ე.წ. სანაიას კასეტის ესპანური საიდუმლო

ე.წ. სანაიას კასეტის ესპანური საიდუმლო

"გიორგიმ მაშინვე დამირეკა ("კურიერის" შემდეგ. - ავტ.). ვუთხარი, თუ გაინტერესებს, რა ხდება პანკისში, ჩამოდი და ყველაფერს შენი თვალით ნახავ-მეთქი. ახლო მომავალში ჩამოსვლას ვერ მოვახერხებო. მაშინ შევპირდი, რომ გავუგზავნიდი კასეტას, რომელშიც ყველაფერი იყო ასახული, რაც პანკისელებს უპირისპირებდა პოლიციას და ხელისუფლების დიდჩინოსნებს".

ვეფხია მარგოშვილი, გაზ. "ახალი 7 დღე", 2001 წ.

"კასეტა ნამდვილად გადავეცი გიორგის. თუ სანაიას მკვლელობის გამოძიება დაიწყება, მზად ვარ ჩვენების მისაცემად. ერთს ვიტყვი: კასეტა ნანახი მაქვს. იმ პერიოდში ჩემთან მოვიდა გამომძიებელი და მითხრა, - ჯობია თქვათ, რომ კასეტა არ გინახავთო. ალბათ, ეს ჩემი უსაფრთხოებისთვის მითხრა.”

ელენე თევდორაძე, გაზ. "ყველა სიახლე", 2013 წ.

"საკანში "გრიცკოს" (გიორგი ხურცილავას. - ავტ.) ვეუბნებოდი, ამოიღე ის ფული, მკვლელობის საკუთარ თავზე აღებისთვის რომ გადაგიხადეს და საჭმელი შემოატანინე ვინმეს, თორემ სანამ გახვალ, მიწაში ჩაგილპება-მეთქი. "გრიცკო" ხვდებოდა, ვიცოდით, სანაია რომ არ მოუკლავს, თუმცა ამაზე სიტყვა არ დაუძრავს. ჟურნალისტის სიკვდილს ვიდეოკასეტას უკავშირებდნენ. ამბობდნენ, კასეტაზე ნარკობარონებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების შეხვედრაა გადაღებულიო. ის კასეტა ნანახი მაქვს - ერთი ცნობილი პირის ვაჟი ლაპარაკობს ნიღაბჩამოცმული."

მუსა ბაღაკაშვილი, გროზნო, 2011 წ.

2001 წლის 27 ივლისს თბილისში ხმა გავარდა, - გიორგი სანაია მოკლესო. იმხანად ყველაზე პოპულარული ჟურნალისტის მკვლელობა ქვეყანაში სახალხო მღელვარების მიზეზი გახდა. როგორც ამბობენ, სწორედ სანაიას მკვლელობა გახდა შევარდნაძის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი...

იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ძალოვანი სტრუქტურები მკაცრად გააფრთხილა - საქმის უმოკლეს დროში გამოძიება და დამნაშავეთა სამაგალითო დასჯა” მოითხოვა.

გიორგი სანაია საკუთარ სახლში 2001 წლის 26 ივლისის ღამეს მოკლეს. სამართალდამცავებმა მალე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვინმე დავით გელაშვილი დააკავეს. წაყენებული ბრალდება იმდენად უსუსური იყო, რომ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს კიდეც. 2001 წლის დეკემბერში ძალოვანებმა დააკავეს ყოფილი პოლიციელი გიორგი ხურცილავა, მეტსახელად "გრიცკო", რომელმაც მოულოდნელად ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, 2001 წლის 26 ივლისს, ღამის "კურიერის" დამთავრების შემდეგ, გიორგი სანაია გმირთა მოედანზე გიორგი ხურცილავას შეხვდა და ლუდზე დაპატიჟა, შემდეგ სანაიასთან წავიდნენ სახლში. როგორც ხურცილავა აცხადებდა, მასპინძელთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა, რის გამოც ის მოკლა. მკვლელობის ამ მოტივის დაჯერება საზოგადოებას ძალიან გაუჭირდა.

