კანონის მიმართ და პატივისცემას - კანონის შესრულებიდან გამომდინარე. ასეთია ჩემთვის იდეალური პროკურორი. ვარ თუ არა შესაბამისი, ეს, სხვების განსასჯელია... დღეს გაისმის კრიტიკა, პროკურატურის რიგებში არიან პროკურორები, რომლებიც ადრე არასწორად, პროკურორის საქმიანობისთვის შეუფერებლად მოქმედებდნენ და რატომ ინარჩუნებენ ასეთებსო. ჩვენ ყურად ვიღეთ ეს კრიტიკა და უკვე შევქმენით სპეციალური 12-კაციანი ჯგუფი პროკურორებისა და გამომძიებლების საქმეების გამოსაძიებლად. უკვე 1500-მდე საჩივარია შემოსული.

ზემოაღნიშნული ჯგუფი შედგება გამომძიებლებისგან, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა, გამოიძიონ ის დანაშაულები, რომელიც, შესაძლოა, ჩაიდინეს პროკურორებმა და გამომძიებლებმა. ხელაღებით, საჩივრის განხილვის გარეშე, ადამიანების დათხოვნა არ არის სამართლიანი. საზოგადოებას აქვს უფლება, რაც შეიძლება მალე იხილოს დასჯილი ადამიანი, რომელიც მისი აზრით, დანაშაულის ჩამდენია, მაგრამ სამართალი და პროცედურა მოითხოვს, რომ ეს ანგარიშსწორების ფორმით კი არ მოხდეს, არამედ - გამოძიებით.

ჩვენ თითოეულ პროკურორს ვეუბნებით, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების ფარგლებში, იყოს დამოუკიდებელი და, შესაბამისად, პასუხისმგებელიც. ეს ძალიან ნორმალური და ადამიანური პოზიციაა. ის, რომ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, უმეტესწილად, ძველი კადრებით შევუდექით, არ ქმნის ისეთ წინააღმდეგობებს ჩვენს საქმიანობაში, რომელმაც შეიძლება გვათქმევინოს, რომ ჩვენ უფრო უკეთესად ვიმუშავებდით და სხვა სიმაღლეებს მივაღწევდით. მაგალითად, ბოლო 4 თვის განმავლობაში 190-მდე საჯარო მოხელე გვყავს მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მათ შორის 5 მინისტრი, ერთი - ქალაქის მერი. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია საშუალო ევროპული სტატისტიკის გათვალისწინებით. საზოგადოების დიდი ნაწილი პროკურატურის მუშაობას არაეფექტიანად იმიტომ მიიჩნევს, რომ ისინი დამნაშავედ მიჩნეულ ადამიანებს ვერ ხედავენ გისოსებს მიღმა, რასაც თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ეს არ განსაზღვრავს პროკურატურის საქმიანობის აქტიურობას.

- დღეს ბევრი ლაპარაკია პროკურატურის ლოიალურობაზე, რომ ნაციონალებს არ ესაუბრებით იმ ენაზე, რასაც იმსახურებენ, მეტიც - ეფერებით მათ.

- ამას ლოიალურობას ვერ დავარქმევ. შეიძლება ადამიანები ქვეცნობიერად იმას მსაყვედურობდნენ, რომ არ ვარ ბოღმიანი, ვინმეს ჯავრი არ მაქვს გულში ჩადებული და არ ვიბღვირები. ჩემს თავს ვერ ვუსაყვედურებ იმას, რომ პრინციპულობიდან გადავიხარე სისუსტის სასარგებლოდ. ლოიალურობა სამარცხვინო არ არის. თუმცა ჩვენი გადასახედიდან რბილი ნამდვილად არ ვართ, ამას ჩვენი მოთხოვნები და შედეგები აჩვენებს. ცალკე შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რის გამო ხდება, ადამიანები დაპატიმრებული რომ არ არიან.

- თქვენი ოპონენტები ამბობენ, პროკურატურას არა აქვს მყარი არგუმენტები, ბრალდებებს ვერ ამყარებს უტყუარი მტკიცებულებებით და ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა იყოს პირისთვის შეფარდებული პატიმრობაო. ამასთანავე, ეჭვმიტანილ მაღალჩინოსნებს ხშირად რეალურ, შესაბამის მუხლებს არ უყენებს პროკურატურა. არ გიფიქრიათ, რომ არის ამაში სიმართლის მარცვალი?

- ზემოთ ვისაუბრეთ პროკურატურაზე, როგორც ძველი კადრებით დაკომპლექტებულ უწყებაზე. ახლა ისმის კითხვა: თუ ძველი კადრებით დაკომპლექტებულ პროკურატურაში 1-ელ ოქტომბრამდე იყვნენ პროფესიონალები, სად დაიკარგა ეს პროფესიონალიზმი 1-ლი ოქტომბრის შემდეგ?! მე რომ ყველა პროკურორი შემეცვალა, შეიძლებოდა მიმეღო ასეთი არგუმენტი, მაგრამ პროფესიონალიზმს, ისევე როგორც თევზი ცურვას, ვერ გადაეჩვევა ადამიანი, თუ მას აქვს. მეორეც, ის, რაც შეიცვალა 1-ლი ოქტომბრის შემდეგ, არის პოლიტიკა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომლის ნაწილიცაა პროკურატურა. დღეს იმიტომ ვარ მთავარი პროკურორი, რომ არჩევნებით შეიცვალა აღმასრულებელი ხელისუფლება. თუმცა არ შეცვლილა სასამართლო ხელისუფლება. თუ 1-ელ ოქტომბრამდე პროკურატურა და სასამართლო იყო ერთ ბანაკში და შემდეგ ის ბანაკი დატოვა პროკურატურამ, ამიტომ უკვე გასაგები ხდება აცდენა ამ ორ გუნდს შორის. გარდა ამისა, 1-ელ ოქტომბრამდე პროკურატურა ასრულებდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაკვეთას - ვისაც იჭერდა, აძლევდა პასუხისგებაში, რადგან ასეთი იყო პოლიტიკური ნება, სასამართლო კი ბეჭედს ურტყამდა. დღეს ყოფილი აღმასრულებელი ხელისუფლება უკვე გადაბარგდა ან ნაწილობრივ გადადის განსასჯელის სკამზე და სასამართლო კვლავ განაგრძობს მის მსახურებას.

