ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები - "ბენზინი ბავშვების თვალწინ გადაისხა და დამწვრობა მათაც მიიღეს"

ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები - "ბენზინი ბავშვების თვალწინ გადაისხა და დამწვრობა მათაც მიიღეს"

პირველად ვალი შვილის გამო აიღო, რომელიც სასჯელს რუსეთის ციხეში იხდის. შემდეგ ყველაფერი ერთმანეთზე მიეწყო, - ვალებში მყოფი, მუდმივად ცდილობდა სხვისთვისაც მოემართა ხელი და რამდენჯერმე სხვის გამოც კი აუღია პროცენტიანი ვალი. საბოლოოდ იმხელა თანხა დაუგროვდა, რომ საკუთარ თავს საშინელი განაჩენი გამოუტანა და ახლა 47 წლის ციცინო ხარაბაძე რეფერალურ საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის... მაშინ, როდესაც ჯანმრთელი იყო, ამბობდა, რომ სრულიად უცხო ადამიანისთვის გაკეთებული სიკეთით, პატიმრობაში მყოფ ერთადერთ შვილს ეხმარებოდა, ახლა მისი ოჯახის წევრები და ახლობლები მიიჩნევენ, რომ იმ უანგარო სიკეთეს უფალი არ დაუკარგავს და მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

რეფერალურ საავადმყოფოში მისულს იმაზე მძიმე სურათი დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა.

გოგი წერეთელი, მკურნალი ექიმი:

- პაციენტს III ხარისხის B კატეგორიის დამწვრობა აქვს მიღებული და სხეულის 25% დაზიანებულია, მაგრამ ამ დროისთვის ჭრილობები ლოკალიზებულია. ამჟამადაც რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. პაციენტს დამწვარი აქვს მთლიანად სახე, ორივე ყური, ორივე კიდური, გულმკერდი ნაწილობრივ, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები და მდგომარეობა პროგრესულად მძიმეა. თუკი მდგომარეობიდან გამოვიდა, მას ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება, რაც ქირურგიულ და პლასტიკურ ჩარევებს გულისხმობს, მაგრამ ამჟამად ამაზე არც არის საუბარი, მთავარია, გადავარჩინოთ. მდგომარეობის გართულების საფრთხეც ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა მივაღწიეთ იმას, რომ მძიმე ვითარების ფონზე, სტაბილურია. ამიტომ, ვიზუალურ მხარეზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.

ნონა ხარაბაძე, ციცინოს და:

- საოცრად კეთილი ადამიანია ჩემი და... მთელი თავისი ცხოვრება ყველას გაჭირვებისა და ტკივილის გამზიარებელი იყო. დები ვართ, მაგრამ ჩემგან სრულიად განსხვავდება. აქტიური და მებრძოლი ადამიანია. რადგან საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ვალი და მევახშესთან ურთიერთობა, ყოველთვის ამას ლაპარაკობდა, იქნებ როგორმე ეს საკითხი მოაგვაროს ხელისუფლებამო. ყველა ეცოდებოდა, ვისაც ბანკის თუ კერძო პირის ვალი ჰქონდა. ვალებში ჩაფლული, მაინც ცდილობდა ყველასთვის მოემართა ხელი. ერთხელ რუსეთში მცხოვრებ სრულიად უცხო ადამიანებზე გაუგია, რომ დავალიანების გამო დენი ჩაჭრილი ჰქონდათ და ქუთაისიდან გადაუგზავნა ფული, პატარები ჰყოლიათ და ცოდოები არიანო... იმედი მაქვს, რომ უანგაროდ გაკეთებულ სიკეთეს უფალი წინ დაახვედრებს და მას სიცოცხლეს აჩუქებს... ეს რამდენიმე დღეა, შოკში ვარ. მოხუცი დედა გვყავს და ვერაფერს ვეუბნები. ან როგორ ვუთხრა, შენმა შვილმა, რომელიც ყველასთვის მებრძოლი ადამიანის განსახიერება იყო, თავი დაიწვა-მეთქი... დედამ არც კი იცოდა, რომ ციცის ამხელა ვალი ჰქონდა. არც კი ვიცი, რა ვთქვა, უფრო ძლიერი მეგონა ჩემი და, მაგრამ ბოლო დროს ვგრძნობდი, რომ ძალიან შეიცვალა. ბოლო სამი დღე თითქმის არავის გვცემდა ხმას.

- როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მარტო იყო სახლში?

- არა, რას ამბობთ, ჩემი შვილების წინაშე გააკეთა, დამწვრობა ბავშვებმაც მიიღეს და საავადმყოფოში იწვნენ. ახლა, მადლობა ღმერთს, სახლში არიან...

ციციმ ეს მაშინ გააკეთა, როდესაც იმ ბინაში პოლიცია მოვიდა, ბინიდან იძულებით რომ გამოვესახლებინეთ. საქმე ის არის, რომ ეს ჩემი ბინა იყო, მანამდე თავისი ბინა ჩადო ბანკში და გაუყიდეს, რადგან პროცენტი ვერ გადაიხადა. ბოლოს ძალიან გაუჭირდა ამ პროცენტების გადახდა და ამიტომ ჩადო ჩემი ბინაც. როდესაც პოლიცია სახლში შემოსულა, ციცი მეორე ოთახში გავარდნილა, სადაც ჩემი შვილები იყვნენ და ბენზინი მათ თვალწინ გადაისხა. ერთ ბავშვს ნახევარი სახე დამწვარი აქვს, მეორეს კი - ორივე ხელ-ფეხი. იმას ნერვიულობდა, და თავის ოჯახთან ერთად ქუჩაში მირჩებაო. ამიტომ გააკეთა ეს საშინელება.

50-მდე პოლიციელი ყოფილა მოსული, მაგრამ ადრე თუ წიხლებით შედიოდნენ სახლში, იმ დღეს ძალიან მოკრძალებულად იქცეოდნენ. სანამ ჩვენ, მე და ჩემი მეუღლე ბინაში ავიდოდით, ერთმა პოლიციელმა ისიც კი გვითხრა, იქნებ კიდევ ერთხელ დაელაპარაკოთ იმ კაცსო, მაგრამ უარი ვუთხარი, - აზრი არა აქვს, ვიცნობ და ვიცი, რისი გამკეთებელიც არის-მეთქი. 30 ათას დოლარს ითხოვდა ხელზე, დღესვე მომეცით და არ გაგასახლებთო. ხვეწნა-მუდარით 25-მდე ჩამოვიყვანეთ. რამდენიმე თვის წინაც ვცადეთ მასთან დალაპარაკება, მობილურზე დავურეკეთ და ჩვენი გეგმა შევთავაზეთ. ჩემს მეუღლეს უნდოდა, ერთი ბინა გაეყიდა და აღებული თანხით ეს გამოგვესყიდა, მაგრამ უარი უთხრა. პირდაპირ მოგვახალა, მირჩევნია, ის ბინა სხვას მივცე კაპიკებში, ვიდრე თქვენ მისი დახსნის საშუალება მოგცეთო. ეს აგვისტოში მოხდა და მაშინ რვა ათასი დოლარი გავუგზავნეთ. საქმე ის არის, რომ იმ თანხის მიღებაც უარყო, არადა, ამის დამადასტურებელი ქვითარი გვაქვს.

- ახლა რა მდგომარეობაა ბინასთან დაკავშირებით?

- იმ დღეს, როდესაც ციცი სასწრაფოს მანქანამ თბილისში წამოიყვანა, ნახევარ საათში ის მევახშე მისულა და ბინის კარის გასაღები გამოუცვლია, რომ ვერ შევიდეთ... არადა, საქმე ორი თვით, 27 აპრილამდე შეაჩერეს. იურიდიულად ეს ბინა მას უკვე წართმეული ჰქონდა, უბრალოდ, აღსრულებას ელოდებოდა, რომ გავესახლებინეთ. როგორც გავიგე, 400-მდე ადამიანი დაუტოვებია ბინის გარეშე.

