ბორის ფენერსკი: "ცოლად აუცილებლად ქართველ ქალს მოვიყვან"

ბორის ფენერსკი: "ცოლად აუცილებლად ქართველ ქალს მოვიყვან"

რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის პატარა სოფელ ჰანტერ ვალიში ქართული რესტორანი აღმოვაჩინე. მენიუს რომ გადავხედე, ინგლისური ასობით დაწერილი ქართული კერძების სახელწოდებები ამოვიკითხე - "ხინკალი", "ხაჭაპური", "ხარჩო"... ძალიან გამიკვირდა და შეფმზარეულს ვკითხე, ამ კერძებს ვინ ამზადებს-მეთქი? მითხრა, ეს ქართული კერძებია, თქვენ არ გეცოდინებათ, მე ნახევრად ქართველი ვარ და რესტორანში ქართულ კერძებს ვამზადებო. ბორის ფენერსკი, დედით ქართველი და მამით ბულგარელი, ავსტრალიაში დაიბადა და გაიზარდა. მისი დედა, ქალბატონი ლამარა ჩხიკვაძე სახელგანთქმული ქართველი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის ახლო ნათესავი ყოფილა. ბორის ფენერსკი თავს ნამდვილ ქართველად მიიჩნევს. შანსი ხელიდან არ გავუშვი და ქართველ შეფმზარეულს სპეციალურად გაზეთ "ყველა სიახლისთვის" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოვართვი:

- მამა, ანატოლი ფენერსკი ბულგარელი იყო და დედა - ლამარა ჩხიკვაძე თბილისში გაუცნია. მამა ტურისტად ჩასულა საქართველოში და დედას შემთხვევით შეხვედრია ავტობუსში. მისი სილამაზით ისე მოხიბლულა, რომ ბოლო გაჩერებამდე გაჰყოლია. მეორე დღეს მამა მომღერლებთან ერთად მისულა დედის სახლთან, მისთვის ქართული სიმღერა მიუძღვნია და ცოლობა უთხოვია. ასე შეიქმნა ლამაზი ქართულ-ბულგარული ოჯახი.

- ავსტრალიაში როგორ მოხვდნენ?

- მამა ფიზიკოსი იყო და ავსტრალიაში კონტრაქტით მოუწვევიათ სამუშაოდ. მე ავსტრალიაში დავიბადე და გავიზარდე. დედამ ქართული წერა-კითხვა მასწავლა. ოჯახში ქართულად ვლაპარაკობდით. მამამ სოფელ ჰანტერ ველიში სახლი იყიდა და ვენახი გააშენა. შვილივით უვლიდა ვაზს. სამწუხაროდ, ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ არიან. დედამ სიკვდილის წინ დამიბარა, ქართული ენა არ დაივიწყოო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს რესტორანში საშუალება მომეცა, ქართულად გესაუბროთ.

- როდის გახსენით ქართული რესტორანი?

- 10 წლის წინ. დედას სურდა ქართული კერძების პოპულარიზაცია ავსტრალიაში. ის შესანიშნავი კულინარი იყო. ბებია ფშავიდან გახლდათ და დედასთვის ფშაური ხინკლის მომზადება უსწავლებია. დედა ხინკალს პიტნას ურევდა ხოლმე, რაც განსაკუთრებულ გემოს აძლევდა. რესტორანში ხაჭოს ხინკალსაც ამზადებდა ერბოთი. კერძების მომზადებაში მეც დავხელოვნდი. ჩვენმა რესტორანმა ჰანტერ ველიში მალე მოიპოვა პოპულარობა. ჰანტერ ველის მოსახლეობა უკვე კარგად იცნობს ქართულ კერძებს, ტურისტებიც ინტერესდებიან ქართული კერძებით. ერთხელ შვედმა ტურისტმა ხარჩო შემიკვეთა. რომ მივუტანე, მკითხა, ეს რა არისო? ვუთხარი, ის, რაც შემიკვეთეთ-მეთქი. შვედი გაბრაზდა, 2 წლის წინ სხვანაირი ხარჩო გქონდათ, პატარა ცომის გუნდები ხორციანი შიგთავსით და ახლა წვნიანი რატომ მომიტანეთო? მივხვდი, ხინკალს გულისხმობდა და ავუხსენი, თქვენ რაც გნებავთ, იმას ხინკალი ჰქვია, თუ მოიცდით, მოგიმზადებთ-მეთქი. ხინკლის გამო დილამდე რომ მომიწიოს მოცდა, აქედან ფეხს მაინც არ მოვიცვლიო, - მიპასუხა შვედმა.

- საქართველოში ნათესავები გყავთ?

- დედას ახლო ნათესავი იყო სახელგანთქმული მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე. მისმა გარდაცვალებამ გული მატკინა. დედას ძალიან უყვარდა ბატონი რამაზი. შინ მაქვს მისი ფოტოალბომი, რომელსაც სათუთად ვინახავ. რამაზ ჩხიკვაძე ავსტრალიაში რომ იყო გასტროლზე, დედას შეხვდა. დედა ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. დედა მკერდის კიბოთი იყო დაავადებული. ბატონი რამაზის ნახვამ მას სიცოცხლის დღეები გაუხანგრძლივა. მე საქართველოში ბავშვობაში ვიყავი და რამდენიმე ნათესავთან დღემდე მაქვს მიმოწერა.

- დაოჯახებული ხართ?

- პირადი ცხოვრებისთვის ჯერ ვერ მოვიცალე. მშობლებს ვუვლიდი, ბიზნესი ავაწყვე და დროც გამეპარა. ვიცი, რომ აუცილებლად ქართველ ქალს მოვიყვან ცოლად, რადგან ქართველზე ლამაზი ქალი არსად მეგულება.

- რას ეტყვით ქართველებს შორეული ავსტრალიიდან?

- ვოცნებობ, დედას სამშობლოში, საქართველოში დავბრუნდე. ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი. ღვთის წყალობა არ მოჰკლებოდეთ მათ! კარგი იქნება, თუ უცხოეთში მცხოვრები ქართველები შეეცდებიან საქართველოს პოპულარიზაციას და მთელ მსოფლიოს გააცნობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.

თათული ბართაია, სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" ავსტრალიიდან

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"