სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი 1979 წელს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის თაოსნობით შეიქმნა, რაც იმ დროისთვის ნოვაცია იყო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის მასშტაბით. სხვადასხვა პროფესიის ექიმთა კონსოლიდაციით მოხერხდა ის, რომ საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობის შემთხვევები 65-დან 5%-მდე შემცირდა. გაწეული წარმატებული მუშაობისთვის 1984 წელს ცენტრის დამაარსებლებმა მიიღეს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1987 წელს ცენტრი მისთვის სპეციალურად აშენებულ ხუთსართულიან შენობაში განთავსდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციური პათოლოგიის ცენტრი და სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი მდებარეობდა ერთსა და იმავე მისამართზე (ყაზბეგის გამზ. #16), ეს უკანასკნელი იყო და დღემდე რჩება ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად. თუმცა, როდესაც წინა ხელისუფლებამ ბიუჯეტის შევსების მიზნით დაიწყო სამედიცინო დაწესებულებების შენობებისა და ტერიტორიების გაყიდვა, 2009 წლის მიწურულს გაიყიდა ე.წ. ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია შენობა-ნაგებობებით, თუმცა სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ეპოპეა, როგორც დღეს ირკვევა, ამ ფაქტამდე ცოტა ადრე დაიწყო. შედეგად კი, ცენტრის 208 კვალიფიციური თანამშრომელი, მათგან 75 ექიმი, შეიძლება ითქვას, ჰაერშია გამოკიდული. შესაბამისად, გაურკვეველია, რა ბედი ეწევათ სეფსისით დაავადებულ პაციენტებს მომავალში და კვლავაც სავალალოდ ხომ არ გაიზრდება სიკვდილიანობის შემთხვევები.
ყველაფერი ასე დაიწყო
საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის "საწარმოთა მართვის სააგენტოს" 2009 წლის 19 ნოემბრით დათარიღებული #1-3/533 ბრძანების თანახმად, შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის" კაპიტალში ცვლილებები შევიდა. ამავე დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ეს ცვლილებები განხორციელდა დამოუკიდებელი აუდიტორის, თამაზ ჯანეზაშვილის აუდიტორული დასკვნის თანახმად, რომელიც იმავე წლის 17 ნოემბრით არის დათარიღებული. ბრძანებაში ვკითხულობთ:
1. "ამოღებულ იქნას შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის" კაპიტალიდან, ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირის #16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა #1, რომლის ღირებულება, დამოუკიდებელი ექსპერტის, თამაზ ჯანეზაშვილის აუდიტორიული დასკვნის (17.11.09 წ.) თანახმად, შეადგენს 676 522 ლარს.
2. "შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის" კაპიტალი, რომელიც შეადგენს 739 392 ლარს, ზემოაღნიშნული ცვლილების შედეგად შეიცვალოს და განისაზღვროს 62 870 ლარის ოდენობით". ანუ ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სეფსისის ცენტრის შენობის საწესდებო კაპიტალიდან სრულად ამოღება მოხდა, რასაც ვერაფრით ხსნიან ცენტრის თანამშრომლები, რომლებისთვისაც იმ ეტაპზე ეს ინფორმაცია უცნობი იყო. ბრძანებას ხელს აწერს "საწარმოთა მართვის სააგენტოს" იმჟამინდელი თავმჯდომარე ავთანდილ შერმადინი. ამ ბრძანებიდან თვეზე ცოტა მეტი დრო გადის და ცნობილი ხდება, რომ 2009 წლის 25 დეკემბერს ეკონომიკური სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში იმარჯვებს შპს "ავერსი-ფარმა", გამოიცემა ამის დამადასტურებელი ოქმი #7ა, რომლითაც ირკვევა, რომ თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ #16-ში მდებარე 18 ერთეული შენობა-ნაგებობა და მათზე დამაგრებული 58 175 კვმ მიწის ნაკვეთი 12 მილიონი დოლარის ეკვივალენტ ლარში შეიძინა შპს "ავერსი-ფარმამ". სახელმწიფოს მიერ გასხვისებულ ამ ქონებაში შევიდა სეფსისის ცენტრის ორ დღეში "გამქრალი" შენობა და შესაბამისი მიწის ნაკვეთი. როგორც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ჩანს, სახელმწიფოს მყიდველისთვის ამ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ალტერნატიული კლინიკის მშენებლობა არ დაუვალებია, თუმცა მყიდველი ვალდებული იყო, საპრივატიზაციო ობიექტში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებებისთვის პროფილით ფუნქციობის მიზნით, ამავე ობიექტით სარგებლობის უფლება ორი წლის ვადით უზრუნველეყო. ეს ვადა წელიწად-ნახევარია გავიდა. არსებობს მთავრობის სხდომის 2009 წლის დეკემბრით დათარიღებული #44 ოქმი, სადაც ვკითხულობთ: "დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ა.კვიტაშვილი) "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისთვის" ეფექტური, 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობის მიზნით, საჭირო სამუშაოების უზრუნველყოფა "სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2010 წლის პროგრამის ფარგლებში". მოკლედ, როგორც ჩანს, ალტერნატიული კლინიკის მშენებლობა ივალდებულა სახელმწიფომ, თუმცა ამ დოკუმენტში სეფსისის ცენტრი ნახსენებიც არ არის.