როდესაც ჩვენ ვინმეს ვაკავებთ, მაგრამ სასამართლო არ აპატიმრებს, საზოგადოების აზრით, ეს ადამიანი დაუსჯელი რჩება, რაც ხალხს აღიზიანებს. ამ სასამართლომ თვითონვე შექმნა ისეთი საზოგადოება, რომელიც მოითხოვს ადამიანების დასჯას.

- ხედავთ გამოსავალს?

- გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ხელისუფლებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვებმა, უნდა ვაწარმოოთ ახსნა-განმარტებითი მუშაობა საზოგადოებასთან, რომ ვიდრე განაჩენი გამოტანილი არ არის, მანამდე ადამიანი ითვლება უდანაშაულოდ და მისი ციხეში ყოფნა არ შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს.

- რაც შეეხება რეზონანსულ საქმეებს, განაცხადეთ, რომ იანვრის ბოლოს სანდრო გირგვლიანის საქმე გახსნილად გამოცხადდებოდა. ასევე, დასრულდებოდა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაც...

- გირგვლიანის საქმეზე ჩვენს პოზიციას საზოგადოებას მალე გავაცნობთ. როცა გგონია, რომ საკითხი ამოწურულია, გამოძიება ყოველთვის ავლენს ისეთ ასპექტებს, რომლებიც გადახედვას და გამოძიებას საჭიროებს. მაგალითად, ბუტა რობაქიძის საქმეში, რომელიც თითქმის დასრულებული იყო, ბოლო მომენტში ახალი ვიდეომასალის გამოჩენამ მოითხოვა დამატებითი საგამოძიებო მოქმედება. დაველოდებით ექსპერტიზის შედეგს და იქიდან გამომდინარე დავასრულებთ გამოძიებას. ზურაბ ჟვანიას საქმეზე საინტერესო ვერსიები და ეპიზოდები გამოჩნდა, სიახლე აქაცაა, ოღონდ გამოძიების დასრულებამდე მათზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან მიზანშეუწონლად მიმაჩნია.

- გიგი უგულავას საქმეზე­ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თქვენი არც ერ­თი შუამდგომლობა...

- როცა აღმკვეთი ღონის­ძი­ების საკითხი წყდება, არც მტკიცებულებების მოპოვების კანონიერება იხილება და არც ის, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება. პროკურატურის მოთხოვნა თუ არ იყო დასაბუთებული, მაშინ დაასაბუთონ - რატომ. ჩვენ მოვითხოვეთ მილიონი ლარი გირაოს სახით, რაც ლოგიკურია, როდესაც ადამიანს ედავები 20 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვას და მითვისებას. მეორე - ჩვენ მოვითხოვეთ, უგულავა კვირაში ერთხელ გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოში. ის ხომ ცოტა ხნის წინ დაკითხვაზე არ ცხადდებოდა! როდესაც სასამართლო ამბობს, რომ მისი გამოცხადების წინაპირობა არ არსებობს, არალოგიკურია. ამის შესახებ მოგისმენიათ რამე საწინააღმდეგო არგუმენტი? მესამე - მოვითხოვდით მერის უფლებამოსილების შეჩერებას. ადამიანი, რომელიც იყო ქალაქის მერი, გაფლანგა 20 მილიონი, გამოძიების დასრულებამდე ფულთან შეხებას რომ ჩამოვაშოროთ, არ არის ლოგიკური? რა მოისმინეთ ამის საპირწონედ, რატომ არ არის ეს მოთხოვნა დასაბუთებული? მიმაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არის დასაბუთებული.

- ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიცია თუ მოხდება და როდის?

- მელნიკოვი უკრაინაშია და ველით შიდა სამართლებრივი პროცედურების გავლას. როგორც ვიცით, მან შეიტანა განცხადება თავშესაფრის მოთხოვნით და ვიდრე ეს პროცედურები არ დასრულდება, გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული.

- იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია?

- მისი ადგილსამყოფელის შესახებ რაღაც ვერსიების გაცხადებისგან თავს შევიკავებ. მას ინტერპოლი ეძებს და როცა შესაბამისი ორგანოსათვის ცნობილი გახდება მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ჩაირთვება გადმოცემის პროცედურა.

- მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას თუ აპირებთ?

- მე ვთქვი, რომ სააკაშვილის დაკითხვის შესაძლებლობა არსებობს. ტელეკომპანია "იმედის" თემა, რომელიც გიგი უგულავას ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდია, არის პრეზიდენტის ინფორმირებულობა "იმედის" უკანონოდ ჩამორთმევისა და თანხის გადახდის ნაწილში. სააკაშვილის დაკითხვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, თუმცა ეს შესაძლებლობა არსებობს და თუ გადავწყვეტთ, არ დაგიმალავთ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