ირმა სოხაძე: "ეს ის თაობაა, რომელიც რუსეთის ზიზღში გაიზარდა"

ირმა სოხაძე: "ეს ის თაობაა, რომელიც რუსეთის ზიზღში გაიზარდა"

ქართულ-რუსული ურთიერთობის დათბობაზე და ამით გამოწვეულ შესაძლო საშიშროებაზე ბოლო დროს ხშირად გველაპარაკებიან ტელეეკრანიდან. ცოტა ხნის წინ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" და გადაცემა "აქცენტებმა" სტუდიაში სხვა სტუმრებთან ერთად ირმა სოხაძე, მიშა მშვილდაძე, ჯემალ სეფიაშვილი მიიწვია. გადაცემა მთლიანად მიეძღვნა კულტურის მოღვაწეთა შეხვედრას, რომელზეც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ამ ურთიერთობებში კულტურის მოღვაწეთა როლი განიხილებოდა. გადაცემის წამყვანმა ეკა კვესიტაძემ და მიშა მშვილდაძემ ლამის სამშობლოს მოღალატეებად შერაცხეს ქალბატონი ირმა და ბატონი ჯემალი. ჩვენ ირმა სოხაძეს დავუკავშირდით და ზემოთ ხსენებულ ღონისძიებაზე გავესაუბრეთ.

- ქალბატონო ირმა, რა შეხვედრა იყო ეს და რატომ მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი?

- მე ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟმა, ლაშა ამირეჯიბმა დამირეკა და მთხოვა, ამ საღამოზე მივსულიყავი. საოცარ პატივს ვცემ მათ ოჯახს, რომ მითხრა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებაზე და ამ ურთიერთობების გზების ძიებაზე ვისაუბრებთო, არც დავფიქრებულვარ. ძალიან მინდა, მკვდარი წერტილიდან დაიძრას საკითხი და ჩვენ, კულტურის მოღვაწეებმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამაში. ერთადერთი კითხვა, რომელიც დავსვი, იყო შემდეგი, ხომ არ იქნებიან პოლიტიკური პარტიები. მივიღე პასუხი, რომ მხოლოდ ხელოვანები იკრიბებოდნენ. რასაკვირველია, მივედი პოზიტიურად განწყობილი და არც მიმაჩნია, რომ იქ რაიმე საშინელი მოხდა.

- როგორც გაირკვა, საღამო ევრაზიის ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული...

- სიტყვა ევრაზია ისეთ ფობიებს არ იწვევს ჩემში, როგორსაც გარკვეულ კატეგორიაში. მე თვითონ ევრაზიის ტელეაკადემიის ტელეაკადემიკოსი გახლავართ.

ჩვენ ჩვენი კურსი გვაქვს. ნელა, მაგრამ მკაცრად განსაზღვრულად მივდივართ წინ, დასავლეთისკენ. თუ მიგვიღო ამ დასავლეთმა, კარგი იქნება, ოღონდ ჯერ ვერ ხერხდება ეს ამბავი. ეს ჩემთვის არ გამორიცხავს მეზობლებთან კარგ ურთიერთობას, არ გულისხმობს ომსა და ჩხუბს მათთან. საერთოდ, ერთი მარტივი აზრი მაქვს, შექმნილი სიტუაცია ვის აზარალებს ყველაზე მეტად, რუსეთს?! - მგონი ჩემს ქვეყანას და ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს აზარალებს, ამიტომ ჩვენვე უნდა ვეძებოთ გამოსავალი და არა რუსებმა ან დასავლეთმა. თქვენი პრობლემები თავად მოაგვარეთო, არაერთგზის გვითხრა დასავლეთმა, ამიტომ ყველაზე ცუდი უმოქმედობა მგონია, ასევე მუქარა, ლანძღვა და ომის რიტორიკა და იმის ილუზია, რომ ომით მოვერევით რუსეთს და გავყრით მათ ჯარს. შეიძლება ვცდები, შეიძლება ისტორიამ მეც და ჩემს პოზიციაზე მდგომი სხვა ადამიანებიც გაგვამტყუნოს, მაგრამ დღეს მგონია, რომ ყველა შესაძლო გზა უნდა ვეძებოთ ურთიერთობის დასათბობად.