მალვინა ჯავახაძე, სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის დირექტორის მოადგილე, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერტი სეფსისის დარგში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:
- რა ელის სეფსისის ცენტრს? - ამის გარკვევას უკვე მეხუთე წელია ვცდილობთ. წინა ხელისუფლების პირობებში არაერთი წერილი გავგზავნეთ შესაბამის სტრუქტურებში. პასუხად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის, ნიკოლოზ ფრუიძის ხელმოწერით მივიღეთ ორი ოფიციალური წერილი (2010 წლის 8 აპრილითა და 7 ივლისით დათარიღებული), რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ დიღმის სამედიცინო კლასტერში დაგეგმილი იყო ახალი კორპუსის მშენებლობა, სადაც განთავსდებოდა როგორც "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, ასევე სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი. პირველ წერილში მინისტრის ყოფილი მოადგილე წერს: "საპროექტო სამუშაოებისთვის საჭირო სამედიცინო ტექნიკური დავალებების მომზადების პერიოდში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ზემოაღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები". მეორე წერილის მიხედვით, აღნიშნული დაწესებულების სახელწოდება ფორმულირდებოდა შემდეგნაირად: "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და სეფსისის საწინაღმდეგო ცენტრი" და ასევე ირკვევა, რომ 150-საწოლიან საავადმყოფოში 40 საწოლი გათვალისწინებული იყო სწორედ სეფსისის ცენტრისთვის. საპროექტო სამუშაოები დაიწყო და 2010 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ამ პროცესში ჩვენც ჩავერთეთ, პროექტი მომზადდა, რომლის მაკეტის ფოტოები სამინისტროს ფოიედან დაწყებული, ლამის ყველა კაბინეტის კედელზე იყო გაკრული, მიმდინარეობდა განხილვა, თუმცა ჩვენთვის დღემდე უცნობია, რა ბედი ეწია ერთ-ერთ ამ პროექტს, ვინ ვის რა დაავალა, ვინ რა შეცვალა, პროექტი საბოლოოდ გაუქმდა თუ არა? - ამ კითხვებზე პასუხი დღემდე არ ვიცით. გარკვეულ ეტაპზე სახელმწიფო შესაძლოა მართლაც გეგმავდა მშენებლობას, თუმცა შემდეგ საჭირო თანხა ვერ გამოინახა, ეს რამდენიმე მილიონიანი პროექტი გახლდათ.
სულიკო კოსიაშვილი, სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ქირურგი:
- თავიდანვე ვეჭვობდი, რომ ეს პროექტი ბლეფი იყო, უბრალოდ, ამ განხილვით, ასე ვთქვათ, საძოვარზე მიგვიშვეს და გაგვაჩუმეს, ხმამაღლა რომ არ გამოგვეთქვა პროტესტი. აღმოჩნდა, რომ ჩემი ეჭვი უსაფუძვლო არ ყოფილა. დღეს არსებობს სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც არც შენობა აქვს და არც ოფიციალური მისამართი. ამხელა ცენტრი აორთქლდა. ილუზიონისტ კოპერფილდივით მოგვექცა იმჟამინდელი ხელისუფლება, დაიქნიეს ჯოხი და გააქრეს ამხელა შენობა. რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, თითქოს რაღაც იმედი გაჩნდა. 2012 წლის დეკემბერში ოფიციალური წერილით მივმართეთ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს, თუმცა მათგან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. ალბათ, დროა, კოლექტივი შევთანხმდეთ და ღია წერილით მივმართოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან, როგორც ჩანს, მის გარეშე გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება.
