სანდრო თვალჭრელიძე: "კოტე კუბლაშვილი იუსტიციის საბჭოს ჩამოშორდება"

სანდრო თვალჭრელიძე: "კოტე კუბლაშვილი იუსტიციის საბჭოს ჩამოშორდება"

გასული კვირა კოჰაბიტაციური იყო. ბიძინა ივანიშვილი ჯერ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს. პარლამენტში, გაგიკვირდებათ და, "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალებმა" შეძლეს პოზიციების შეჯერება რეზოლუციაზე, რომელიც საგარეო კურსის ძირითად პრინციპებს ეხება. შუალედებში კი იყო პროკურატურის ახალი უმძიმესი ბრალდებები ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ და მათი უარი დაკითხვაზე გამოცხადებაზე - თუმცა ესეც უკვე უცნაური ქართული კოჰაბიტაციის ნაწილი გახდა. თუმცა, შედარებით მშვიდი კვირის მიუხედავად, საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ "საგაზაფხულო გამწვავება" ჯერ წინ არის. კერძოდ, "ქართულ ოცნებას" "ნაციონალებისგან" არ მიუღია საბოლოო პასუხი, დაუჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ისევე, როგორც "ნაციონალებმა" ჯერ ვერ მიიღეს ხელშეუხებლობის გარანტია ფინანსურ თუ საჯარო მოხელეთა ამნისტიის სახით. საზოგადოების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ გამწვავება უკვე ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" თანდათან სუსტდება და ახალი ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნის უნარი აღარ აქვს. მეორე ვერსიას ემხრობა ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, რომლის აზრით,

- ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას საინტერესო და პოზიტიური განვითარება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრემიერი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერ იმას, რაც დაგეგმილი იყო სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით, ნელ-ნელა ახორციელებს. კოტე კუბლაშვილი კი იუსტიციის საბჭოს ჩამოშორდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის გაგრძელებაა. ძალიან პოზიტიურ ნაბიჯად მიმაჩნია, პარლამენტის მიერ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება, რომელსაც მხარი დაუჭირა როგორც უმრავლესობამ, ისე უმცირესობამ. კოჰაბიტაცია ცივილიზებულ ჩარჩოში მოექცა, რაც ძალიან მომწონს. ასევე, ჩემი აზრით, გავა საკონსტიტუციო ცვლილებები და კანონი "საერთო სასამართლოების" შესახებ. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდის.

- შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთეს როგორც ივანიშვილმა, ისე სააკაშვილმა. სხვათა შორის, პრეზიდენტმა აღნიშნა - თანამდებობაზე მხოლოდ იმ მიზნით ვრჩები, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე შენარჩუნდესო.

- სააკაშვილს თურმე ღამე არ ეძინა და 9 წელი დემოკრატიის განვითარებაზე ფიქრობდა. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მიხეილ სააკაშვილამდე უფრო თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება გვქონდა და ეს საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა მოსპო. ამიტომ მისი მხრიდან დემოკრატიაზე ლაპარაკი ცინიზმია, ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ლაპარაკი ფინანსურ ამნისტიაზე. მოიპარეს ფული და ახლა უნდათ, რომ შერჩეთ.

- პრეზიდენტის აღნიშნული ინიციატივა პარლამენტმა ჩააგდო...

- აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ფინანსურ ამნისტიაზე ლაპარაკი მიუღებელია.

- ზემოთ აღნიშნეთ, რომ კოჰაბიტაცია ცივილიზებულ ჩარჩოებში მოექცა და ყველაფერი კარგად მიდის. როგორ ფიქრობთ, რატომ - სააკაშვილმა ფარ-ხმალი დაყარა თუ სხვა ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა?

- ეს იმიტომ ხდება, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის გავლენა მით უფრო მცირდება. ალბათ, სააკაშვილსაც უდებენ მაგიდაზე საზოგადოების გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალებს" ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ. ამიტომ დღეს სააკაშვილის მთავარი ამოცანაა მშვიდი და უპრობლემო ცხოვრების გარანტიების მიღება და არა ძალაუფლების დაბრუნება.