- რისთვის ისესხა პირველად თანხა?

მზია მაჭარაძე, ციცინო ხარაბაძის ბიძაშვილი:

- შვილი რუსეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის სასჯელს. ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, მაგრამ საქმე ის არის, რომ ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს. ამის გამო აიღო ამხელა თანხა. იქ ადვოკატის აყვანა და მისი მომსახურება ძვირი ჯდება. ეს მევახშე, კალაშიანი, რომელიც ფულს აპროცენტებდა, თბილისში ერთ-ერთი ორგანიზაციის დახმარებით იპოვა. თავდაპირველად 25 ათასი დოლარი აიღო და ორი წლის განმავლობაში პატიოსნად უხდიდა პროცენტს. შემდეგ, გაუჭირდა და ჩავარდა. ამ ყველაფერს შვილის მდგომარეობაც დაემატა. მორალურადაც ძალიან ცუდად იყო. იბრძოდა, როგორმე სხვა ციხეში გადაეყვანათ, რადგან როგორც გავიგე, ე.წ. კრიტში იხდიდა სასჯელს. იმ ბიჭს ცოლ-შვილიც კი არ ჰყავს ანუ ციცის მის გარდა არავინ ებადა და ცდილობდა, როგორმე გამოეხსნა. საბოლოოდ კი, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ახლა ერთი წელია, მის შესახებ არაფერი იცის. ვერ გაარკვია, რომელ ციხეში გადაიყვანეს. არც ის იცის, ცოცხალია თუ მკვდარი. ყველა უბედურებასთან ერთად, იმ ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს... ყველაფერმა ერთად წაუჭირა ციცის ყელში.

- შვილის ადვოკატსაც ვეღარ უკავშირდებოდა?

- დიახ, ყველანაირი კავშირი დაკარგა და ამას, რა თქმა უნდა, ძალიან განიცდიდა. როგორც გითხარით, ის ერთადერთი ბიჭი ჰყავს, რომელიც 27 წლის არის... ჩემი ბიძაშვილი, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ საოცრად კეთილი ადამიანია, ყველას ხელის მომმართავი...

- მასთან გასაუბრება შეძელით?

- არ დაგველაპარაკა, რადგან მორალურადაც ძალიან ცუდად არის... ისე კი, მხოლოდ პირველ დღეს არ იყო გონზე, შოკში იყო, შემდეგ თანდათან დაუბრუნდა გონება. ვატყობთ, რომ არავისთან დალაპარაკების სურვილი არ აქვს. თან ექიმებმაც გაგვაფრთხილეს, მძიმე ემოციური ფონის გამო, ნუ დატვირთავთ, მასთან კონტაქტს მოერიდეთო... ასე მგონია, ყველაზე კოშმარულ სიზმარს ვხედავ. სიცოცხლით სავსე გოგო იყო ციცო. სხვის, სრულიად უცხო ადამიანის ტკივილს ისე ახლოს მიიტანდა გულთან, ზოგჯერ ხუმრობით ვეტყოდი: - ერთ დღესაც თავს ძალა დაატანე და გვერდიდან შეხედე შენს თავს, შენი კეთილშობილება ზოგჯერ შტერობაში გადადის-მეთქი. ასეთია ბუნებით, ყველას გაჭირვების გამზიარებელი და გულთან ახლოს მიმტანი. ამბობდა კიდეც, - რა ვქნა, მზია, ასეთად დავიბადე და ახლა იმას რომ არ დავეხმარო, ვერ მოვისვენებო. ასე ეგონა, აქ ამათი დახმარებით, იქ ციხეში თავის შვილს ეხმარებოდა... სიტყვებს ვერ ვპოულობ. ალბათ მართლა ასეთად უნდა დაიბადო, თორემ რაც უნდა მოინდომო, მაინც ვერ გახდები.