2012 წლის მაისში "ავერსი-ფარმამ" მიმართა სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა, რაზეც ცენტრი დღემდე უარს აცხადებს. ცოტა ხნის წინ კი "ავერსი-ფარმას" ხელმძღვანელობა შეხვდა ე.წ. ინფექციურის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არსებულ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს და აცნობა, რომ შეასრულა სახელმწიფოს მიმართ აღებული ყველა ვალდებულება და შესაბამისად, ამ დაწესებულებებმა უნდა დატოვონ უკვე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, თუმცა ამის ვადა ახალ მესაკუთრეს ჯერ არ დაუთქვამს.
რატომ არის მნიშვნელოვანი სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად არსებობა?
მალვინა ჯავახაძე: - სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის უნიკალურობა სეფსისის მკურნალობის განსაკუთრებულ მეთოდებში კი არა, პაციენტთა დახმარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფაშია. სეფსისის ცენტრის შექმნამდე პაციენტები გაბნეული იყვნენ სხვადასხვა საავადმყოფოში და იმჟამინდელი სტატისტიკური მონაცემებით, ლეტალობა 64%-ს შეადგენდა. ცენტრის შექმნისა და ამოქმედების შემდეგ კი ქვეყანაში თერაპიული სეფსისით დაავადებულ პაციენტთა სიკვდილიანობა 64-დან 5%-მდე შემცირდა. სეფსისი არის მძიმე, პოლიორგანული დაავადება, როდესაც ერთნაირი ალბათობით არის დაზიანებული ყველა ორგანო. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ყველა სპეციალობის ექიმის სასწრაფოდ მობილიზება, რადგან ამ დაავადებისას უმნიშვნელოვანესია სწორედ დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ხშირად ყველაფერს წუთები წყვეტს. სწორედ კონსოლიდაციით მოხდა ამ პრობლემის დაძლევა. დღესაც მსოფლიოში ძალიან ბევრია სეფსისით გარდაცვალების შემთხვევა, რამაც ამგვარი ცენტრების შექმნის აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში. გამოდის, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილმა ამ ცენტრის შექმნით რამდენიმე ათეული წლით გაუსწრო მსოფლიოს. ჩვენი ცენტრის მაგალითზე საბჭოთა კავშირში 16-მდე ასეთი პროფილის კლინიკა შეიქმნა. დღესაც ფუნქციობს ამგვარი ცენტრები უკრაინასა და ბელორუსში. ეროვნული სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა სეფსისით გარდაცვალების შემთხვევებმა. მოზრდილთა შორის 2010 წელს 2000 წელთან შედარებით ხუთჯერ მოიმატა სეფსისის შემთხვევების რაოდენობამ. ლეტალურობის შემთხვევები კი 12-დან 28%-მდე გაიზარდა. 1-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ლეტალობის შემთხვევები ათწლიან პერიოდში გაიზარდა 6-დან 26%-მდე. განსაკუთრებით გართულდა ვითარება ბოლო სამი წლის განმავლობაში.
სეფსისით დაავადებულ პაციენტებზე თუ რამ სახელმწიფო პროგრამა იყო, ყველა მუშაობდა ჩვენთან, ვიდრე ეს ცენტრი ნორმალურად ფუნქციობდა, მას შემდეგ, რაც ტენდერების გამოცხადება დაიწყო, ობიექტური თუ არაობიექტური მიზეზებით ჩვენმა ცენტრმა ვერ დააკამყოფილა გამოცხადებული პირობები. აქ ლაპარაკია სამედიცინო აღჭურვილობასა და ტექნიკურ მხარეზე და არა - მედპერსონალზე. შესაბამისად, ტენდერში გაიმარჯვა სხვა, უფრო მოდერნიზებულმა კლინიკამ. იმ კლინიკის სტასტისტიკური მონაცემით, 2010 წელს სეფსისის ათი შემთხვევიდან ცხრა სიკვდილით დასრულდა, მაშინ, როდესაც ჩვენთან ლეტალობის შემთხვევები კვლავაც 5%-ია.
სულიკო კოსიაშვილი: - სეფსისის ცენტრის არსებობა განაპირობებს მაღალკვალიფიციური მედპერსონალის ჩამოყალიბება-აღზრდასაც. თუ ცენტრი არ იარსებებს, უკვე შექმნილი სკოლა დაიკარგება. ამგვარი ცენტრი ერთადერთია, შესაბამისად, ის შეგვიძლია ვაქციოთ რეგიონული მნიშვნელობის ცენტრად. ამის ნაცვლად კი წლების განმავლობაში ხდებოდა ამ ცენტრის მიზანმიმართული ჩაგვრა. ამასთანავე, ბოლო წლების განმავლობაში, 2008 წლის ომის შემდეგაც კი, არაერთი პაციენტი გვყავდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან. შესაძლოა ამ თვალსაზრისითაც დიდი როლი ითამაშოს ჩვენმა ცენტრმა. წარმოუდგენელია, ჩვენთან სეფსისის ცენტრი არსებობდეს და რომელიღაც კლინიკა სეფსისით დაავადებულ პაციენტს გზავნიდეს თურქეთში.
ეს ან საქმეში ჩაუხედაობაა, ან ჩვენი მიზანმიმართული უგულებელყოფა. სამწუხაროდ, თურქეთში გადაყვანილი პაციენტი გარდაიცვალა. განა ჩვეთან არ არის გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ როდესაც პაციენტი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, მისი ტრანსპორტირება, გზაში დროის ხარჯვა კიდევ უფრო ართულებს ავადმყოფის მდგომარეობას და განაპირობებს მის სიკვდილს. 2009 წელს გამართულ აუქციონში, ერთი მხრივ, მონაწილეობდა სახელმწიფო, მეორე მხრივ, "ავერსი-ფარმა". როგორც დღეს ირკვევა, "ავერსმა" შეასრულა აუქციონის პირობები, მაგრამ სახელმწიფოს თავისი ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, პასუხი უნდა მოეთხოვოს სწორედ სახელმწიფოს, კერძოდ კი - ეკონომიკის სამინისტროს. სწორედ მის მიმართაა სარჩელი აღსაძვრელი: რატომ განულდა თავის დროზე ცენტრის ხუთსართულიანი შენობა? რატომ გაიყიდა ჩვენგან ფარულად მხოლოდ მიწის ფასად, იქნებ ეს განულებული შენობა ჩვენვე გვეყიდა? რატომ არ უზრუნველყო სახელმწიფომ ამ ხუთი წლის განმავლობაში ცალკე შენობის აგება?
რა ბედი ელის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრს? ამის გარკვევა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ვცადეთ:
დავით სერგიენკო: - ე.წ. ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განხორციელდა რამდენიმე ნაბიჯიანი პრივატიზაცია-გასხვისება და ვადებულებების დაბრუნება-გადანაწილება. ამ რამდენიმე ნაბიჯიან სერიაში სადღაც ჩაიკარგა ის ვალდებულება, რაც თავდაპირველად იყო, ანუ ამ ტერიტორიის შეძენის სამაგიეროდ მყიდველს უნდა აეშენებინა ახალი კლინიკა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ ინფექციურის ტერიტორიაზე არც ერთ საავადმყოფოს საფრთხე არ შეექმნება. დეკემბერში შექმნილი სამთავრობო კომისია სწავლობს ამ საკითხს და ძალიან მალე მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ამ დაწესებულებებს ელის ბევრად უკეთესი ინფრასტრუქტურული მომავალი, ვიდრე აქამდე ჰქონდა. თუ მყიდველმა მოითხოვა წლის განმავლობაში ამ ტერიტორიის გათავისუფლება, ჩვენ ასევე გვაქვს იმის სარეზერვო გეგმა, რომ ალტერნატიული ინფრასტრუქტრა შევქმნათ.
- რაც შეეხება სეფსისის ცენტრს, რომლის შექმნაც თავის დროზე უნიკალური ფაქტი იყო, რა ბედი ეწევა ამ დაწესებულებას და დარჩება თუ არა ის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად?
- ძალიან მნიშვნელოვანია გავავლოთ მკვეთრი ხაზი წმინდად კლინიკურ საკითხებსა და მმართველობის საკითხებს შორის. ჩემი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა, ვის დაექვემდებარებიან ბუღალტერია და დირექტორი. მთავარია, ამ ერთეულმა, რომლის ფუნქციაც არის გენერალიზებულ ინფექციებთან ბრძოლა, იმუშაოს ეფექტიანად. სწორი ორგანიზაციის შემთხვევაში უმნიშვნელოა, ცალკე ერთეულად იქნება ეს ცენტრი თუ სხვის დაქვემდებარებაში. ეს არ არის თემა, რომელშიც ჩვენ უნდა ჩავერიოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ იმ სტრუქტურამ, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა სეფსისის პრობლემას, მუშაობა გამართულად განაგრძოს.
ნათია დოლიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)