ბექა გოჩიაშვილი შეყვარებულია

ბექა გოჩიაშვილი შეყვარებულია

არ ვიცი, რა ვუწოდო ან როგორ დავახასიათო, შესავალი როგორ დავწერო ისე, რომ გადმოვცე, გაგიზიაროთ ბექა გოჩიაშვილზე შექმნილი წარმოდგენა. თექვსმეტი წლისაა, თუმცა დაბადების მოწმობა უნდა ნახო, ეს რომ დაიჯერო. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა, თანამედროვედ მოაზროვნე, ცხოვრებისადმი ჩამოყალიბებული აზრების მქონე, მიზანდასახული პიროვნებაა, იცის, ვინ არის, რა უნდა და როგორ მიაღწიოს საწადელს. ბექას თბილისში ვესტუმრეთ, წინა ღამით ჩამოვიდა საქართველოში და რამდენიმე დღეში უკან ბრუნდება, მისი ჩამოსვლით აღფრთოვანებული ოჯახის წევრები, მონატრებულ შვილს, ძმას, შვილიშვილს სიყვარულით სავსე თვალებით შესცქერიან, მათ მზერაში სიამაყე და მონატრების სევდა ერთდროულად ჩანს. ინტერვიუს გაფაციცებით უსმენენ, ზოგს ცრემლი ერევა, ზოგი გარინდებული უსმენს და გულში ფიქრობს: "ეს ჩემი შვილია, ეს ჩემი სიამაყეა, ჩვენი მომავალია..." ზოგს უბრალოდ, თამაში უნდა და სულ არ აინტერესებს ბექას ცხოვრების ისტორია, როგორ უსმენდა ჯარეტს ოთხი წლის ასაკში და რა მოხდება, თუ მას "გრემზე" წარადგენენ...

მუსიკა დაბადებისთანავე შეიყვარა - მის მშობლებს ერთმანეთი უყვარდათ და კიდევ ჯაზი. რაც უნდა საოცრად ჟღერდეს, სამი წლისა ტრადიციულ ჯაზს სიამოვნებით უსმენდა, ოსკარ პირესონი, ქეით ჯარეტი და კიდევ სხვა ისეთი შემსრულებლები, რომლებსაც შეუძლებელია ოთხი წლის ასაკში უსმენდე, თუ განსაკუთრებული არ ხარ, თუ მუსიკალურ სამყაროში აღმოჩენა არ ხარ ან თუ ბექა არ ხარ, გოჩიაშვილი... თვითონ ჰყვება ბავშვობაზე, რომ ჩვეულებრივი და გამორჩეული არავისგან ყოფილა, თამაშობდა მანქანებით, როცა მოჰბეზრდებოდა, უკრავდა ან მუსიკას უსმენდა. ერთხელ, მამამ სინთეზატორი იყიდა, ბექამ მისი ყუთი აიღო, ის ნაწილი, სადაც ელექტროპიანინო ეხატა, მაკრატლით გამოჭრა და თამაში დაიწყო, წარმოიდგენდა, რომ მისი პატარა თითები კლავიშებს ეხებოდა. ასე "უკრავდა" საათობით. ფეხბურთი უყვარს, ბავშვობაში თამაში უყვარდა, ახლა, როცა დრო არ აქვს, გულშემატკივრობას სჯერდება ხოლმე... ცოტა რომ წამოიზარდა, უბანში ბიჭებთან "ბირჟაობდა", ზოგჯერ გაკვეთილებსაც აცდენდა. ეს ყველაფერი ბავშვობის ნაწილი იყო, რომელიც უკან დარჩა... მიუხედავად იმისა, რომ ბექა თბილისში დაიბადა და გაიზარდა, წარმოშობით კახელია და ამით ამაყობს. მისი კუთხის კულტურა და ტრადიციები მისთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასია.

სკოლაში რომ შეიყვანეს, უკვე ჯაზს უკრავდა. პირველი კლასის პირველი დღე ახსოვს, იქაურობა არ მოეწონა. მერე ყველაფერს შეეჩვია, თან სკოლაში ხელს უწყობდნენ, რომ მუსიკაზე ევლო - იცოდნენ მისი გამორჩეული ნიჭის ამბავი. ცდილობდა, კლასელებთან მუსიკაზე არ ესაუბრა და არ დაეფიქსირებინა, რომ ის განსხვავებულია, იცოდა, აზრი არ ჰქონდა 6-7 კლასის ბავშვებთან ჯარეტის გენიოსობაზე ლაპარაკს - მათთან ძმაკაცობდა, ფეხბურთს თამაშობდა, ერთობოდა... მასწავლებლებთან ურთიერთობას უფრო მეგობრობას დაარქმევდა. ექვსი წლისა ზურა რამიშვილთან მიიყვანეს, რომელმაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი რჩევით, ბექა კლასიკურ მუსიკაზე შეიყვანეს და სამი წელი სწავლობდა, კლასიკური მუსიკის სიღრმეებს სწვდებოდა. სამი წლის შემდეგ ისევ ზურასთან მივიდა და სწორედ მაშინ დაიწყო მათი მეგობრული და საინტერესო ურთიერთობა. ზურასგან ბევრი რამ ისწავლა, ძალიან ბევრი... ცამეტი წლის ბექა ზურასთან ერთად ნიუ-იორკს ესტუმრა. იგრძნო, რომ ეს ქალაქი მსოფლიო ჯაზის დედაქალაქია. თავიდან ბერკლის უნივერსიტეტში სწავლაზე ფიქრობდა, თუმცა შემდეგ გაიგეს, რომ ჯულიარდში ნონა შენგელაია პრესტიჟულ თანამდებობაზე მუშაობდა და ამან გადააწყვეტინა ჯულიარდში მისვლა. ბექამ იქ ჩააბარა და სწავლაც დაიწყო. თავიდან მამასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა მამას წამოსვლამ მოუწია, ბექას ძმა სულ ერთი თვის იყო, ყველას უჭირდა განშორება, დედასაც, ბექასაც... მამას საქართველოში დაბრუნება უწევდა, ბექა კი მარტო უნდა დარჩენილიყო. ეს ამბავი გაიგეს ნონამ და მისმა მეუღლემ, გია შენგელაიამ და ბექა საკუთარ სახლში მიიწვიეს, შვილივით მიიღეს და ოჯახური სითბო აჩვენეს. ამ ადამიანებმა ბექას პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს, ბევრი რამ სხვანაირად, თითქოს სხვა რაკურსით დაანახვეს. საქართველოს ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკა რურუაც ძალიან დაეხმარა, მასთან შეხვედრაც მეგობრული და საინტერესო იყო, ბევრ რამეში შეუწყო ხელი. მათ რომ არ შეხვედროდა, ზურა რამიშვილი რომ არ გაეცნო, ამერიკაში ვერ წავიდოდა და ვერც გია და ნონა შენგელაიებს გაიცნობდა - ვინ იქნებოდა ამ ყველაფრის გარეშე ბექა გოჩიაშვილი? ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, მუსიკოსი არ იქნებოდა, შესაძლოა, ქუჩის ძველბიჭობიდან ვერც გამოსულიყო ან თუნდაც... ამაზე ფიქრს სასწრაფოდ წყვეტს, ამის წარმოდგენაც კი არ უნდა...

ბექა 16 წლისაა, სჯერა სიმართლის, სიკეთის და კიდევ იმის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მის ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდება. მუსიკალური ცხოვრება დღიური არაა, რომ ჩაწერო - აი, ეს მიზანი ამიხდა, ეს ოცნება ვერ ამიხდა და გადახაზო. ბექა მიჰყვება იმას, რასაც საჭიროება მოითხოვს, საითაც მიჰყავს იმ რჩევებს, რომელსაც კომპეტენტური ადამიანები აძლევენ. ცხოვრებას ხომ ბევრი გზა აქვს, ერთს აირჩევ და თუ მიხვდები, რომ არასწორი იყო, უკან დაბრუნდები და სხვას გაჰყვები. ამითაა საინტერესო აწმყოში არსებობა. ბექა დარწმუნებულია, რომ ოცნებები აუცილებლად აუხდება, თუმცა არა თავისით, ამისთვის ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. "მე ჩიკორეასთან დაკვრა მინდოდა ძალიან, შინ რომ წამოვწოლილიყავი და ამაზე მეფიქრა, ჩიკორეა არასდროს დამირეკავდა და არ მეტყოდა, მოდი, ბექა, ერთად დავუკრათო... ამ დიდი სურვილის ასასრულებლად ბევრი რამ გავაკეთე, თან არა ხელოვნურად, მე ჩემს გზაზე მივდიოდი და უბრალოდ, მოხდა, რომ ერთხელაც ერთად დავუკარით".

კონკურენცია ძალიან დიდია, არა მარტო მუსიკაში, ზოგადად ყველა საქმესა და სფეროში, ამაზე არავინ დაობს, უბრალოდ, ბექას აზრით, ყველა ადამიანის ყველაზე დიდი კონკურენტი საკუთარი თავია. "შენს თავს უნდა აჯობო, დაამარცხო და იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინა, რომ შეძლებდი"... წარმატება მოვა, თუკი საკუთარი თავით და მიღწეულით არ დაკმაყოფილდები, თუ "თავში არ აგივარდება" და მუდმივად საკუთარი თავის განვითარებაზე იფიქრებ. ბექას დამოკიდებულება ასეთია: "რომ არ ვიყო დარწმუნებული, 2012 წლის ფესტივალზე უკეთ 2013 წელს დავუკრავ, მაშინ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას აზრი არ აქვს..." ბექას ალბომი "გრემზე" წარსადგენად განიხილება, ესეც წარმატებაა, ჩიკორეასთან დაკვრაც წარმატებაა, მონტროში რომ გაიმარჯვა, ისიც წარმატებაა, ჯულიარდში რომ სწავლობს, ისიც... მაგრამ ზოგადად წარმატება ერთია - "ვინ ხარ და რისი გაკეთება შეგიძლია", - ასე ფიქრობს 16 წლის ბექა გოჩიაშვილი. მისი ოცნება და მიზანია, არ დაკარგოს განვითარების უნარი, განვითარდეს არა მარტო პროფესიულად, არამედ პიროვნულად...

სიყვარული... ბექა შეყვარებულია და ეს ამოუხსნელი, საინტერესო და ღვთაებრივი მდგომარეობაა. ნინიკო მისი ქალღმერთია, ადამიანი, რომელიც იმის მუზას გაძლევს, რომ რომანტიკული მუსიკა დაგაწერინოს. მას მიუძღვნა წყნარი და ლამაზი მუსიკა. ურთიერთობა იმაზე მეტია, ვიდრე შეფასება. "ბექას შეყვარებული ჰყავს", ნინიკო არაჩვეულებრივი ადამიანია და ბექა ბედნიერია, რომ მას ასეთი საჩუქარი აჩუქა ღმერთმა. დაბადებიდან შეყვარებულია, უბრალოდ, დღეს კონკრეტულ ადამიანზე... მომავალზე საუბარი არ უყვარს, არც უნდა, ცხოვრობს და მიჰყვება გზას ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, სად მიდის ეს გზა, ჯერ არავინ იცის.

ქეთი მიქანაძე

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"