სანამ გამოძიება სანაიას მკვლელობის საქმის შეკერვაზე ფიქრობდა, მედიაში ვრცელდებოდა განცხადებები სანაიას მკვლელობის პოლიტიკური სარჩულის შესახებ. მოულოდნელად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ გააკეთა განცხადება, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მკვლელობის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ვიდეოკასეტა, რომელიც სანაიას პანკისიდან ადგილობრივმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა ვეფხია მარგოშვილმა გამოუგზავნა...

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე "კურიერში" პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ მორიგი სიუჟეტის გასვლისას, გიორგი სანაიას პირდაპირ ეთერში ვეფხია მარგოშვილი ჩაერთო, რომელმაც სამართალდამცავებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ბრალი დასდო ხეობაში სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში. მეტი დამაჯერებლობისთვის მან ჟურნალისტს ხეობაში მისვლა და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა შესთავაზა. გარდა ამისა, მოგვიანებით დაჰპირდა, რომ ელენე თევდორაძის ხელით მას გადასცემდა ვიდეოკასეტას, რომელზეც ნარკობარონებისა და ქართველ სამართალდამცავთა მორიგი "საქმიანი" შეხვედრა იყო აღბეჭდილი. როგორც მოგვიანებით ელენე თევდორაძე აცხადებდა, მან მართლაც ჩამოიტანა კასეტის ერთი ასლი და გიორგი სანაიას პარლამენტში შეხვედრისას გადასცა. ამ ვიდეოკასეტას გამოძიებამ რატომღაც ვეღარ მიაგნო. გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში გამოჩნდა მოულოდნელი მოწმე, პურის გამყიდველი ნათელა ქართველიშვილი, რომელიც იხსენებდა, რომ მკვლელობის ღამეს გიორგის ბინაში შუქი რამდენჯერმე აინთო. ამ დროს გიორგის ცოლ-შვილი ბაკურიანში იყო, თავად გიორგი კი ტელევიზიაში (ამბობენ, მკვლელი ამ დროს სწორედ ვიდეოკასეტას ეძებდაო). სავარაუდოდ, დამნაშავემ კარი გააღო გასაღებით, რომელიც გიორგიმ რამდენიმე დღით ადრე დაკარგა. ის ხურცილავას დაკავების შემდეგ იპოვა პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ სკვერში(?!).

გიორგი სანაიას მკვლელობიდან თითქმის 12 წელი გავიდა, თუმცა საზოგადოების ინტერესი მის მიმართ არ განელებულა - დღემდე ეძებს პასუხს, რა იყო იმ საბედისწერო ვიდეოკასეტაში, რომელიც შეიძლება ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობის გასაღებიც გამხდარიყო. ვიდეოკასეტის შინაარსის შესახებ ბევრი ვერსია არის ცნობილი საზოგადოებისთვის, თუმცა არსებობს კიდევ ერთი, რომელიც მხოლოდ ქართულ კრიმინალურ სამყაროში იყო გავრცელებული და ეს ერთგვარად უკავშირდება ერთ ცნობილ გატაცებას.

2000 წლის დეკემბერში თბილისში კახეთის გზატკეცილიდან შეიარაღებულმა უცნობმა პირებმა ესპანელი ბიზნესმენები ანტონიო-ხოსე ტრინოლიოსი და ფრანჩესკო როდრიგესი გაიტაცეს. საყურადღებოა, რომ ესპანელებს შეიარაღებული დაცვის პოლიციელი აცილებდათ, თუმცა გამტაცებლებს მისთვის ხელი არ უხლიათ(?!) (რაც მსგავს შემთხვევებში თითქმის წარმოუდგენელია - მოწმეს თუ არ კლავენ, თან მიჰყავთ). გარდა ამისა, გამცილებელს მომხდარის შესახებ ოპერატიულად უნდა ეცნობებინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომელსაც შეეძლო, დაუყოვნებლივ გადაეკეტა გზები, მათ შორის თბილისის გასასვლელებიც. გატაცებული ბიზნესმენები ისე აღმოჩნდნენ თბილისიდან 250 კილომეტრში პანკისის ხეობაში, რომ ეს ამბავი რატომღაც არავის გაუგია(?!).

იხილეთ სტატიის სრული ვარსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