ამ თვალსაზრისით ძალიან სასაცილო იყო "ნაციონალების" მიერ 19 აპრილის აქციის დაანონსება. ისინი ვერ შეძლებენ იმდენი ხალხის მოგროვებას, რომ აქცია ფართომასშტაბიანად წარმოაჩინონ.

- პარლამენტმა, როგორც აღნიშნეთ, მიიღო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, რომელსაც მხარი უმრავლესობამაც დაუჭირა და უმცირესობამაც. თავიდან იგეგმებოდა, რომ დოკუმენტი ინტერფრაქციულ შეთანხმებად უნდა გაფორმებულიყო და არა რეზოლუციად. თუმცა იმ მოტივით, რომ "ნაციონალებმა" შენიშვნების მომზადება ვერ მოასწრეს, შეთანხმება ჩაიშალა.

- "ნაციონალებმა" ბოლო მომენტში უკან დაიხიეს. თუმცა მათი მთავარი მიზანი იყო, ეჩვენებინათ, რომ რაღაც პოლიტიკურ ძალას კიდევ წარმოადგენენ. უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტში "ნაციონალების" აზრიც გაითვალისწინა, ანუ პატივი სცეს მათ პოზიციას. ეს მისასალმებელია, რადგან ოპოზიციის აზრის გათვალისწინება ყოველთვის პოზიტიურია. უბრალოდ, უნდა გვყავდეს ისეთი ოპოზიცია, რომლის პატივისცემა შესაძლებელია.

- რეზოლუციაში აისახა ის პრინციპები, რომლებსაც "ნაციონალები" ითხოვდნენ. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა - რაღა აზრი აქვს "ნაციონალების" მიერ დაანონსებულ 19 აპრილის აქციას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მათივე თქმით, დასავლური კურსის მხარდაჭერა უნდა ყოფილიყო. თუმცა ისე ჩანს, რომ "ნაციონალები" აქციის გადადებას არ აპირებენ.

- წავიკითხე ნუგზარ წიკლაურის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, აქცია ძალაშია. აქცია დააანონსა მერაბიშვილმა, რომელსაც ზემოხსენებულ პროცესში მონაწილეობა არ აქვს მიღებული. მოკლედ, სახეზე გვაქვს ერთი და იმავე გუნდის სხვადასხვა მიმართულება და რომლის აზრიც გაიმარჯვებს, იმის მიხედვით, აქცია ან იქნება, ან არა. თუმცა მე პირადად აქციის პერსპექტიულობაში ეჭვი მეპარება.

- ისე, ივანიშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა - "ნაციონალებს" იმის ძალაც აღარ აქვთ, მცირემასშტაბიანი აქცია გამართონ და ქუჩებში შეხლა-შემოხლა გამოიწვიონო.

- თუ აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური და ჩიორა თაქთაქიშვილი მარტო გაისეირნებენ, ხალხი დაესევა და გალახავს. მხოლოდ ასე თუ შეძლებენ შეხლა-შემოხლის გამოწვევას. სხვანაირად, რაიმე რეალურის გაკეთების რესურსი მათ არ აქვთ.

- საზოგადოებაში უკვე ისმის კითხვები - ხომ არ უგვიანდება ბიძინა ივანიშვილს ვიზიტი აშშ-ში. ამის საპასუხოდ პრემიერმა განაცხადა, რომ როდესაც შიდა ურთიერთობას დაალაგებს, მხოლოდ ამის შემდეგ გაემგზავრება ვაშინგტონში. რამდენად სწორი მიდგომაა?

- აბსოლუტურად სწორი მიდგომაა. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ვთქვი თქვენთან ინტერვიუში, რომ სანამ ქვეყნის შიგნით არ დალაგდება მდგომარეობა, ამერიკაში ვიზიტი არ უნდა შედგეს. ბიძინა ივანიშვილი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკაში ვიზიტს, რომ უნდა, რაც შეიძლება რაციონალური იყოს ეს ვიზიტი და არ გახდეს ჭორაობის საბაბი. სჯობს, გვიან და კარგად, ვიდრე ადრე და უშედეგოდ.

პრემიერობის პერიოდში სულ ორჯერ თუ სამჯერ მოახერხებს ივანიშვილი ამერიკაში წასვლას და თითოეული ვიზიტი რაც შეიძლება ნაყოფიერად უნდა იქნას გამოყენებული.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა