ბაჩო ახალაია - "ირაკლი ალასანიას სამხედრო ბრიგადების ნახევარიც კი არ აქვს ჯერ მონახულებული"

ბაჩო ახალაია - "ირაკლი ალასანიას სამხედრო ბრიგადების ნახევარიც კი არ აქვს ჯერ მონახულებული"

დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით საკუთარი თავისთვის პრემია არასოდეს გამომიწერია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ციხიდან გამოგზავნილ წერილში აცხადებს. წერილი "ინტერპრესნიუსს" თეა თუთბერიძემ მოაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ჩემთვის საპატიმროში მედიის საშუალებით ცნობილი გახდა იმ ბრალდებების შესახებ, რაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წამოაყენეს, მათ შორის ირაკლი ალასანიამ და ირაკლი სესიაშვილმა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ირაკლი ალასანია უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოირჩევა. იგი მე და ჩემს ოჯახს არჩევნებამდე, ღიად გვდებდა ბრალს გაურკვეველი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში და "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში მათი გამოყენებით ქვეყანაში არეულობის ორგანიზების მცდელობაში. დღეს საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ინფორმაცია იყო ტყუილი და მიზნად ისახავდა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. სწორედ ასეთივე უპასუხისმგებლო განცხადებად შეიძლება ჩაითვალოს დღევანდელი განცხადებები, იმის თაობაზე, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე ქართულ ჯარში არაფერი გაკეთებულა ჯარის გაძლიერებისა და ჯარისკაცებისათვის პირობების გაუმჯობესების კუთხით.

თავდაცვის სამინისტროში ჩახედული პირების მხრიდან, როგორც მინიმუმ უსინდისობაა ამაზე საუბარი. ვინაიდან მე და ნებისმიერ სამხედრო პირს, კანონი გვიკრძალავს თუნდაც იმ დაცვისა და თავდაცვის ზღუდეებზე საუბარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ქალაქებსა და თითოეულ ჯარისკაცს მატებს უდიდეს ძალას და ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში დღეს საქართველო არის უფრო დაცული, ვიდრე იგი 2008 წლამდე იყო.

სწორედ ამ პერიოდში იყო ყოველდღიური შრომა იმისათვის, რომ როგორც ჯარისკაცებს, ასევე, ოფიცრებს შექმნოდათ უკეთესი პირობები, ვინაიდან ეს ადამიანები სახელმწიფო სადარაჯოზე იდგნენ. მე მუდამ მათთან ვიყავი და არმია იყო ჩემი ოჯახი. სწორედ მათთან ერთად ვიზიარებდი ნებისმიერ სიხარულსა და მწუხარებას. ჩემი სიამაყეა და შვილივით მიყვარს ის სამხედრო აკადემია და კადეტთა სკოლა, რომელიც ჩემი მინისტრობის პერიოდში აშენდა და მას ანალოგი არ მოეპოვება ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ზოგიერთი დღევანდელი მაღალჩინოსანი აკადემიის და კადეტთა სკოლის ხილვის დროს აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ (ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი). ვამაყობ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში გახდა სამხედრო განათლება და სამხედრო სამსახური პრესტიჟული. 2009-2012 წლებს უკავშირდება სამხედრო მრეწველობის განვითარება საქართველოში, რისი შედეგიც გახლავთ თვითმავალი რეაქტიული საარტილერიო დანადგარი, უპილოტო საფრენი აპარატი, ავტომატური შაშხანა G5, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ნაღმტყორცნები, პირველი ქართული მსუბუქი ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი, ქვეითი საბრძოლო მანქანა ლაზიკა და სხვა.

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისაგან განსხვავებით არასოდეს საკუთარი თავისთვის პრემია არ გამომიწერია. რაც შეეხება იმ ავტომობილებს, სამუშაო ოთახს და მათ კეთილმოწყობას, მე მესმის დღევანდელი თავდაცვის მინისტრის, რომელიც ვერ იგებს, თუ რატომ იყო აღნიშნული ნივთები ეფექტური მუშაობისათვის საჭირო, რადგან დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი მინისტრი სამუშაო ოთახში ატარებს დღეში მაქსიმუმ 5 საათს და ასევე დანამდვილებით გეტყვით, რომ 6 თვის მუშაობის განმავლობაში ჯერ ნახევარიც კი არ აქვს ნანახი იმ ბრიგადებისა, რომელიც ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს.

მიუხედავად ყოველივე ზემოთაღნიშნულისა, ჩემი გულისტკივილია, რომ თავდაცვის სამინისტროში დარჩა არაერთი პრობლემა, რომელიც მოითხოვდა მოგვარებას და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პრობლემების გადაჭრის ნაცვლად დღევანდელი ხელისუფლება ჯარისკაცის პრობლემებს იყენებს საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ხელისუფლება ჯარისკაცების პრობლემებს იყენებს საკუთარი პიარისთვის - ბაჩო ახალაიას წერილი ციხიდან

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