- ვინ იყვნენ კიდევ იმ ღონისძიებაზე, როგორი სიტუაცია იყო, რაზე საუბრობდით?

- რა საჭიროა ამ ღონისძიებაზე ამდენი ლაპარაკი? ღონისძიება იყო მხოლოდ საბაბი, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვედროდით და დაგვეწყო ამაზე საუბარი. ამ ღონისძიებამდე მე უკვე ორჯერ ვიყავი მოსკოვში - დეკემბერსა და იანვარში. მანამდე ხუთი წელი ფეხი არ ჩამიდგამს. წავედი იმიტომ, რომ მივხვდი, არსებობს ამ ურთიერთობების დათბობის სახელმწიფო მზაობა, ხალხის მზაობაც, რომ გამთლიანდეს. საღამოს რაც შეეხება, იყვნენ კულტურის მოღვაწენი, ხელოვანები, მწერლები. ზოგიერთ მათგანს არც ვიცნობდი. შეხვედრა იყო საბაბი, რომ ჩვენი აზრი გამოგვეთქვა. არ არის იმის დრო, რომ კიდევ გავებუტოთ რუსეთს. ისიც ილუზიაა, რომ დღეს თუ დავიწყებთ ლაპარაკს, ხვალ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, იქნებ მივაღწიოთ მიზანს. ჩვენ ჩვენი კარიერისთვის არ ვაკეთებთ ამას. ეს რომ მნდომოდა, რუსეთში უფრო ადრე წავიდოდი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არსად მაჩენდნენ და ყველგან ვიბლოკებოდი ხუთი წლის განმავლობაში.

- დღეს ანსამბლ "ერისიონსაც" აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ნაბიჯი გადადგა ოკუპანტისკენ...

- მე არ ვაკრიტიკებ. მიმაჩნია, რომ ყველა მართალია, ვინც ამ კუთხით ნაბიჯს დგამს. არ შეიძლება ასეთი დამსახურების მქონე ანსამბლი, როგორიც "ერისიონია", ასე გასვარო ლაფში!

- როგორ გგონიათ, რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი, რაც გადაცემაში "აქცენტები" ვნახეთ?

- სიმართლე გითხრათ, მეტ აგრესიას ველოდი. გამოიწვია იმან, რაც მე ვუთხარი ქალბატონ ეკას, გადაცემის წამყვანს და მიშა მშვილდაძეს, ჩემს თანასტუმარს. აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ ეს თაობა გაიზარდა რუსეთის ზიზღში, ეს წინა მთავრობის დამსახურებაა. კი ბატონო, ოკუპანტია რუსეთი, ამაზე არ ვდაობთ, მაგრამ ომი არაფერს გვარგებს. უნდა გამოვიდეთ ილუზიიდან, რომ ომით მოვერევით ვინმეს და მით უფრო რუსეთს. არც მე მინდა 20-40 წელი იმის ლოდინი, როდის დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, მირჩევნია ხვალვე გამოვიდეს ჩვენი სახელოვანი არმია და გაყაროს დამპყრობელი, მაგრამ ეს ხომ წარმოუდგენელია. ილუზიებში არ უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა, თუნდაც არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, წყნარად ავუხსნათ, რაში არ ვეთანხმებით. არ შემიძლია იმ რიტორიკის ატანა და მოსმენა, რაც დღეს ამ თაობას აქვს ჩვენ მიმართ და რაც ჰქონდა მთელი ცხრა წელი, რომ ჩვენ ვიყავით ვერა-ვაკის წითელი, ჩარეცხილი ინტელიგენცია. მიუხედავად ამისა, არ ვეჩხუბები არავის. წყნარად ვუხსნი, რომ ასე არ არის, ვურჩევ, ცოტა მეტად დაუფიქრდნენ საკუთარ განცხადებებს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"