- მზია, მეუღლე არ ჰყავს?

- კი, რუსეთში ცხოვრობს ჩემი სიძე. სამწუხაროდ, ვერ ჩამოდის და დღეში უამრავჯერ რეკავს, ოღონდ როგორმე გადამირჩინეთ და უკან არაფერზე დავიხევო...

ნინო ივანაშვილი, მეგობარი:

- ეს დღეები დამუნჯებული ვიყავი. ექიმი გვეუბნებოდა, სტაბილურად მძიმე მდგომარეობააო. საყლაპავი მილი და სასუნთქი დაზიანებული აქვს. გარდა ამისა, გვეშინია, რომ დაჩირქება არ დაიწყოს... ვიცოდი, რომ ძალიან ცუდად გავხდებოდი, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე და შევედი. სახე თითქმის არ აქვს. წარმოიდგინეთ, თავზე გადაისხა ბენზინი და ცეცხლი წაიკიდა. თავი და მკერდი მთლიანად დამწვარი აქვს, უფრო სწორად - დანახშირებული... ჩვენ შორიდან ვუყურებთ და არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. ხავსს ჩაჭიდებულებივით ვართ. ამდენი წელია ვიცნობ, ვიცოდი, რომ უამრავი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ იმდენად ხალისიანი და აქტიური ადამიანი იყო, არაფერი ეტყობოდა. მიკვირდა, როგორ იტევს გულში ამდენ დარდს-მეთქი. "ქართული ოცნების"აქტიური მხარდამჭერია და ყველა აქციას ესწრებოდა. თბილისშიც ხშირად ჩამოდიოდა. საკუთარ პრობლემაზე ხმამაღლა არასდროს ულაპარაკია, ერთადერთს ითხოვდა, სამართლის სფეროს მიხედეთო. ყველას ამას ეხვეწებოდა, იქნებ როგორმე ისე მოხდეს, რომ ბანკები და კერძო კრედიტორები ადამიანებს სახლებიდან არ ყრიდნენო. ამდენი პრობლემა ჰქონდა, ამხელა ვალი და არასდროს გამიგია, ვინმესთვის რამე ეთხოვოს, ან ვალი არ გადაეხადოს. მისი ოჯახის წევრები ჰყვებოდნენ, ცეცხლწაკიდებული მიშველეთო კი არ ყვიროდა, არამედ იმას ღრიალებდა, - იქნებ სხვას მაინც ვუშველო ამითო...

- საკრებულოს თავმჯდომარემ გვითხრა, რომ მკურნალობის ხარჯებს გაიღებენ...

- დიახ, ფონდიც კი გახსნეს ციცის სახელზე. იქნებ რაღაც თანხა მოგროვდეს. მაგრამ ახლა ჩვენთვის ყველაფერზე მთავარია, მისი გადარჩენა.

თამაზ მარგველაშვილი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე:

- საკრებულოს დეპუტატებმა მოვინახულეთ ქალბატონი ციცინო. სამწუხაროდ, მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით მას დახმარებას შევპირდით, მაგრამ ვალის დაფარვა, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია.

P.S. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კერძო მევალის თუ ბანკის გამო, ადამიანები ასეთ საშინელ გადაწყვეტილებას იღებენ. საქმე ის არის, რომ ასეთ შემთხვევაში მევალე იურიდულად მართალია, თუმცა სხვა საკითხია ადამიანური ფაქტორი... არადა, ოპოზიციაში მყოფი დღევანდელი ხელისუფლების წევრები ამ პრობლემის მოგვარებაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. იმედია, ახალი ხელისუფლება ამ პრობლემას მეტი გულისხმიერებით მოეკიდება.

დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელში დადებულ ანგარიშის ნომერს:

http://www.facebook.com/groups/494458207277775/

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"